top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

გარდაიცვალა კარდინალი კამილო რუინი

  • 22 hours ago
  • 2 min read

16 ივნისს, რომის ეპარქიის ყოფილი ვიკარიუსი და იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის (CEI) პრეზიდენტი, კარდინალი კამილო რუინი, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.



კარდინალი კამილო რუინი 1991-დან 2007 წლამდე იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტი, ხოლო 1991-დან 2008 წლამდე, რომის ეპარქიაში მისი უწმინდესობის გენერალური ვიკარიუსი და ლატერანის წმინდა იოანეს ბაზილიკის არქიპრესვიტერი იყო.


კარდინალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, რომის ეპარქიის ვიკარიუსმა, კარდინალმა ბალდასარ რეინამ და საეპისკოპოსო საბჭომ რომის ეპარქიასთან ერთად გაავრცელა. რომის ეპრაქიაში აღნიშნავენ, რომ მადლიერნი არიან რუინის ხანგრძლივი და ნაყოფიერი ქრისტიანული ცხოვრებისთვის და ეკლესიის წინაშე მისი სამსახურისთვის.


„მისმა სამწყსო წინამძღოლობამ 1991 წლიდან 2008 წლამდე ღრმა კვალი დატოვა ქალაქში ქრისტიანთა ყოფნის გააზრებაში, რასაც თან ერთვოდა იტალიის ეკლესიის ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა. ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური გარდამტეხი მომენტების გარჩევაში მახვილი გონებით დაჯილდოებული, იგი ფუნდამენტურად მიიჩნევდა კულტურული ტრადიციების წარმართვას იმ კათოლიკური სიამაყით, რომ ჩვენ ვართ იმ ფასეულობათა მემკვიდრეობის მცველები, რომლებიც არ უნდა დავმალოთ, არამედ უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. ამით იგი ასრულებდა თავის საეპისკოპოსო დევიზს: “Veritas liberabit nos” (ჭეშმარიტება გვათავისუფლებს)“.


წმინდა მამის სამძიმარი

გარდაცვლილ კარდინალს, ლეონ XIV მას იხსენიებს, როგორც „გამოცდილ და ბრძენ ძმას, რომელიც თავმდაბლობითა და თავდადებით ემსახურებოდა სახარებასა და ეკლესიას“. პაპი ასევე ხაზს უსვამს მის ღვაწლს კულტურის სამყაროსთან ნაყოფიერი დიალოგის წარმართვაში. წმინდა მამამ დაკრძალვის წმინდა წირვა 18 ივნისს, 16:30 საათზე, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში აღავლინა.


ლეონ XIV–მ რომის ეპარქიის გენერალურ ვიკარიუსს, კარდინალ ბალდასარე რეინას გაუგზავნა სამძიმრის წერილი, სადაც ნათქვამია:


„კარდინალის გარდაცვალების ამბავი, ჩემში იწვევს ღრმა მწუხარებას უფლისადმი მადლიერებასთან ერთად, ამ პატივსაცემი საეკლესიო მოღვაწის სახით ბოძებული მადლის გამო. მან თავდადებით იცხოვრა ჯერ რეჯო-ემილია-გვასტალას ეპარქიაში, სადაც ასევე დამხმარე ეპისკოპოსი იყო, ხოლო შემდეგ, თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი რომის ეპარქიისა და იტალიის ეკლესიის საკეთილდღეოდ წარმართა“.


თავის გზავნილში ლეონ XIV კარდინალ რეინას, საეპისკოპოსო საბჭოს, ოჯახის წევრებს, რომის სამღვდელოებასა და ყველა მორწმუნეს უცხადებს თანაგრძნობასა და სამძიმარს. კარდინალ რუინისთან დაკავშირებით კი იგი იხსენიებს მის ნაყოფერ მოღვაწეობას იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციისთვის და კულტურის სამყაროსთან ნაყოფიერი დიალოგის წარმართვაში. დასასრულს, პონტიფიკოსი, ქალწული მარიამის შუამდგომლობით შესთხოვს ღმერთს, მიიღოს იგი ზეციერ იერუსალიმში და მთელი გულით უგზავნის სამოციქულო კურთხევას ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას, განსაკუთრებული მადლიერებით მათ მიმართ, ვინც მასზე ზრუნავდა.

 

 შოთა გიქოშვილი

 

 

 

 
 
 

Comments


bottom of page