top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

გვადალუპეს ღვთისმშობელი



ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ინდიელთა ტომის წარმომადგენელს ხუან დიეგოს, პირველად ღვთისმშობელი 1531 წლის 9 დეკემბერს გამოეცხადა. დილით, ადრე, როცა ტლატელოლკოში წმინდა წირვაზე მიდიოდა, მან ვარდისფერ კვართსა და ცისფერ მოსასხამში გამოწყობილი ლამაზი ქალი იხილა. ქალი ხუან დიეგოს წარუდგა, როგორც წმინდა მარიამი, მარად ქალწული, ჭეშმარიტი ღვთის დედა და სთხოვა იმ ადგილზე აეგო სამლოცველო, სადაც მის ძეს მიაგებდნენ პატივს. ასევე დააბარა, რომ ხუანს ეს ამბავი მექსიკის ეკლესიის მესვეურებისათვის გადაეცა.


ხუან დიეგო, რომელიც შემდეგში წმინდანად შერაცხეს - დაახლოებით 1474 წელს კუაუჰლიტლანში, იმდროინდელ მეხიკოს სამეფოში (მექსიკა) დაიბადა. მისი ზედწოდება კუაუჰტლატოაძინი ჩიჩიმეკების ენაზე ნიშნავს „მოლაპარაკე არწივს“ (ის, ვინც არწივის მსგავსად ლაპარაკობს). ხუან დიეგო საერო პირი და ოჯახის მამა იყო. 1524 წელს, 48 წლის ასაკში იგი პირველმა ფრანცისკელმა მისიონერებმა მონათლეს. 1529 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე ლუცია.


ხუანს უბრალო და მოწესრიგებული ცხოვრება ჰქონდა, კეთილი და ღვთისმოშიში ქრისტიანი იყო. თავმდაბალი, მორჩილი და მომთმენი, იქცეოდა სინდისის მიხედვით და სხვებისთვის სამაგალითოდ.


თავდაპირველად, ფრანცისკანელმა მისიონერებმა და ეპისკოპოსმა ხუან დე ზუმარაგამ ხუან დიეგოს არ დაუჯერეს. გამოცხადებები 1531 წლის 12 დეკემბრამდე გაგრძელდა, ღვთისმშობელი ხუანს ეუბნებოდა, რომ მისი სურვილი უმალვე უნდა ყოფილიყო შესრულებული. ხუან დიეგომ ეპისკოპოსის დასარწმუნებლად მარიამს ნიშანი სთხოვა. ღვთისმშობელმა უთხრა, რომ ასულიყო ტეპეიას მთაზე და მისთვის ყვავილები მოეკრიფა, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი იყო და მთა ყინულით იყო დაფარული. ხუან დიეგომ მართლაც ნახა მთაზე ყვავილების დიდი მინდორი.


როდესაც ეპისკოპოსმა ზუმარაგამ გაშალა მოსასხამი, რომელშიც დაკრეფილი ყვავილებით იყო სავსე,მარიამის სახე გამოისახა. უმალვე, მისივე ბრძანებით, მთა ტეპეიაკზე აშენდა პატარა სამლოცველო, რომელიც ინდიელთა, მეტისებისა და ესპანელების მომლოცველობის ადგილი გახდა. იმ ადგილის უმთავრესი ხატი გახდა, ხუან დიეგოს მოსასხამზე სასწაულებრივად გამოსახული ღვთისმშობლის სახე, რომელიც დღემდე არსებობს. ასევე მისი სიყვარულითა და გულმოწყალებით აღსავსე გზავნილი, რომელიც არა მხოლოდ მექსიკელი ხალხისთვის იყო განკუთვნილი, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.


შოთა გიქოშვილი


bottom of page