top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘გვინდა სამოციქულო ადმინისტრაცია ეპარქიად ჩამოყალიბდეს’ – ეპისკოპოსი

„გვინდა პაპს ვთხოვოთ, რომ ჩვენი ადმინისტრაცია ჩამოყალიბდეს ეპარქიად. მინდა გავიგო, გაქვთ თუ არა ამისი სურვილი? რადგანაც მე დავიწყე ამ საკითხის მომზადება და მინდა დავწერო, სინოდური კრების წევრები არიან თუ არა თანახმა, ამიტომ ვისაც სურს, შეუძლია ხელი ასწიოს“, – ასე გააცნო ადმინისტრაციის სურვილი ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ 2023 წლის 9 სექტემბერს, სინოდურ კრებაზე, კათოლიკე სასულიერო და საერო პირებს. კრების ყველა მონაწილე მას ხელის აწევით დაეთანხმა, რომ სურვილი აქვთ საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპარქია ჩამოყალიბდეს.

„ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“ – ასეთია დღეს საქართველოში კათოლიკე ეკლესიის, როგორც საეკლესიო ერთეულის ოფიციალური სახელწოდება. ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს ოფიციალური ტიტული კი, დოკუმენტებში – ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორია. სწორედ ამ ადმინისტრაციის ეპარქიად ჩამოყალიბებაა ეკლესიის სურვილი, თუმცა ცვლილება მხოლოდ სახელწოდების შეცვლას არ გულისხმობს. სახელის ცვლილების უკან მთელი რიგი პოზიტიური საკითხები დგას, რრომლებიც ეკლესიას განვითარებაში დაეხმარება.


საქართველოში ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია 30 წლის წინ, 1993 წელს ჩამოყალიბდა. მაშინ, როცა პაპ იოანე პავლე II–ს გადაწყვეტილებით, საქართველოში გამოიგზავნა პაპის ნუნციუსი, იგივე წმინდა საყდრის დესპანი (ვატიკანის ელჩი) და დაარსდა ნუნციატურა ანუ ვატიკანის საელჩო.


იმ პერიოდში, ნუნციატურა მოიცავდა კავკასიის რეგიონს ანუ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. თუმცა იმის გამო, რომ ამ სამი ქვეყნიდან ყველაზე მეტი ლათინური წესის კათოლიკე საქართველოში ცხოვრობდა, ნუნციატურა თბილისში დაარსდა. დროთა განმავლობაში, ადმინისტრაციას გამოეყო აზერბაიჯანი, სადაც ლათინური წესის კათოლიკეთა რიცხვი ძალიან მცირე იყო.


ამჟამად, ადმინისტრაცია მოიცავს საქართველოსა და სომხეთის ლათინური წესის კათოლიკურ სამრევლოებს.


„საქართველო და სომხეთი ისევ შედის ამ ადმინისტრაციაში და ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო არის საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ლათინური წესის კათოლიკეთა ეპისკოპოსი. თავიდან, როცა სამოციქულო ადმინისტრაცია შეიქმნა, ანუ 1993 წელს, საქართველოში ეპისკოპოსი არ გვყავდა, შესაბამისად, ადმინისტრატორისა და ეპისკოპოსის უფლებამოსილებას ითავსებდა ნუნციუსი. ასე გრძელდებოდა 2000 წლამდე, სანამ 6 იანვარს ჩვენი ამჟამინდელი ეპისკოპოსი არ ეკურთხა. თუმცა რამდენიმე თვით ადრე, 1999 წლის 8–9 ნოემბერს, როდესაც პაპი იოანე პავლე II საქართველოში იმყოფებოდა, მან გამოაცხადა, რომ გენერალური ვიკარი, მამა ჯუზეპე პაზოტო იქნებოდა ეპისკოპოსი. ორ თვეში, იგი ეკურთხა, და 2000 წლიდან ნუნციუსის ფუნქციებს გამოეყო ადმინისტრატორის, ეპისკოპოსის ფუნქცია“, – განმარტავს საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მამა ზურაბ კაკაჩიშვილი.


კითხვაზე, რა განსხვავებაა სამოციქულო ადმინისტრაციასა და ეპარქიას შორის, ეპისკოპოსის ვიკარიუსი მამა გაბრიელე ბრაგანტინი განმარტავს, რომ ადმინისტრაცია, ეპარქიისგან განსხვავებით დამოუკიდებელი ერთეული არაა და იგი პირდაპირ დაქვემდებარებაშია პაპის ტახტთან. ამ შემთხვევაში კი, წმინდა საყდრის სადესპანოსთან.


„თავდაპირველად, საქართველოში სამოციქულო ადმინისტრაცია იმიტომ დაარსდა, რომ იმ პერიოდში, ეკლესიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ძლიერი სტრუქტურა. არ ჰქონდა ყველა საჭიროება, რაც ეპარქიად დაარსებაში დაეხმარებოდა. ეპარქია არის ეკლესიის ისეთი სტრუქტურა, სადაც ‘ღვთის ხალხი’ ერთ რეგიონში ან ერთ ქალაქში ცხოვრობს და ჰყავს თავისი ეპისკოპოსი, თავისი სამღვდელო დასი. აქვს ყველა სტრუქტურა, რაც სჭირდება ფუნქციონირებისთვის ანუ დამოუკიდებელია, ფინანსურად ძლიერია, თავისი გეგმით შეუძლია წარმართოს თავისი ცხოვრება. თუმცა რა თქმა უნდა, თანაზიარებაში უნდა იყოს სხვა ეკლესიებთან. ამიტომ ყოველი ეპარქია შედის რეგიონული ან ნაციონალური ეკლესიის სტრუქტურაში. მაგალითად, იტალიაში ყველა ეპარქია, შედის იტალიის საეპისკოპოსო კონფერენციის სტრუქტურაში. ასევეა საფრანგეთში, ამერიკაში და ა.შ. თუ ჩვენი ეკლესია გახდება ეპარქია, რომელიმე რეგიონულ ან ნაციონალურ კონფერენციას შეუერთდება, თუმცა ჯერ არ ვიცით რომელს, შევა ან თურქეთის ან მცირე აზიის კონფერენციაში, თუმცა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი“, – განმარტავს მამა გაბრიელე ბრაგანტინი.

მამა გაბრიელე ბრაგანტინი

მისივე თქმით, თუკი დაარსებიდან 30 წლის შემდეგ საუბარია იმაზე, რომ ადმინისტრაცია ეპარქიად უნდა ჩამოყალიბდეს, ეს ნიშნავს, რომ ამისათვის ეკლესიამ გარკვეული ეტაპები გაიარა და მზად არის: „მაგალითად, უნდა გვქონდეს სემინარია, საეკლესიო სასამართლო, დამოუკიდებელი დაფინანსება, უნივერსიტეტი, კატეხიზაციის საკუთარი პროგრამა და ა.შ. ჩანს, რომ ჩვენი ეკლესია ამ 30 წლის შემდეგ მზად არის გახდეს ეპარქია. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ მზად ვართ საქართველოში დომინანტ რელიგიასთან თანაბარ სიმაღლეზე ვისაუბროთ და ამავე სიმაღლეზე გვქონდეს ურთიერთობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უპატივცემულობას გამოვხატავთ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ“.


კითხვაზე, რა შეიცვლება კათოლიკე მრევლისთვის, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია ეპარქიად ჩამოყალიბდება, მამა ზურაბ კაკაჩიშვილი გვპასუხობს, რომ ამით კათოლიკე მრევლისთვის არაფერი იცვლება, თუმცა ეკლესიის ფუნციონირებასა და განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი საფეხურია:


„დღეს, ადმინისტრაცია პირდაპირ ექვემდებარება ნუნციატურას, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ნუნციატურის გავლით. ხოლო როდესაც გახდება ეპარქია, მას ექნება დამოუკიდებელი ფუნქციონირების საშუალება, თუმცა რა თქმა უნდა, ნუნციატურასთან ინფორმირების ვალდებულებაც. ამჟამად, ეპისკოპოსს რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის პირდაპირ ვატიკანში თავად მიტანა არ შეუძლია, რადგან ამისი ძალა–უფლება არ აქვს. ამიტომ ეკლესიის ფუნქციონირებისა, ასევე დიდი და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტილებისათვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, – განმარტავს მღვდელმსახური.


მისივე თქმით, ბოლოს გამართულმა სინოდურმა კრებამ, სადაც 30 წლის განმავლობაში, ეკლესიაში განვითარებულ პოზიტიური ასპექტებზე იყო საუბარი, ცხადყო, რომ საქართველოში კათოლიკე ეკლესია მზადაა ცვლილებებისთვის: „ამ სინოდური კრების მიზანი იყო, მადლობა გვეთქვა ღვთისთვის, ამ 30 წლის განმავლობაში, რაც გააკეთა ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში, ძალიან ბევრი მადლი მივიღეთ და ვისაუბრეთ ამაზე. თუმცა ამ ყველაფერმა გვაჩვენა, რომ უკვე ავედით გარკვეულ საფეხურზე, გავიზარდეთ და წინ უნდა წავიდეთ. თავად ნუნციუსი, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური და ჩვენი ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტოც თანახმა არიან, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას. იმედია, ვატიკანიდან შესაბამისი დადებითი პასუხი მოვა და ადმინისტრაცია გარდაიქმნება ეპარქიად“.


საქართველოში კათოლიკეთა პირველი ეპარქია 1328 წელს, თბილისში დაარსდა. იმ პერიოდში პაპმა იოანე XXIII-მ სმირნის საეპისკოპოსო კათედრა თბილისში გადმოიტანა. თბილისის პირველ ეპისკოპოსად კი იოანე ფლორენციელი დაინიშნა.


„1370 წლის შემდგომ საქართველოში მისიონერთა შემოსვლა შეწყდა. თბილისის კათედრა ტიტულარული გახდა, ვინაიდან შემოსეული მტრის გამუდმებული თარეშის გამო ეპისკოპოსებს თავიანთ რეზიდენციაში ჯდომა აღარ შეეძლოთ. თბილისის თოთხმეტ ეპისკოპოსთაგან უკანასკნელი 1505 წელს დაინიშნა. ამის შემდეგ მოკლე ხანში კათედრამ არსებობა შეწყვიტა“, – წერს თავის ნაშრომში მკვლევარი ნათია ნაცვლიშვილი.

მამა გაბრიელე ბრაგანტინის თქმით, მამა მიხეილ თამარაშვილი წერდა, რომ პაპ იოანე XXIII–ის გადაწყვეტილება – სამოციქულო ტახტი სმირნიდან, - რომელიც მაშინ მონღოლური საფრთხის წინაშე იდგა, - ტფილისში გადატანა და ტფილისის ეპარქიის დაარსება, მჭიდრო კავშირში იყო ქართველი ფრანცისკანელი ბერის, ძმა დემეტრე თბილელის მოწამეობრივ სიკვდილთან.


„ამბობენ, რომ ეს მოხდა რადგანაც, პაპმა შეიტყო, რომ სმირნაში იყო პრობლემები და ამავდროულად შეიტყო, რომ ერთ–ერთმა თბილისელმა ბერმა თავისი ცხოვრება ქრისტესთვის შესწირა. ეს ბერი იყო ძმა დემეტრე, რომელიც 1321 წელს ინდოეთში წამებით მოკლეს. როცა პაპმა ამის შესახებ შეიტყო, ძმა დემეტრეს თავდადებით აღფრთოვანებული დარჩა. ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა და პაპმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ანუ ჩანდა, რომ აქ ხალხი მზად იყო, რომ ექადაგა და შეეწირა თავისი ცხოვრება ქრისტესთვის. ამით საქართველო გახდა ცენტრი მთელი ევანგელიზაციისა შორეულ აღმოსავლეთში: ინდოეთისთვის, ჩინეთისთვის. გაჩნდა ძალიან დიდი პატივისცემა ქართველი კათოლიკეების მიმართ“, – ამბობს მამა გაბრიელე და ამატებს, რომ საქართველოში კათოლიკე ეკლესიის სურვილია, თუკი ეპარქიად გარდაქმნა მოხდება, იგი ძმა დემეტრე თბილელის სახელს ატარებდეს.


„გვინდა, რომ გვქონდეს ძმა დემეტრეს სახელობის ეპარქია, ჯერ–ჯერობით მხოლოდ ერთი, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად, საქართველოში ორი კათოლიკური ეპარქია იყო: ერთი– სოხუმში და მეორე – თბილისში. ვნახოთ ვატიკანის პასუხი“.


ადმინისტრაციის ეპარქიად გარდაქმნა კონკრეტული პროცესია, რომლისთვისაც მთელი რიგი მასალების მომზადება და წარდგენაა საჭირო. საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო ამბობს, რომ საკითხზე მუშაობს, თუმცა საბოლოო პასუხი ვატიკანიდან უნდა მოვიდეს. როდის დასრულდება პროცესი, ამ ეტაპზე უცნობია.



თაკო ფეიქრიშვილი

bottom of page