top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

დიპლომატიური კორპუსი, რელიგიური კონფესიები და ორგანიზაციები ვატიკანის ელჩს დაემშვიდობნენ

19 ოქტომბერს, 'საქართველოს კარიტასისა' და ვატიკანის საელჩოს ორგანიზებით, ვატიკანის ელჩის, მთავარეპისკოპოს ჟოზე აველინო ბეტანკურის გამოსამშვიდობებელი წვეულება გაიმართა.


წვეულებას 'საქართველოს კარიტასი' დიდუბის ცენტრმა უმასპინძლა. მასზე 150-მდე სტუმარი იყო დაპატიჟებული. მოწვეულთა შორის იყვნენ საქართველოში მოქმედი საელჩოების, სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა.


გამოსამშვიდობებელი საღამო 'საქართველოს კარიტასის' დირექტორმა, ანაჰიდ მხოიანმა გახსნა, რის შემდეგაც სიტყვა წარმოთქვეს პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და ახალქალაქისა და კუმურდოს კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.


საღამოს საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ლიდერებთან და წარმომადგენლებთან ერთად, მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძეც დაესწრო.


"თქვენ ისეთი კვალი დატოვეთ საქართველოში, ისეთი სითბო, ისეთი სიყვარული, რომ ძალიან მადლობელი ვართ ჩვენ, ყველანი და პირადად მე. მიუხედავად მცირე ვადისა ანუ თქვენ რაც დაყავით [საქართველოში] ისტორიისათვის ძალიან მცირეა დრო. მაგრამ თქვენ ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგით ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ეკლესიების დაახლოებისათვის. და მე მინდა ერთი კონკრეტული მაგალითი დავასახელო, რის გამოც, მე პირადად ძალიან მადლობელი ვარ თქვენი: თქვენ როდესაც საქართველოში ჩამობრძანდით, მობრძანდით ჩვენთან, ჩვენს ეპარქიაში გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრამ არაჩვეულებრივი საუბარი და მათ შორის, თქვენ მკითხეთ რა შეიძლებოდა ჩვენი პატრიარქისთვის პირველი შეხვედრისას გადაგეცათ. მე გამიჭირდება უფრო მნიშვნელოვანი საჩუქრის დასახელება, რაც თქვენ გაუკეთეთ ჩვენს ეკლესიას – თქვენ გადმოგვეცით საჩუქრად წმინდანთა ენციკლოპედია, 14 ტომი, სადაც პრაქტიკულად ყველა წმინდანია შესული , დასავლეთ და აღმოსავლეთი ეკლესიისა და დღემდე ჩვენ ვიყენებთ ამ წიგნს და დღემდე ის არის შეუცვლელი, ფასდაუდებელი, ინფორმაცია, რომელიც ჩვენ, თქვენი წყალობით გაგვაჩნია, წმინდანთა ცხოვრების შესახებ. და რა თქმა უნდა, მრავალი წელი ასე იქნება, იმიტომ, რომ 14 ტომია, 14 დიდი ტომი, რომელშიც პრაქტიკულად ყველა წმინდანია შესული. ძალიან დიდი მადლობა სითბოსათვის, თქვენი სიყვარულისათვის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა საქართველოსთან და გაგრძელდება ჩვენი პირადი ურთიერთობაც“, – თქვა სიტყვით გამოსვლისას, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.


საღამოზე მოწვეულ სტუმრებს ასევე მადლობა გადაუხადა ვატიკანის უკვე ყოფილმა ელჩმა:


„მადლობა კეთილი სიტყვებისა და ჩემს მიმართ გამოთქმული გრძნობებისთვის. მადლობა არაჩვეულებრივი საჩუქრისთვის.


თბილისში ჩამოსვლის პირველი წუთებიდან, ხუთნახევარი წლის წინ, 2018 წელს, გულში ჩავიკარი საქართველო და მყისვე შემიყვარდა ეს ქვეყანა, მისი ხალხი, ტრადიციები და მრავალსაუკუნოვანი კულტურა. მაშინვე ჩამოვაყალიბე ჩემი დევიზი: „თავდადება“.


წმიდა საყდრის დიპლომატია საქართველოს მიმართ ყოველთვის თანაუგრძნობდა ქვეყნის კანონიერ მისწრაფებებს, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება, ცხოვრების დონის ამაღლება, საერთაშორისო საზოგადოებაში კუთვნილი ადგილის დაკავება და, რა თქმა უნდა, ქართული კულტურის მხარდაჭერა, მისი საზღვარგარეთ გატანა, მაგალითად, ვატიკანში (რისი დასტურიცაა დღეს, ჩვენს შორის თბილისის წმიდა სამების სახელობის საკათედროს ტაძრის სახელმწიფო გუნდის წევრების ყოფნა). წმიდა საყდრის დიპლომატიას არც ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებს და არც გეოპოლიტიკური. ამიტომაც, იგი უშუალოდ ადამიანის პიროვნულ ღირსებაზეა კონცენტრირებული.


ამიტომაც, დღევანდელი გამოსამშვიდობებელი შეკრება სწორედაც რომ „საქართველოს კარიტასის“ ცენტრში უნდა ჩატარებულიყო - „საქართველოს კარიტასი“ ხომ ერთად ჰკრებს ჩვენი დიპლომატიის არაერთ მისწრაფებას და აერთიანებს საქართველოს კათოლიკე ეკლესიაში არსებულ სომხურ, ასირიულ-ქალდეურ და ლათინურ წესებს.

„საქართველო კარიტასი“ გახლავთ კათოლიკე ეკლესიის საქველმოქმედო და სოციალური თანადგომის ფრთა. იგი უკვე 30 წელია მოღვაწეობს საქართველოში. მის საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს მოქალაქენი სხვა ქართულ დაწესებულებებთან, დიპლომატიურ მისიებთან, სამთავრობო თუ კერძო სტრუქტურებთან, სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებთან და არაერთ სხვა „რიგით“ ცენტრებთან თანამშრომლობით.

„საქართველოს კარიტასის“ საქმიანობას წარმართავენ საქართველოს როგორც მართლმადიდებელი, ასევე კათოლიკე მოქალაქენი და, უპირველეს ყოვლისა, „კეთილი ნების ადამიანები“. ჩვენს გვერდით მდგარი ეს მართლმადიდებლური ტაძარი კათოლიკური ეკლესიის საჩუქარია. იგი 2011 წელს გაიხსნა მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია II-ის მიერ და დასტურია იმ ძმური ურთიერთობისა, რომლის მხარდაჭერასაც ცდილობს კათოლიკე ეკლესია ხალხთა შორის.


ჩვენ შეგვეძლო წმიდა საყდრის სადესპანოსთან დაკავშირებული არაერთი სხვა მსგავსი დაწესებულებაც შეგვერჩია, რომლებიც ასევე ემსახურებიან ქართულ საზოგადოებას და გამოირჩევიან მასთან თანამშრომლობის სულისკვეთებით, კერძოდ, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი, კამილელთა ორდენის სამედიცინო ცენტრი (რომელსაც პაპი ფრანცისკე ეწვია 2016 წელს), ნობელის პრემიის ლაურატის, წმიდა დედა ტერეზას ქველმოქმედ მონაზონთა ცენტრი, და სხვ. დღეს აქ, ჩვენ შორის მყოფი, რელიგიურ თუ არარელიგიურ სამოსში გამოწყობილი არაერთი ადამიანი წარმოადგენს ჩვენს გულსა და ხელებს. ისინი წმიდა საყდრის საუკეთესო დესპანები არიან საქართველოში.



დღევანდელ მსოფლიოს როგორც არასდროს სჭირდება თანამშრომლობა, ხიდების გადება, შეხვედრისა და ჭეშმარიტი ფასეულობების ირგვლივ თანამშრომლობის სივრცეების შექმნა, რათა ნიადაგი გამოეცალოს დაპირისპირებებსა და კონფლიქტებს, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ვგულისხმობ ომს უკრაინასა და წმინდა მიწაზე, ჰუმანიტარულ ვითარებას მთიან ყარაბაღში, და უფრო ახლოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების შედეგად წარმოშობილ ტკივილს, რომელიც დღესაც არ განელებია საქართველოს.


ამიტომაც, დიპლომატების, რელიგიური ლიდერების, პოლიტიკოსების და ყველა „კეთილი ნების“ ადამიანის როლი დღეს მეტად მნიშვნელოვანია. პაპი ფრანცისკე და წმიდა საყდარი გამუდმებით მოუწოდებენ დიალოგისკენ. ისინი თავიანთ ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს არ იშურებენ ხალხებისა და კაცობრიობის სამსახურში.

ამდენად, ჩვენი დღევანდელი შეკრება გამოსამშვიდობებელზე მეტად მისასალმებელი უფროა, რათა მივესალმოთ ჩვენს ახალ შესაძლებლობებს, მივესალმოთ საქართველოში ახლად ჩამოსულ ელჩებს, მივესალმოთ კარიტასისეულ სულისკვეთებას.


მე ბევრი რამ ვისწავლე საქართველოში აკრედიტებული ელჩების თავდადებული საქმიანობიდან. მადლობას მოვახსენებ საქართველოს ხელისუფლებას მხარდაჭერისა და დახმარებისთვის ჩემი დიპლომატიური მისიის განმავლობაში და დიპლომატიური კორპუსის დუაიენის საქმიანობის განხორციელებისას.


დაბოლოს, უფრო მხიარულ ნოტაზე რომ დავასრულოთ, როგორც იქნა ვისწავლე ხინკლის სწორად ჭამა, ისე, რომ ხელები არ დავისვარო... მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ კამერუნში ხინკალი არ იციან...


​გაგვიმარჯოს!", - დაასრულა ვატიკანის ელჩმა.


სიტყვით გამოსვლების ბოლოს, სტუმრებმა მოუსმინეს სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდს და ნახეს „კარიტასის“ ბენეფიციარი ბავშვების პერფორმანსი.


გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოენახულებინათ ‘საქართველოს კარიტასის’ საქველმოქმედო პროექტები, კერძოდ: ბავშვთა დღის ცენტრი “მზესუმზირები”; სოციალური საწარმო; ხანდაზმულთა დღის ცენტრი “ჰარმონია”; ჰუმანიტარული სასადილო.


ცნობისთვის, მთავარეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში წმინდა საყდრის დესპანად 2018 წელს დაინიშნა. .


2023 წლის 30 აგვისტოს, პაპმა ფრანცისკემ იგი კამერუნსა და ეკვატორულ გვინეაში წმინდა საყდრის დესპანად დანიშნა. ამის გამო, მთავარეპისკოპოსი ოქტომბრის ბოლოს საქართველოსა და სომხეთს ტოვებს.



თაკო ფეიქრიშვილი


bottom of page