top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'დღეები გზაზე' – ეპისკოპოსის წერილი მიმლოცველობაზე

საიუბილეო მომლოცველობა ეპისკოპოსთან ერთად!

დიახ! შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მინდოდა და ყველანაირად ვეცადე, შემდგარიყო ეს მომლოცველობა ფეხით, ახალციხიდან, რაბათის სალოცავიდან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძრამდე.

ree

200 კმ-ზე მეტი, მხოლოდ ღვთის განგებაზე დაყრდნობით, წინასწარ დაგეგმილი განრიგისა და შესვენებების გარეშე, მინიმალური აუცილებელი ნივთებით!!!!!


ჯერ კიდევ 25 წლის წინ, ამის გაკეთება ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. მაშინაც, 2000 წლის საიუბილეო წელს, სიარული, ლოცვა, ოფლის ღვრა, ძალისხმევა, მიწაზე ძილი ჩვენი საკრებულოების არაერთ წარმომადგენელთან ერთად... იმ მიწაზე, რომელიც უფალმა მომცა, რომ შემეყვარებინა და როგორც ეპისკოპოსს მემსახურა, განსაკუთრებული სულიერი შეგრძნებებისა და ფიქრების მიზეზი გახდა. ამ ხსოვნას ყოველთვის გულში ვინახავდი.


25 წლის შემდეგ კი, ეს გამოცდილება ნამდვილი გამოწვევა გახდა. ასაკი იგივე არ იყო, არც ძალები, როგორც გასავლელი გზები, სოციალური მდგომარეობა და ჩვენი ეკლესიის საზაფხულო სამწყსო ვალდებულებები... მაგრამ პატარა ჯგუფმა ისურვა ჩემთან ერთად ამ გამოწვევის მიღება, მიიღო ეს წინადადება და გავემგზავრეთ.

ree

ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ქრისტიანული მომლოცველობა მხოლოდ ფიზიკური გადაადგილება არ არის ამა თუ იმ წმიდა ადგილისკენ, არამედ სულიერი განახლების გზაა, რომელსაც ყველა ადამიანი გადის თავის ცხოვრებაში...


ყოველი ადამიანის სული ხასიათდება მოძრაობით, უფრო დიდი ჭეშმარიტების მუდმივი ძიებით, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს საზრისის მოთხოვნილება და სისრულის სურვილი. ამ თვალსაზრისით, ადამიანი ყოველთვის მგზავრია და მომლოცველობა, შესაბამისად, იმ გზის მეტაფორაა, რომელსაც ყველა ადამიანი გადის, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის, საკუთარი წარმომავლობის, თავისი არსებობის საბოლოო მნიშვნელობისა და მიზნის - ღვთის - ძიებაში, ღმერთისა რომელიც მიმართავს მის ნაბიჯებს. ამიტომაცაა საიუბილეო წლისთვის შემოთავაზებული ‘მომლოცველობა’, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი ქმედება.

ree

მალევე შევნიშნეთ, თუ რამდენად ეხმიანებოდა ჩვენი სიარული ჩვენი ცხოვრების გზას და ჩვენი რწმენის გზას: სწორ გზაზე ვდგავართ? ზურგჩანთაში ძალზე ბევრი რამ ხომ არა გვაქვს, ასე რომ გვამძიმებს და ანელებს გზას? რა არის არსებითი და რაზე შეგვიძლია უარი ვთქვათ? რატომ მივუყვები გზის ზოგიერთ ნაწილს მარტო და ჩუმად, ხოლო სხვა მომენტებში ხალისით ვურთიერთობ სხვებთან? რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მუდამ თვალსაწიერში მყავდნენ ისინი, ვინც ჩემთან ერთად დადიან? ხვალ კიდევ მექნება სურვილი ადრე ავდგე და საკუთარი თავი გამოვიწვიო წინსვლისთვის? როგორ უნდა ვენდო ღმერთს ამ სიტუაციაში? რამდენი კითხვა დაიბადა ამ დღეებში სიარულისას!

დროთა განმავლობაში ვხედავდით რომ ღმერთი გვედგა გვერდში. ხშირად, პირველ დღეებში, წვიმაში დავდიოდით, ღამით სიცივე გვაწუხებდა ამინდის არასტაბილურობის გამო, მაგრამ სწორედ ეს აჩენდა უკეთ მამა ღმერთის მუდმივ მზრუნველობას.

ree

ღმერთის მზრუნველობას ვხედავდით თითქმის ყოველ საღამოს დასაძინებელი ადგილის სასწაულებრივად პოვნაში (განსაკუთრებული მადლობა მამა ანჯეის და ბათუმელი დიაკვნის, თამაზის დედას), განგება იყო საკვები, რომელიც ყოველდღე დროულად მოგვეწოდებოდა სიყვარულით მომზადებული, ჯერ მზრუნველი ბენედიქტელი მონაზვნების მიერ, შემდეგ წეროვნის სახლიდან, რაც ძალების აღდგენის საშუალებას გვაძლევდა.


ღვთის მზრუნველობა გამოვლინდა ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად განსაკუთრებულ სტუმრებთან ერთად, ღმერთის მზრუნველობა იყო ჩვენთვის ის, რომ წვიმა თითქმის ყოველთვის ჩერდებოდა, რომ საშუალება მოეცა ჟამთა ლიტურგიული ლოცვისათვის, წმიდა წირვისათვის, მომლოცველობაზე უკვე მომზადებული ლამაზი მედიტაციების მოსმენისათვის; ნაბიჯების რიტმზე, ვლოცულობდით „სავარდს“.


გულწრფელ და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გაბედა ამ გზას დადგომოდა ჩემს გვერდით, გაწეული შრომისთვის, ასევე იმ ენთუზიაზმისა და მაგალითისთვის, რომელიც თითოეულმა მომცა. შემიძლია ვთქვა, რომ არავინ დაზოგა თავი სხვის დასახმარებლად და არავის არასდროს დაუჩივლია.

ree

მადლობა ყველას, ვინც სულიერად ახლოს იყო, ნამდვილად მრავალნი და მრავალნი... მათი ლოცვა და სოლიდარობა იყო ჩვენი ძალა და გამხნევება.


რა ლამაზია ეკლესიის გრძნობა, ერთად სიარულის სიხარულის გრძნობა, თუნდაც ფიზიკურად შორს. ჩვენ ცოტანი ვიყავით, მაგრამ ბევრად ვგრძნობდით თავს. ხოლო ჩვენ? ჩვენ შევწირეთ უფალს ყველა შეჭირვება და ყველა ლოცვა ჩვენი ეკლესიისთვის, თითოეული საკრებულოსათვის, რომ ჩვენი კათოლიკე ეკლესია საქართველოში გახდეს უფრო წმიდა, უფრო გაერთიანებული, იყოს მეტი სიყვარული და იყოს უფრო კმაყოფილი და მხიარული სახარების ქადაგებასა და ნათლობის ერთგულების მოწმობაში.


ამ წლის განმავლობაში, გვექნება მომლოცველობის სხვა შესაძლებლობები. ისინი განსხვავებული იქნება, მაგრამ ასევე ნაყოფიერი (მომლოცველობა რომში, ახალგაზრდებისა და წმინა მიწაზე...). მაგრამ განსაკუთრებით ვფიქრობ მომავალ 5 ოქტომბერზე: რატომ ვერ შევძლებთ მრავლად ვიყოთ უკვე ტრადიციად ქცეულ ყოველწლიურ მომლოცველობაზე რუსთავისკენ, მოწყალების ეკლესიისკენ? გზა არ არის ძალიან გრძელი და ყველა ადამიანისთვის შესაფერისია!!! საკმარისია სურვილი და... გამგზავრება!!!. ჩვენ, ვინც ამ დღეებში ეს გამოცდილება გავიარეთ, ყველას გიწვევთ: ერთი დღე გზაზე! ეს არის საიუბილეო წელი!! მაგრამ თუ ვინმეს მართლაც ვერ შეეძლება რომელიმე ორგანიზებულ მომლოცველობაში მონაწილეობა, გაემგზავროს მარტო, ან თავის ოჯახთან ან მეგობართან ერთად, გაემგზავროს ფეხით, ან მანქანით, ან ავტობუსით და მივიდეს ერთ-ერთ საიუბილეო ეკლესიაში (კათედრალი, რაბათი, რუსთავი, ბათუმი), იფიქროს საკუთარ თავზე, როგორ არის და საითკენ მიდის მისი ცხოვრება, იფიქროს, როგორ გრძნობს თავს ეკლესიის ნაწილად, შეჩერდეს და მშვიდად ილოცოს, ითხოვოს საიდუმლოებების მიღება და... ეს წელი უფრო ადვილად გახდება წმიდა წელი!...

ree

წმიდა ნინო, რომელმაც შორი გზიდან მოგვიტანა სახარების ლამაზი ამბავი, გვიმეოხოს ზეციურ მამასთან, რათა დაგვიცვას და დაგვლოცოს.


+ ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო



Comments


bottom of page