top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საერთაშორისო მსაჯი რწმენის საჯაროდ გამოხატვას არ ერიდება

  • 2 days ago
  • 2 min read

საერთაშორისო კატეგორიის FIFA-ს მსაჯი დამიან სილვესტჟაკი ყოველი საფეხბურთო მატჩის დაწყებისას პირჯვარს იწერს. პოლონელი მსაჯისთვის, რომელმაც თეოლოგიაც შეისწავლა, რწმენა როგორც პირადი, ისე პროფესიული ცხოვრების საფუძველია.



„გასახდელიდან გამოსვლამდე ლოცვისთვის ერთ წუთს ყოველთვის ვიტოვებ და ამ დროს მაქსიმალურად ვიყენებ,“ — ამბობს სილვესტჟაკი პოლონურ კათოლიკურ პორტალ Misyjne-სთან ინტერვიუში, რომელსაც უმანკოდ ჩასახული ღვთისმშობლის მისიონერი ობლები მართავენ.


FIFA-ს მსაჯი ყოველი მატჩის წინ ლოცულობს

პოლონეთის უმაღლესი პროფესიული საფეხბურთო ლიგის, ექსტრაკლასას მსაჯი ამბობს, რომ მუდამ თან ატარებს ღვთაებრივი მოწყალების ხატს წარწერით: „იესო, გესავ შენ!“.


„სასტვენის პირველ გაჟღერებასთან ერთად პირჯვარს ვიწერ, მადლობას ვუხდი ღმერთს ჩემი მოწოდებისთვის და ყველაფერს მის ხელს ვაბარებ,“ — განმარტავს იგი.


მისი თქმით, ზოგჯერ სთხოვდნენ, მატჩის წინ პირჯვარი აღარ გამოესახა – „მაგრამ ამას ყოველთვის ვაკეთებდი და კვლავაც გავაკეთებ“, – ამბობს მსაჯი და ამატებს, რომ ღმერთს განსაკუთრებულ მადლობას უხდის, რომ შეუძლია იყო იქ და აკეთოს საყვარელი საქმე, რომელშიც საკუთარი თავის სრულად გამოვლენა შეუძლია.


დამიან სილვესტჟაკს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გაუჩნდა თეოლოგიის შესწავლის სურვილი და სწავლა პონტიფიკალურ თეოლოგიურ ფაკულტეტზე დაიწყო, სადაც მომავალი მეუღლეც გაიცნო. მას სწავლა არ დაუსრულებია. მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს რელიგიის მასწავლებლობაზეც ფიქრობდა, საბოლოოდ, პროფესიულ გზად, მაინც მსაჯობა აირჩია.


„როგორც კი ასაკმა საშუალება მომცა, ჩემს სამრევლოში მინისტრანტად დავიწყე მსახურება — შეიძლება ცოტა უფრო ადრეც კი. ეს ძალიან მიყვარდა. ზოგჯერ კვირაობით რამდენიმე წირვაზეც ვმსახურობდი. ლიტურგიამ და მსახურებამ ღრმად მომხიბლა,“ — იხსენებს იგი.


რწმენის დამოწმება მცირე ჟესტებით

დამიან სილვესტჟაკისთვის რწმენა ყოველთვის იყო ცხოვრების ნაწილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. ამბობს, რომ რთულ მომენტებში — განსაკუთრებით მძიმე მატჩების ან კამათის შემდეგ — მისი საყრდენი ოჯახია, რომელსაც „დიდ მხარდაჭერად და დაძაბულობისგან გათავისუფლების საშუალებად“ მიიჩნევს.


სილვესტშაკს მტკიცედ სჯერა, რომ „ყველას შეუძლია საკუთარი რწმენის დამოწმება,“ მათ შორის მსაჯსაც. „ვცდილობ ამას მცირე ჟესტებითაც ვაკეთებდე. თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმობა ოჯახშია“.


სამი შვილის მამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს უბრალო ოჯახურ ტრადიციებს: ძილის წინ ერთობლივ ლოცვას, ჭამის წინ პირჯვრის გადაწერას და ასევე მაშინ, როცა ეკლესიასთან ჩაივლიან.


‘ღმერთი არის იმედია იმისა, რაც სიცოცხლის შემდეგ მოდის’

FIFA-ს მსაჯი ამბობს, რომ რთულ დროს ხშირად ეკლესიაში მიდის, მუხლს იდრეკს და ყველაფერს ღმერთს ავედრებს – „ხშირად მადლობის სათქმელადაც მივდივარ ან უბრალოდ დასაფიქრებლად“.


34 წლის სილვესტშაკისთვის ღმერთი არის „იმის იმედი, რაც მიწიერი ცხოვრების შემდეგ მოდის“. მიუხედავად მისი ასაკისა, აღიარებს, რომ ხშირად ფიქრობს სიკვდილის შემდეგ არსებულ ცხოვრებაზე.


„ზოგჯერ შიში მეუფლება, როცა ამ კითხვაზე ვფიქრობ. მაგრამ ასეთ დროს რწმენა სიმშვიდეს მანიჭებს. ის ჩემი ნუგეში და ცხოვრების გზამკვლევია. ვიცი, რომ ზოგჯერ, რწმენისა და ეკლესიის სწავლების გამო, მე და ჩემი მეუღლე სამყაროს დინების საწინააღმდეგოდ მივდივართ. თუმცა ჩვენი გადაწყვეტილებებით ბედნიერი ვარ — არასოდეს მინანია ისინი და ბევრი მათგანით ვამაყობ კიდეც,“ — ასრულებს იგი.




Comments


bottom of page