top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ეკლესია ოჯახისთვის 'კეთილი სამარიელი' უნდა იყოს – პაპი ფრანცისკე

22 ივნისს ვატიკანში, ოჯახების მე-10 მსოფლიო შეხვედრა, პაპ ფრანცისკეს მონაწილეობით, სადღესასწაულო ფესტივალით გაიხსნა. რომში, ხუთდღიან ღონისძიებაზე, 120 ქვეყნიდან 2000-ზე მეტი დელეგატი ჩავიდა. შეხვედრის მიზანია ხაზი გაუსვას ქორწინებისა და ოჯახის სილამაზეს.



წმინდა მამამ მოისმინა რამდენიმე ოჯახის დამოწმება, რომლებმაც ისაუბრეს სიხარულის, წუხილის, სირთულეებისა და ერთად ცხოვრების იმედებზე.


ოჯახებსშორის იყვნენ: ღვთისმსახურის, კიარა კორბელას მშობლები, რომლებმაც შეინარჩუნეს ურყევი რწმენა და ბოლომდე იბრძოდნენ მძიმე ავადმყოფობასთან;


ორი უკრაინელი ქალი: დედა–შვილი,რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომს გაექცნენ და თავშესაფარი იპოვეს მრავალშვილიან იტალიურ ოჯახში;


კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ჰუმანიტარული საქმიანობის დროს მოკლული იტალიის ელჩის მეუღლე.


მთელი მსოფლიოდან ჩასული წყვილებისა და ოჯახების მიმართ, პაპმა ფრანცისკემ გამოხატა თავისი სიახლოვე და გამამხნევებელი სიტყვები უთხრა: „დაიწყეთ თქვენი მდგომარეობიდან და შეეცადეთ გამოხვიდეთ იქიდან ერთად. ერთად, ისე, როგორც მეუღლეები.სხვა ოჯახებთან ერთად, ეკლესიასთან ერთად..."


წმინდა მამამ გაიხსენა „კეთილი სამარიელის“ სახარებისეული პერსონაჟი:

„მინდა, რომ ეკლესიაც სწორედ ასეთი გახდეს თქვენთვის! კეთილი სამარიელი, რომელიც ახლოს არის, გეხმარება გზის გაგრძელებაში და კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმაში, თუნდაც ეს იყოს ყველაზე პატარა ნაბიჯი”.


პაპმა ფრანცისკემ ამ ნაბიჯებიდან რამდენიმე ჩამოთვალა. წინგადადგმული ნაბიჯი:ქორწინების მადლისათვის ღიაობისკენ, ჯვრის აღებისკენ, პატიების, სტუმართმოყვარეობისა და ძმობისკენ.


რომის ეპისკოპოსმა მადლობა გადაუხადა ორ უკრაინელ ლტოლვილ ქალს,ირინასა და სოფიას, რომლებმაც თავშესაფარი იტალიაში მრავალშვილიან ოჯახებში იპოვეს.


„გმადლობთ დამოწმებისათვის! თქვენ გახდით ხმა იმ ბევრი ადამიანისა, რომელთა სიცოცხლეც შეარყია უკრაინაში მიმდინარე ომმა. ჩვენ ვხედავთ თქვენში ბევრი ადამიანის სახესა და ისტორიას, რომლებსაც თავიანთი მიწის დატოვება მოუწიათ. გმადლობთ, რომ თქვენ არ დაკარგეთ რწმენა ღვთის განგებულებისადმი და დაინახეთ, როგორ გწყალობთ ღმერთი, მათ შორის კონკრეტული ადამიანების მეშვეობით, რომლებთანაც მან დაგაკავშირათ. სტუმართმოყვარე ოჯახები, ექიმები, რომლებიც დაგეხმარნენ და მრავალი კეთილი ადამიანი. ომმა დაგიპირისპირათ ცინიზმი და ადამიანური სისასტიკე, მაგრამ ასევე შეხვდი დიდსულოვან ადამიანებს. თქვენ ადამიანებში ნახეთ ყველაზე ცუდიც და საუკეთესოც, თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, არ ვიფიქროთ ცუდზე, არამედ დავაფასოთ კარგი, ხელახლა მისით დაწყებით“.


სიტყვის დასასრულს, რომის ეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ოჯახს აკისრია მისია, რომელიც უნდა შეასრულოს ჩვენს სამყაროში, მოწმობა, რომლისკენაც არის მოწოდებული. ოჯახებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: „რისი თქმა სურს უფალს ჩვენს ცხოვრებაში ყველა იმ ადამიანის მეშვეობით, რომელთაც ვხვდებით? რა „გადადგმულ ნაბიჯს“ ითხოვს ღმერთი დღეს ჩვენი ოჯახისგან?“


პაპმა მოუწოდა წყვილებსა და ოჯახებს, ყურადღებით მოუსმინონ იესოს, „რათა ქრისტემ შეცვალოს ისინი, ხოლო მათ შეცვალონ სამყარო და ის სახლი გახადონ ყველასთვის ხელმისაწვდომი, რომელსაცსტუმართმოყვარეობა სჭირდება, რომელსაც სჭირდება ქრისტესთან შეხვედრა, რათა იგრძნოს სიყვარული“.

მე-10 მსოფლიო შეხვედრა თემაზე: „ოჯახური სიყვარული: მოწოდება და სიწმინდის გზა“ კვირის ბოლომდე გაგრძელდება და დასრულდება საზეიმო წმინდა წირვით, რომელსაც, 25 ივნისს, საღამოს, წმინდა პეტრეს მოედანზე აღავლენს პაპი ფრანცისკე. მეორე დღეს, კვირას, 26 ივნისს, ანგელოზისადმი ლოცვაზე, რომის ეპისკოპოსი ოჯახებს დასკვნით მანდატს გადასცემს.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი


bottom of page