top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვალის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს


ვალის მთა, ანუ ტერიტორია, სადაც ვალის მცხოვრებლებს საზაფხულო იალაღები აქვთ, ზღვის დონიდან 2 300 მეტრზე მდებარეობს. ადგილობრივებს აქ ეკლესია აქვთ, რომელიც წმინდა იაკობის სახელს ატარებს.


ყოველ 25 ივლისს, წმინდა იაკობის დღესასწაულზე, სოფლიდან მთაში ადგილობრივები საგანგებოდ მიდიან და ეკლესიის დღეობას ზეიმობენ.


დღესასწაული წელსაც აღინიშნა, წმ. წირვა ხიზაბავრის ტაძრის წინამძღვარმა მამა აკაკი ჭელიძემ აღავლინა.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე იალაღზე წასული კათოლიკე მორწმუნეებისთვის, რადგან მათ მხოლოდ ამ დღეს აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ მღვდლის მიერ აღვლენილ წირვას და ეზიარონ ქრისტეს ხორცსა და სისხლს.


„ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის, რადგან მთაში მღვდელი არ გვყავს, მორწმუნე მრევლი ყოველ კვირას გადმოვდივართ ამ ეკლესიაში და ვლოცულობთ „სავარდს“. დღეს კი, საშუალება მოგვეცა ვთქვათ აღსარება და მივიღოთ ზიარება“, - ამბობს ჟუჟუნა ხითარიშვილი.


რაც შეეხება ტაძრის ისტორიას, მისი აშენების ინიციატორი ვალეში მცხოვრები აღლემაშვილების ოჯახი იყო, რომელმაც საკუთარი ხარჯებით 2014 წელს ეკლესია ააშენა.


ტაძრის მშენებელი ვასილ აღლემაშვილი ბავშვებთან

2016 წლის 25 ივლისს კი, იგი კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აკურთხა.


თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ტაძრის აშენებამდე ისინი მაინც ახერხებდნენ შეკრებას ლოცვისათვის. როგორც ვალეში მცხოვრები ეთერ ნასყიდაშვილი ჰყვება, ვალის მთაში, ტერიტორიაზე, რომელსაც “გადასახედს“ ეძახიან, კაცებმა ჯვარი დადგეს, იმის ნიშნად, რომ აქ სალოცავი ადგილი იყო. შემდეგ კი მორწმუნეებმა ხატები, ჯვრები და სანთლები მიიტანეს.


ეთერ ნასყიდაშვილის თქმით, ვალის მთა განსაკუთრებულად უყვარდა ტაძრის ყოფილ წინამძღვარს, მამა იეჟი შიმეროვსკის. იგი ყოველ წელს, ერთი თვით მიდიოდა დასასვენებლად მთაში.


მისივე ინიციატივით, ერთ-ერთი ბინა იგივე „ეილა“, როგორც აქაურები ეძახიან, სამლოცველოდ მოეწყო და ადგილობრივებმა ლოცვა აქ გააგრძელეს.


„300 ლარად იყიდა ჩვენმა მღვდელმა უპატრონოდ დარჩენილი „ეილა“, მოვაწყეთ, შევიტანეთ ხატები, სანთლები, ჯვრები და ყოველ კვირას გადავდიოდით და ვლოცულობდით აქ, სანამ ეს ეკლესია აშენდებოდა“, - ამბობს ეთერ ნასყიდაშვილი.


ტრადიციულად, ყოველი წლის 25 ივლისს ვალის მთაში ყველა ერთად ზეიმობს წმ. იაკობის დღესასწაულს.





მედეა ხითარიშვილი

bottom of page