top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვალის სამრევლოში რელიგიური ნივთების მცირე მუზეუმი მოეწყო

ვალის კათოლიკური ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობას, რომელიც ათეული წლების წინ მღვდლების საცხოვრებელს წარმოადგენდა, 2022 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შენობის ერთ კედელზე კი, მცირე მუზეუმი მოეწყო.


ძველი რელიგიური ნივთებისგან შევსებული მცირე მუზეუმი, ქართველი კათოლიკე მოწამის, დემეტრე თბილელის სახელობის იქნება. აქ განთავსდა ის რელიგიური ნივთები, რომელიც ვალეში ადგილობრივებმა შეაგროვეს.


რაც შეეხება თავად შენობას, იგი სამრევლოს სხვადასხვა აქტივობისთვის იქნება განკუთვნილი.


შენობის განახლების გადაწყვეტილება ვალის საკრებულოს საბჭოს წევრებმა ერთი წლის წინ, 2021 წელს მიიღეს და წინამძღვართან, მამა მიხეილ სურმავასთან ერთად მის განახლებას შეუდგნენ.


წინამძღვრის დახმარებით, სამრევლომ, ორგანიზაცია „პრო სპეს“, საფრანგეთის კულტურის ცენტრისა და გერმანიის წმინდა ევქარისტიის სამრევლოსგან შენობის რეაბილიტაციისათვის დაფინანსება მიიღო.


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. რადგანაც ეს სივრცე იფუნქციონირებს ყველასთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. მათ საშუალება ექნებათ შეიკრიბონ ერთად, ჩაატარონ სხვადასხვა შეხვედრა და კონფერენცია“, – ამბობს ვალის სამრევლოს წინამძღვარი მამა მიხეილ სურმავამ.


განახლებული სივრცე და მცირე მუზეუმი 8 სექტემბერს, ვალის ტაძრის დღესასწაულზე ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ და სასულიერო პირებმა მოინახულეს.


მედეა ხითარიშვილი
bottom of page