top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანმა საბავშვო პალიატიური ცენტრი გახსნა



ვატიკანის კლინიკურმა და კვლევითმა ცენტრმა „ბამბინო ჯეზუ“ ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის განყოფილება გახსნა. იგი საწოლების რაოდენობის მიხედვით, პედიატრიული, პალიატიური (ქრონიკული, უკურნებელი დაავადება) მზრუნველობის უდიდესი ცენტრია. აქ პირველივე დღეებში ხუთი მცირეწლოვანი პაციენტი უკრაინიდან უკვე შეიყვანეს. მათ ომს თავი იტალიაში შეაფარეს.


პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტი რომის მახლობლად, ქალაქ ფიუმიჩინოსთან, პასოსკუროს რაიონში მდებარეობს. ლაციოს რეგიონისთვის ეს ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის პირველი ცენტრია. ამ სფეროში დაახლოებით 1000 ბავშვს ესაჭიროება პალიატიური მზრუნველობა, ხოლო მთელს იტალიაში 35 000–ს.


ეს ბავშვები, ჰოსპიტალიზაციის შემდეგ სახლებში ვერ ბრუნდებიან, რადგან მაღალკვალიფიციური დახმარება ესაჭიროებათ.


პედიატრიულ–პალიატიური მზრუნველობის განყოფილება არ არის ბავშვთა მუდმივად ყოფნის ადგილი. იგი დროებითი გამოსავალია, რომ ოჯახებს ბავშვებზე ზრუნვაში დაეხმაროს, რათა ეს ბავშვები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სახლში საავადმყოფოდან.


მხარდაჭერის მთავარი მიზანია დაავადების ტერმინალურ სტადიაზე ცხოვრების უკეთესი ხარისხის უზრუნველყოფა. იგი შეესაბამება ტერმინალურად დაავადებული ბავშვის უფლებათა ქარტიას, რომელიც ვატიკანის საავადმყოფომ „ბამბინო ჯეზუმ“ 2018 წელს მიიღო.


ცენტრი მდებარეობს ხუთსართულიან კორპუსში, ზღვის სანაპიროზე. მისი ტერიტორია დაახლოებით 11 000 კვ. მეტრს მოიცავს. ადრე ეს შენობა „წმინდა გულის მცირე მსახურთა“ სამონასტრო საკრებულოს ეკუთვნოდა. მის შეკეთებასა და აღჭურვაზე დაახლოებით 3 მილიონი ევრო დაიხარჯა, საიდანაც ორი მესამედი ფილანთროპების შემოწირულებები იყო.


ტერიტორიაზე დიდი პარკია, რომელიც სანაპიროზე ვრცელდება. იგი აღჭურვილია ინვალიდის ეტლებითა და საკაცეებით. პარკს აქვს სათამაშო და სპორტული მოედნები, დიდი, ციტრუსოვანი კორომები. ეს ყველაფერი ჩაფიქრებულია ცენტრის პატარა პაციენტების ოჯახისთვის. მათ შორის, და-ძმებისთვის. თითოეულ პაციენტს შეეძლება ნათესავებთან ერთად დარჩეს ცენტრში, ამიტომ საავადმყოფოს ყველა პალატა, ავადმყოფი ბავშვებისთვის განკუთვნილი საჭიროებების გარდა, აღჭურვილია დასაკეცი დივნით ან სავარძლით. ასევე მოწყობილია სამზარეულო, რათა მშობლებს შეეძლოთ მოამზადონ ის, რაც მათ ბავშვს უყვართ.


პალიატიური მზრუნველობის განყოფილება ზრუნავს ყველაზე ახალგაზრდა პაციენტსა და მის ოჯახზე. განსაკუთრებით იმ ბავშვებზე, რომლებიც განიცდიან ძმის ან დის დაავადების სიმძიმეს და დახმარება სჭირდებათ.


ამიტომ, მძიმე ავადმყოფი ბავშვების ტკივილის შემსუბუქებისა და კვების პრობლემების გადაჭრის გარდა, აქ ბავშვის მთელს ოჯახს შეუძლია მიიღოს ფსიქოლოგიური, სულიერი, სოციალური და პედაგოგიური მხარდაჭერა.


წყარო: www.vaticannews.va



შოთა გიქოშვილი

bottom of page