top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანში მიიღეს დოკუმენტი, რომელიც გმობს აბორტს, სუროგაციას, ევთანაზიას, სქესის შეცვლას

ადამიანის ღირსების შესახებ ვატიკანის რწმენის დოქტრინის დეპარტამენტმა ახალი დეკლარაცია მიიღო, სახელწოდებით “Dignitas Infinita”. დოკუმენტი უარყოფს აბორტს, ევთანაზიას, სუროგაციას და ადამიანის ღირსების შემლახავ სხვა დარღვევებს.



ახალმიღებული დეკლარაცია ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 75–ე წლისთავის გახსენებაა. იგი ბიოეთიკის ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად -   აბორტის უარყოფა, ევთანაზია, სუროგაცია და ა.შ. – მოიცავს პაპ ფრანცისკეს მიერ წამოჭრილ რამდენიმე თემას, კერძოდ: სიღარიბე, მიგრაცია, ომი, ადამიანებით ვაჭრობა...

 

დოკუმენტის Dignitas Infinita”  სამი თავი შეიცავს ადამიანის ღირსების შესახებ ძირითად დებულებებს, ხოლო მეოთხე თავში მოცემულია ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების ჩამონათვალი.

 

პირველი სამი თავი ადასტურებს ადამიანის პიროვნების აბსოლუტურ ონტოლოგიურ ღირებულებას, რომელიც შეიქმნა ღვთის ხატად და მსგავსად და რომელიც გამოსყიდულია იესო ქრისტეში. აქ საუბარია ხელშეუხებელ ღირსებაზე, რომელიც არ არის დამოკიდებული რაიმე კულტურულ ცვლილებაზე. ეს ბოძებული მადლია და თანდაყოლილია ჯერ არდაბადებულ ბავშვში, უგონოდ მყოფ ადამიანსა თუ მომაკვდავ მოხუცში: „ეკლესია აღიარებს ყველა ადამიანის თანაბარ ღირსებას, განურჩევლად მათი ცხოვრების პირობებისა თუ ხარისხისა“, – ნათქვამია დოკუმენტის მე-17 პარაგრაფში  -  „ეს ღირსება ეხება, როგორც სხეულს, ასევე სულს. ადამიანის ღირსების ყველაზე ფასეული ასპექტი ღმერთთან თანაზიარების მოწოდებაშია“.

 

დოკუმენტში აღნიშნულია იმ ადამიანების ორაზროვანი პოზიცია, რომლებიც „ადამიანის ღირსების“ ნაცვლად „პიროვნების ღირსებაზე“ საუბარს ამჯობინებენ, რაც გულისხმობს იმას, რომ პიროვნება შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც ძალუძს მსჯელობა. ამ პოზიციის მომხრეები ამტკიცებენ, რომ, “პირად ღირსებას მოკლებული არიან ჯერ არდაბადებული ბავშვები, ანდა მოხუცები ისევე, როგორც მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები”. ეკლესია კი ამის საწინააღმდეგოდ ამბობს, რომ ღირსება თანდაყოლილია ყოველი ადამიანის პიროვნებაში, განურჩევლად რაიმე სახის გარემოებისა. გარდა ამისა, დოკუმენტში ნახსენებია ტერმინი „ადამიანის ღირსების“ ბოროტად გამოყენება, რომელიც გამოიყენება პირადი შეხედულებებიდან და სურვილებიდან გამომდინარე ახალი უფლებების გასამართლებლად.

 

რწმენის დოქტრინის დეკლარაციაში ვხვდებით ჩამონათვალს ადამიანის ღირსების მძიმე შელახვის ფორმებისა, ესენია: მკვლელობის ნებისმიერი ფორმა, გენოციდი, ევთანაზია, აბორტი, ნებაყოფლობითი თვითმკვლელობა, ასევე „ის, რაც არღვევს ადამიანის პიროვნების ხელშეუხებლობას, მაგალითად: დასახიჩრება, ფიზიკური და მენტალური წამება, ფსიქოლოგიური იძულება. და ბოლოს, ჩამოთვლილია ისეთი ფორმები, რომლებიც შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას, მაგალითად:  ცხოვრების არაადამიანური პირობები, უსაფუძვლო დაკავება, დეპორტაცია, მონობა, პროსტიტუცია, ქალებითა და ახალგაზრდებით ვაჭრობა, შრომის სამარცხვინო პირობები. დოკუმენტში ასევე ნახსენებია სიკვდილით დასჯა, „როგორც ყოველი ადამიანის ღირსების ხელყოფა, განურჩევლად გარემოებისა“.

 

რწმენის დოქტრინის დეპარტამენტის დეკლარაცია ასევე ეხება „სიღარიბის დრამას“, როგორც თანამედროვე მსოფლიოს უდიდეს უსამართლობას და ასევე ომს, როგორც “ტრაგედიას, რომელიც უარყოფს ადამიანის ღირსებას“.

 

„დღეს, უკიდურესად რთულია წინა საუკუნეებში მომწიფებული რაციონალური კრიტერიუმების შენარჩუნება და შესაძლო წმინდა ომზე საუბარი“, - ნათქვამია ვატიკანის დეკლარაციაში.

 

მიგრანტების ტანჯვისა და ტრეფიკინგის გარდა დოკუმენტში ნახსენებია ასევე „ადამიანის ორგანოებითა და ქსოვილებით ვაჭრობა, ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია, მონური შრომა პროსტიტუციის ჩათვლით, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობა, ტერორიზმი და საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულები“. ასევე საუბარია სექსუალურ ძალადობაზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, მათ შორის აბორტის იძულებაზე, რომლის მსხვერპლიც, მამაკაცების ეგოისტური სიამოვნების დასაკმაყოფილებლად,  ხშირად ხდებიან დედები და ბავშვები. დოკუმენტში დაგმობილია მრავალცოლიანობა, ფემიციდი, კიბერბულინგი, პორნოგრაფია და ქსელური, აზარტული თამაშები. 

 

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „გენდერულ თეორიას“. შეხსენების შემდეგ, რომ ჰომოსექსუალების მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაცია, აგრესია და ძალადობა უნდა აღმოიფხვრას, დაგმობილია გენდერული თეორია, რომელიც ცდილობს გააუქმოს სქესთა შორის განსხვავებები. სქესის შეცვლის პრაქტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის იმ უნიკალურ ღირსებას, რომელსაც ადამიანი ჩასახვის მომენტიდან იღებს. თუმცა „ეს არ ნიშნავს, რომ პირს, რომელსაც აწუხებს დაბადებისას უკვე შესამჩნევი ან მოგვიანებით განვითარებული  სასქესო ორგანოების ანომალიები, მათი  გამოსწორების მიზნით არ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას“, - ნათქვამია დეკლარაციაში Dignitas Infinita.

 

წყარო: www.vaticannews.va/


 შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

bottom of page