მედიაწიგნიერება – Catholic.ge-ს სემინარი ანიმატორებისთვის
- 6 minutes ago
- 2 min read
19 ივნისს, catholic.ge–ს სარედაქციო ჯგუფმა, კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ანიმატორების შეხვედრაზე, მედიაწიგნიერების შესახებ ტრენინგ–სემინარი გამართა.

მედიაწიგნიერება – catholic.ge-ს სემინატი ანიმატორებისთვის
19 ივნისს, catholic.ge–ს სარედაქციო ჯგუფმა, კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ანიმატორების შეხვედრაზე, მედიაწიგნიერების შესახებ ტრენინგ–სემინარი გამართა.
ანიმატორების შეხვედრას, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში 18–20 ივნისს მიმდინარეობდა, ორგანიზება საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრმა გაუწია. მასში მონაწილეობას კათოლიკე ეკლესიის სხვადასხვა სამრევლოდან 45 ადამიანი იღებდა. სამი დღის განმავლობაში დაგეგმილი იყო აქტივობები და სემინარები, რომელსაც კათოლიკე ეკლესიასთან არსებული სხვადასხვა ორგანიზაცია წარმოადგენდა.
შეხვედრის ფარგლებში, 19 ივნისს, Catholic.ge-ს გუნდს ორი სესია დაეთმო. განხილული იყო თემები მედიაწიგნიერების შესახებ.
პირველ სესიაზე, ვებ–გვერდის რედაქტორმა, თაკო ფეიქრიშვილმა ისაუბრა თუ რაში სჭირდებათ ახალგაზრდებს მედიაწიგნიერების ცოდნა და როგორ დაეხმარებათ ეს ბავშვებთან ურთიერთობისას, ასევე როგორ უნდა შეარჩიონ მედიასაშუალებების მიერ მომზადებული მასალები, რათა გაარჩიონ ყალბი ამბები ნამდვილისგან და არ გახდნენ დეზინფორმაციის მსხვერპლი; საუბარი შეეხო ბავშვთა დაცვის კონვენციის იმ მუხლებსაც, სადაც საუბარია ბავშვების გაშუქებასა და სოციალურ სივრცეში მათი ფოტოების გამოქვეყნებაზე.
ბავშვთა დაცვის საკითხი განაგრძო ვებ–გვერდის ხელმძღვანელმა, მამა კონსტანტინე აკოფაშვილმა. მან ისაუბრა დოკუმენტზე, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ კათოლიკე ეკლესიაში შეიქმნა. სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ ბავშვების ღირსება უპირველესია და მნიშვნელოვანია მისი გათვალისწინება ბავშვების ყოველგვარი ჩართულობისას საეკლესიო თუ საერო ცხოვრებაში.
შეხვედრის მეორე სესია დაეთმო ფოტო–ვიდეოგრაფიას. თემაზე catholic.ge-ს ოპერატორმა რობი ზარიძემ ისაუბრა. მან ახალგაზრდებს კონკრეტულ აპლიკაციებში მუშაობის ტექნიკა, ასევე ფოტო–ვიდეო გადაღების სპეციფიკა და ძირითადი მიგნებები გააცნო.
ამავე ნაწილში ახალგაზრდებს ესაუბრა ვებ–გვერის თარჯიმანი, შოთა გიქოშვილი, რომელიც catholic.ge-სთვის უცხოენოვან სტატიებს ქართულად თარგმნის. მან ახალგაზრდებს გააცნო, თუ როგორ არჩევს სტატიებს, რა არის თარგმნისას ყურადსაღები და როგორია უცხოენოვან ტექსტებზე მუშაობის თავისებურება.
საბოლოოდ, შეხვედრა მცირე ფოტოკონკურსით დასრულდა. ახალგაზრდებმა ადგილზე ნასწავლი ტექნიკები პრაქტიკაში გამოიყენეს და ფოტოები გადაიღეს. მათგან 3 საუკეთესო შეირჩა, რომლებსაც სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ასევე ყველა მონაწილემ მიიღო სიმბოლური საჩუქარი catholic.ge-სგან.
მსგავსი შეხვედრა catholic.ge-მ ახალგაზრდებთან უკვე მეორედ გამართა. სემინარი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას, რათა მიღებული ცოდნა მათ გამოიყენონ პრაქტიკაში, სამრევლო საქმიანობაში – მომავალში დაგეგმილი საბავშვო ბანაკების ან სხვა აქტივობების დროს.
ასევე ყოველი ახალგაზრდა პოტენციურად მოიაზრება catholic.ge–ს მოხალისე/მეგობრად, რომლებმაც უნდა განაგრძონ სამრევლო საქმიანობა.













































Comments