top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანში საშობაო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ვატიკანში, საშობაო ბაგის გახსნისა და ნაძვის ხის განათების ტრადიციული ცერემონია წმიდა პეტრეს მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას მრავალი მორწმუნე, მომლოცველი და ტურისტი დაესწრო, ასევე ეპარქიებისა და მუნიციპალიტეტების დელეგაციები, რომლებმაც წლევანდელი საშობაო დეკორაციებისთვის გარკვეული შემოწირულობა გაიღეს.

 

ree

წელს, საშობაო ბაგა ნოჩერა ინფერიორე სარნოს ეპარქიამ მოამზადა და იგი შთაგონებულია აგრო ნოჩერინო-სარნეზეს რეგიონის არქიტექტურითა და სულიერი მემკვიდრეობით. მისი დეკორაცია მოიცავს სანტა მარია მაჯორეს ბაპტისტერიუმს, ჰელვიუსის შადრევანსა და სამხრეთ იტალიის არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ეზოებს. ერთ-ერთი შთაგონების წყარო იყო წმიდა ალფონსო მარია დე ლიგუორი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური საგალობლის, „Tu scendi dalle stelle“-ს (ვარსკვლავებიდან ჩამოდიხარ) ავტორი. ეს არის წლევანდელი საშობაო სცენის სათაური, რომლის ცენტრალური ელემენტი, რა თქმა უნდა, საშობაო ბაგაა.

 

საშობაო ხე კი, შთამბეჭდავი, 25 მეტრის სიმაღლის წითელი ნაძვია, სამხრეთ ტიროლის ვალ დ’ულტიმოს ხეობიდან, რომელიც ლაგუნდოსა და ულტიმოს მუნიციპალიტეტებმა შესწირეს. ასობით მოციმციმე ნათურით განათებული, იმედისა და წმიდა პეტრეს მოედანზე ქრისტეს მოსვლის მოლოდინის სიმბოლოა.

 

საშობაო სიმბოლოების გახსნის ცერემონიას ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს გუბერნატორი, მონაზონი რაფაელა პეტრინი უძღვებოდა. მან აღნიშნა, რომ როგორც საშობაო ბაგა, ასევე საშობაო ნაძვის ხე „იმედისა და სინათლის ხილული ნიშნებია, რომელსაც ღმერთი განუწყვეტლივ სთავაზობს კაცობრიობას“. მისივე თქმით, ფიქრი იესოს შობის შესახებ, გვეხმარება ხელახლა აღმოვაჩინოთ ღვთისგანკაცებისა და მსოფლიო ისტორიაში „სიყვარულის განმაიარაღებელი ძალით“ შესვლის საიდუმლო.

 

ree

იტალიის ქალაქ გრეჩოში პირველი საშობაო ბაგის შემქმნელის, წმიდა ფრანცისკე ასიზელისა და წმიდა ალფონსო მარია დე ლიგუორის პიროვნებებზე საუბრით, მონაზონმა თქვა, რომ ჭეშმარიტი მშვიდობა ღვთის ნიჭია და არა მხოლოდ ადამიანური ძალისხმევის ნაყოფი, რომ ყველა მოწოდებულია განასახიეროს მშვიდობა, როგორც ყოველდღიური ქცევის კონკრეტული გზა - აირჩიოს იგი არა მხოლოდ მიზნად, არამედ გზად.

 

ree
ree

„საშობაო ბაგა არა მხოლოდ ორი ათასი წლის წინანდელი მოვლენების გახსენებას ისახავს მიზნად, არამედ, იმას, რომ ხელახლა განვიცადოთ, გულებს შევეხოთ, ღვთის სინაზე გამოვავლინოთ და სიკვდილზე გამარჯვებული სიცოცხლის რწმენა გავაღვიძოთ. ნაძვის ხე თავისი შუქითა და დეკორაციებით, ასევე ატარებს თანაზიარების, ქმნილებისადმი ზრუნვის, მშვიდობისა და საყოველთაო ძმობის გზავნილს“- აღნიშნა მონაზონმა.

 

საშობაო დეკორაციები წმიდა პეტრეს მოედანზე უფლის ნათლისღების კვირამდე, 11 იანვარმდე დარჩება.

შოთა გიქოშვილი

 

 

 

Comments


bottom of page