top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანში, ქართული ხელნაწერის ქვეშ, ბიბლიის თავის აქამდე უცნობი ვერსია აღმოაჩინეს

ვატიკანის ბიბლიოთეკაში, ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის გამოყენებით აღმოაჩინეს ბიბლიის ერთ-ერთი თავის ძველი ვერსია. იგი 1500 წელიწადზე მეტხანს იმალებოდა ძველქართულად, ნუსხურად შესრულებული ტექსტის ქვეშ. ამის შესახებ ჟურნალ New Testament Studies–ზე დაყრდნობით, პირველი არხი წერს.


ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსი გრიგორი კესელი აღმოჩენის შესახებ ჟურნალ New Testament Studies-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს. New Testament Studies წარმოადგენს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის რეცენზირებამდელ აკადემიურ ჟურნალს.


კესელის ცნობით, მან ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის გამოყენებით სცადა ენახა, რა ეწერა პალიმფსესტზე შესრულებული სიტყვების სამი შრის ქვეშ. პალიმფსესტი არის უძველეს ხელნაწერთა ტიპი, რომელსაც სხვა ნაწერებზე ზემოდან გადასაწერად იყენებდნენ, მაგრამ ხშირად მაინც რჩებოდა თავდაპირველი ნაწერის კვალი.


პალიმფსესტებს ძველად პერგამენტის სიმწირის გამო იყენებდნენ. ამ მასალაზე სიტყვებს განმეორებით წერდნენ იქამდე, ვიდრე ქვეშ მოქცეულ სიტყვებს რამდენიმე შრე არ დაფარავდა.


კესელის აღმოჩენაში აღწერილი ტექსტი წარმოადგენს მათეს სახარების მე-12 თავის დიდი ხნის უცნობ ვერსიას, რომელიც თავდაპირველად, დაახლოებით 1500 წლის წინ, ბიბლიის ძველსირიულ თარგმანში შედიოდა. კესელის განცხადებით, ტექსტი მან ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცულ ხელნაწერში აღმოაჩინა.


აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ხელნაწერი მკვლევრებს „უნიკალურ კარიბჭეს“ სთავაზობს ბიბლიის ტექსტუალური ევოლუციის ადრეული ფაზების შესასწავლად. ჩანს ტექსტის თანამედროვე თარგმანისგან გარკვეული სხვაობებიც.


მაგალითად, პრესრელიზის მიხედვით, მათეს 12:1-ის თავდაპირველ ბერძნულ ვერსიაში წერია: „ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა“.


ახლად აღმოჩენილ სირიულ თარგმანში კი ოდნავ სხვაგვარად წერია: „დაიწყეს თავთავების კრეფა, ხელებით სრესა და ჭამა“.


პალიმფსესტზე შესრულებული ხელნაწერი, რომლის ქვეშაც ძველსირიულად თარგმანი აღმოაჩინეს, ძველქართულად, ნუსხურად არის შესრულებული და ვატიკანის ბიბლიოთეკაში ის მე-20 საუკუნის შუა პერიოდში მოხვდა. ქართველი მკვლევრის, მიხეილ თარხნიშვილის მოკლე ჩანაწერის წყალობით, მეცნიერებმა მის შესახებ უკვე 1953 წელს იცოდნენ. ამ წლის შემდეგ, ხელნაწერი დაიკარგა. 2010 წელს ის ხელახლა აღმოაჩინეს, 2020 წელს კი გააციფრულეს და ვატიკანის ციფრულ ბიბლიოთეკაში განათავსეს.


ვატიკანში დაცული ეს ხელნაწერი თავდაპირველად სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაცულ ქართულ ხელნაწერს ეკუთვნოდა (სახელით Sin. geo. 49), რომელიც შეიცავდა იადგარსაც. ეს ქართული ხელნაწერი პალიმფსესტს წარმოადგენს და შედგენილია სხვადასხვა ენაზე შესრულებული თავდაპირველად დამოუკიდებელი ხელნაწერების მრავალი ნაწილისგან.


ქართული ხელნაწერი არასრულყოფილია და მრავალი ნაწილი აკლია, მათ შორის, კოლოფონიც (წიგნის ბოლოს დართული მხატვრის ან გამომცემლის გვარები და სხვა ცნობები). მიუხედავად ამისა, ხელნაწერის ანალიზების საფუძველზე, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის მე-10 საუკუნის ცნობილი ქართველი მწიგნობრის, იოანე-ზოსიმეს მიერ არის შესრულებული. იოანე-ზოსიმე თავდაპირველად მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო X საუკუნის 70-იანი წლებიდან — სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში.


მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.

bottom of page