‘შეაჩერეთ საომარი ქმედებები ახლო აღმოსავლეთში’ - პაპი ფრანცისკე
- catholic.ge
- Apr 15, 2024
- 1 min read
პაპი ფრანცისკე გამოეხმაურა ისრაელზე ირანის თავდასხმას და მოუწოდა შეაჩერონ რისკები, რათა ახლო აღმოსავლეთი გაცილებით ფართომასშტაბიან ომში არ ჩაებას: “არავინ უნდა ემუქრებოდეს სხვების არსებობას. დაე, სხვა ერები დაეხმარონ ებრაელებსა და პალესტინელებს იცხოვრონ ორ სახელმწიფოში უსაფრთხოდ. ეს მათი სურვილი და უფლებაა. არანაირი ომები. არანაირი ძალადობა!”

“არა – ომებს, არა – თავდასხმებს, არა – ძალადობებს; დიახ – დიალოგს და დიახ – მშვიდობას”.
სამოციქულო სასახლის სარკმლიდან ლოცვის შემდეგ, საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, პაპმა კვლავ მიმართა ერებს მშვიდობისა და მოლაპარაკებებისაკენ. მან ისრაელსა და პალესტინას საკითხის მოგვარებისაკენ მოუწოდა: “აწარმოეთ ეფექტური მოლაპარაკებები!”.
წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ათასობით მომლოცველს, პაპმა გაუზიარა თავისი წუხილი ისრაელზე ირანის მხრიდან თავდასხმის შესახებ. მან მიმართა ყველას, ვინც ამ რთულ სიტუაციაზეა პასუხისმგებელი.
“შეაჩერეთ ნებისმიერი ქმედება, რომელიც გააღვივებს ძალადობის სპირალს, რაც უფრო ღრმად ითრევს ახლო აღმოსავლეთს საომარ კონფლიქტში”.
პაპმა ფრანცისკემ ასევე ისაუბრა ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ კონფლიქტზე: “არავინ უნდა ემუქრებოდეს სხვების სიცოცხლის არსებობას. ყველა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი და დაეხმაროს ისრაელსა და პალესტინას, რათა ამ ორ სახელმწიფოში იცხოვრონ გვერდიგვერდ, უსაფრთხოდ. ეს ამ ორი მეზობელი სახელმწიფოს უფლებაა”.
წმინდა მამამ ასევე ღაზას სექტორზე გაამახვილა ყურადღება, სადაც ჰამასის ხელმძღვანელობით, ჯანდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა ახალი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულთა რიცხვმა 33 700–სს გადააჭარბა. “აუცილებელია, უახლოეს პერიოდში, ღაზას სექტორში ცეცხლი შეწყდეს და მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ასევე დახმარება გაეწიოს ჰუმანიტარულ კატასტროფაში მყოფ მოსახლეობას”.
ისევე როგორც კონფლიქტის დასაწყისში, პაპმა კვლავ მოუწოდა პალესტინას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნახევარი წლის წინ გატაცებული ებრაელი ტყვეები, რომლებიც დღემდე ჰამასის ხელში რჩებიან და რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. პაპმა მორწმუნეებს სთხოვა: “ასეთ რთული სატანჯველის დროს, მოდით, ვილოცოთ მშვიდობისათვის”.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments