რაზე ისაუბრეს პაპ ლეონ XIV - მ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ
- catholic.ge
- 5 hours ago
- 1 min read
პაპი ლეონ XIV ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც კვირას 11 მაისს, პაპმა წმიდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან მოუწოდა, რომ "გატარდეს ყველა ძალისხმევა" უკრაინაში ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის დასამყარებლად და ყველა ბავშვი საკუთარ ოჯახებს დაბრუნდეს.

უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალური ქსელის X-ის საშუალებით განაცხადა, რომ პირველი სატელეფონო საუბარი ჰქონდა ახალარჩეულ პაპთან, ლეონ XIV - სთან და მადლობა გადაუხადა მას ქვეყნის მხარდაჭერისთვის.
„ვესაუბრე პაპ ლეონ XIV-ს. ეს ჩვენი პირველი საუბარი იყო, მაგრამ ძალიან თბილი და ნამდვილად შინაარსიანი. მის უწმინდესობას მადლობა გადავუხადე უკრაინისა და მთელი ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ვრცელ წერილში, ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა პაპის მიმართ, კვირა დილას, „Regina Caeli“-ს ლოცვის შემდეგ წარმოთქმული სიტყვებისთვის: „მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას უკრაინისა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის სიტყვებს ჩვენი ქვეყნისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისა და პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ“.
მან ასევე განაცხადა, რომ პაპთან ისაუბრა რუსეთის მიერ დეპორტირებული ათასობით უკრაინელი ბავშვის შესახებ.
„უკრაინა ვატიკანის დახმარებას ელის, ბავშვების ოჯახებში დაბრუნებისთვის“.
"პაპს ვაცნობე უკრაინასა და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა დღესვე უნდა ამოქმედდეს, მინიმუმ 30 დღით. ასევე დავადასტურე უკრაინის მზაობა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის პირდაპირი მოლაპარაკებების, რომელსაც ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი. უკრაინას სურს ამ ომის დასრულება და ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად. ახლა ჩვენ ველოდებით მსგავს ნაბიჯებს რუსეთისგან“, – წერს ზელენსკი.
დასასრულს ზელენსკიმ განმარტა, რომ პაპი ლეონ XIV სამოციქულო ვიზიტით უკრაინაში მიიწვია: „ასეთი ვიზიტი ნამდვილ იმედს მოუტანს ყველა მორწმუნეს და სრულიად უკრაინელ ხალხს. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ კონტაქტს და უახლოეს მომავალში მოვაწყობთ პირად შეხვედრას“.
პაპ ლეონ XIV –ისა და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის ფაქტი წმიდა საყდრის პრესსამსახურის უფროსმა, მატეო ბრუნიმაც დაადასტურა.
Yorumlar