top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ველიჩკა' - მსოფლიოში ყველაზე დიდი, მარილისმიწისქვეშა სამლოცველო

სამხრეთ პოლონეთში, კრაკოვთან ახლოს მდებარეობს ქალაქი ველიჩკა, რომელიც მარილის საბადოთია ცნობილი. მიწის ქვეშ, ასი მეტრის სიღრმეში ყოფილ მაღაროს ადგილას განსაკუთრებული, მარილში ნაკვეთი სამლოცველოა - იგი წმინდა კუნიგუნდას (Kinga) სახელს ატარებს.



მაღარო „ველიჩკას“ მიწისქვეშა სამლოცველო არაერთი მიზეზის გამოა განსაკუთრებული. იგი არა მხოლოდ თავგადასავლების მაძიებელ ტურისტებს იზიდავს, არამედ ულამაზესი ატმოსფეროთი მოხიბლულ წყვილებსაც, ჯვრისწერის საიდუმლოს მისაღებად.


101 მეტრის სიღრმეში, „ველიჩკას“ მარილის საბადო, მიწის ქვეშ, მზის სხივებისგან მალავს ყველაზე დიდ სამლოცველოს. წმინდა კუნიგუნდას სახელობის ეს სამლოცველო სრულად მარილშია გამოკვეთილი. სწორედ ეს წმინდანია მარილის საბადოში მომუშავე მაღაროელების მფარველიც.


სამლოცველო ერთი შეხედვით ძალიან პირქუშია, რადგან მარილის სვეტებისგან დამზადებული უნიკალური ჭაღები ანათებს. დარბაზის სიმაღლე 12 მეტრია, სიგრძე – 54 მეტრი, ხოლო სიგანე –18 მეტრი.


ყველას, ვისაც სურს, რომ მიწისქვეშ „დაიმალოს“ და ამ განსაკუთრებულ ადგილზე ილოცოს, წმინდა კუნიგუნდას სახელობის სამლოცველო ელის, საკვირაო წმინდა წირვაზე ან სადღესასწაულო ღამისთევებზე.


XIX საუკუნის 90-იან წლებამდე სამლოცველო მხოლოდ მაღაროელებს ეკუთვნოდათ, თუმცა უკვე 100 წელია, რაც იგი თავისი განსაკუთრებულობით მორწმუნეებს ახარებს. ძნელია არ გაოცდე ამ სამლოცველოთი, რომელიც მოქანდაკე მაღაროელებმა თავად შექმნეს. ამ შემოქმედების მთავარი ხელოვანები იყვნენ: ანტონ ვიროდეკი და ძმები, იოსებ და ტომაშ მარკოვსკები.


სწორედ, ტომაშ მარკოვსკიმ შექმნა სამნაწილიანი საკურთხევლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მის გვერდებზე გამოძერწილია წმინდა იოსებისა და წმინდა კლიმენტის ქანდაკებები, ხოლო ცენტრში, წმინდა კუნიგუნდას ქანდაკებაა (ველიჩკის სამრევლოსა და მაღაროელების მფარველი). მისი რელიკვიები ამ ადგილზე 1994 წელს მოაბრძანეს და საკურთხევლის ცენტრალურ ნაწილში დააბრძანეს.


ტომაშ მარკოვსკის ხელს ეკუთვნის ამბიონიც, რომლის ქვედა ნაწილიც ასახავს ვაველის სასახლის ადგილმდებარეობას, მის თავდაცვით კედლებსა და შემაღლებულ ბორცვს. გარდა ამისა, მაღაროელების ხელით შეიქმნა გვერდითი საკურთხევლები, ჰეროდეს განაჩენისა და უდანაშაულო ყრმათა დახოცვის სცენა ბარელიეფზე, ასევე ლურდის ღვთისმშობლის ქანდაკება.


მარილში გამოკვეთილი უამრავი სილამაზის, ახალი აღთქმის მოვლენების, (ეგვიპტეში გაქცევა და ქორწილი გალიელის კანაში) ავტორია კიდევ ერთი მაღაროელი მოქანდაკე, ანტონ ვიროდეკი.


ლეონარდო დავიჩის ფრესკის შთაგონებით მან ასევე შექმნა „საიდუმლო სერობა“. სამლოცველოში, წმინდა წერილიდან მრავალი სხვა პასაჟია მოცემული.


სამლოცველოში თვალში აუცილებლად მოგვხვდება მარჯვნივ კედელზე გამოსახული შობის სცენა. იგი შეასრულა მეჩისლავ კლუზეკმა, ხოლო პრეზბიტერიუმში გამოკვეთილია პაპის ჯვარი, რომელიც სიმბოლურად პოლონეთის ტერიტორიაზე არსებულ მარილის ოთხივე საბადოს აღნიშნავს (ველიჩკა, ბოხნია, შეროშოვიცე და კლოდავე).


აღსანიშნავია, რომ 1999 წელს, წმინდა მამის, იოანე პავლე მეორის პატივსაცემად, სამლოცველოში დადგეს მისი ქანდაკება. ეს არის პაპის მსოფლიოში ერთადერთი მარილის ქანდაკება.


1978 წელს მაღარო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს, ხოლო ორი წლით ადრე, ძეგლთა ეროვნულ რეესტრში.


წყარო: aleteia.org


შოთა გიქოშვილი

bottom of page