მარიამი ვერ იწოდება “თანაგამომსყიდველად”-დოქტრინალური განმარტება
- catholic.ge

- 3 days ago
- 2 min read
4 ნოემბერს, სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაციის დოქტრინალური განმარტების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ღვთისმშობელ მარიამთან დაკავშირებულ ზოგიერთ ტიტულს შეეხებოდა.

დოკუმენტი სათაურით “Mater Populi Fidelis” (მორწმუნე ხალხის დედა) ხელმოწერილია რწმენის სწავლების დიკასტერიის პრეფექტის, კარდინალ ვიქტორ მანუელ ფერნანდესისა და ამავე დიკასტერიის მდივნის, მღვდელ არმანდო მატეოს მიერ.
ეს დოკუმენტი პაპმა ლეონ XIV - მ 7 ოქტომბერს დაამტკიცა. იგი დეპარტამენტის დიდხნიანი კოლეგიალური შრომის ნაყოფია.
ახალ დოკუმენტში საუბარია ღვთისმშობლისადმი პატივის მიგებასა და ქალწული მარიამის პიროვნების კავშირზე იესო ქრისტეს საქმიანობასთან, რომლის ძალითაც მარიამი ითვლება ყოველი მორწმუნის დედად.
ტექსტში წარმოდგენილია მყარად დაფუძნებული ბიბლიური საფუძველი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი პატივის მიგებისა, შეკრებილია წმიდა მამათა წყაროები, ეკლესიის მოძღვართა წვლილი, აღმოსავლური ტრადიციის ელემენტები და ბოლო დროის პაპების მოძღვრებები.
დოკუმენტში შეტანილია ღვთისმშობელთან დაკავშირებული რადენიმე წოდების ანალიზი; ხაზგასმულია ზოგიერთი ტიტულის მნიშვნელობა და მეორეს მხრივ, მასთან დაკავშირებული რისკები.
ისეთი ზედწოდებები, როგორიცაა „მორწმუნეთა დედა“, „სულიერი დედა“ და „მორწმუნე ხალხის დედა“, დოკუმენტში მიჩნეულია ყველაზე სასურველ ტიტულებად. ხოლო, ტიტული – “თანაგამომსყიდველი” განხილულია როგორც უადგილო და შეუფერებელი.
ასევე ტიტული „მეოხე“ მიუღებლად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ მას მიეწერება მნიშვნელობა, რომელიც მხოლოდ იესო ქრისტეს ეკუთვნის; მაგრამ იგი ღირებულია მაშინ, როცა გამოხატავს ინკლუზიურ მეოხებას, რომელიც განადიდებს ქრისტეს ძალას.
ისეთი ტიტულები, როგორებიცაა: “მადლის დედა” და “მეოხე ყოველი წყალობისა” მიჩნეულია მისაღებად, თუ მათში ჩადებულია გარკვეული არსი, თუმცა ისინიც შეიცავენ რისკს იმ შემთხვევაში, თუ სხვა კონტექტსში იქნება განხილული.
ამრიგად, დოკუმენტის არსი მდგომარეობს კათოლიკური სწავლების განმტკიცებაში ღვთისმშობლის პატივისცემის შესახებ, რომლის ცენტრშიც ქრისტე და მისი მაცხოვნებელი მოქმედებაა.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი ტიტულებიდან ზოგიერთის ინტერპრეტაცია შესაძლებელია სწორი იყო ეგზეგეტიკურად, მაინც რეკომენდებულია მათი თავიდან აცილება, როგორც ეს კარდინალმა ფერნანდესმა განმარტა, დოკუმენტის პრეზენტაციაზე. მან გააფრთხილა გარკვეული ჯგუფები და პუბლიკაციები, რომლებიც გვთავაზობენ „დოგმატურ განვითარებებს“, მათ შორის სოციალურ მედიაში არსებულ პუბლიკაციებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ დოქტრინას.
ტიტულთან– „თანაგამომსყიდველი“– დაკავშირებით, დოკუმენტი შეგვახსენებს, რომ ზოგიერთი პაპი იყენებდა ამ ტიტულს, თუმცა ამის შესახებ ვრცელი განმარტებები არ გაუკეთებიათ. ისინი ძირითადად გულისხმობდნენ მარიამის ღვთისმშობლობასა და მის ერთობას ქრისტესთან მაცხოვნებელი ჯვრის ქვეშ.
ვატიკანის მეორე კრების გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტიტული აღარ უნდა გამოიყენებოდეს დოგმატური, პასტორალური და ეკუმენური თვალსაზრისით.
წმიდა პაპმა იოანე პავლე II-მ იგი სულ მცირე შვიდჯერ ახსენა, მაგრამ ამ ტიტულს იგი პირველ რიგში უკავშირებდა ჩვენი ტკივილის გამომსყიდველ მნიშვნელობას, რომელიც სწირავდა ქრისტეს მსხვერპლთან ერთად, რომლთანაც მარიამი უპირველს ყოვლისა ერთიანდება ჯვრის ქვეშ.
დოკუმენტში მოხსენიებულია 1996 წელს რწმენის სწავლების კონგრეგაციის ფარგლებში გამართული დისკუსია, რომლის თემაც იყო ახალი დოგმის გამოცხადების შესაძლებლობა მარიამზე, როგორც „თანაგამომსწიდველზე“ ანდა „ყოველი წყალობის მეოხეზე“. კარდინალი იოზეფ რაცინგერი კარდინალი რატცინგერი ეწინააღმდეგებოდა ასეთ ნაბიჯს და განმარტავდა, რომ „ჯერ კიდევ არ არის ნათელი, თუ როგორ არის წარმოდგენილი ამ ტიტულებში გამოხატული დოქტრინა წმიდა წერილსა და სამოციქულო ტრადიციაში“. თავის მხრივ, პაპმა ფრანცისკემ სულ მცირე სამჯერ გამოთქვა წინააღმდეგობა „თანაგამომსყიდველის“ ტიტულის გამოყენებაზე.
ანალოგიურად, კარდინალმა რატცინგერმა განაცხადა, რომ ტიტული „მარიამი, ყველა მადლის შუამავალი“ აშკარად არ ეფუძნება ღვთაებრივ გამოცხადებას.
წყარო: https://www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი










Comments