top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვინ უნდა დაიცვას მარხვა და თავი შეიკავოს ხორცის ჭამისაგან – ხშირად დასმული კითხვები

Updated: Mar 24, 2022


ვინ უნდა დაიცვას მარხვა და თავი შეიკავოს ხორცის ჭამისაგან პარასკევობით? (არა მხოლოდ დიდმარხვის დროს, არამედ ყოველ პარასკევს).


პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე:


რისთვის არის მარხვა საჭირო? რა აზრი დევს ამაში?

ეკლესიის სწავლების თანახმად, ყველა ქრისტიანი ვალდებულია მონანიების საიდუმლო თავისებურად აღასრულოს. ეს გვეხმარება სულიერად გაზრდაში, ცოდვაზე უარის თქმასა და ღმერთთან დაახლოებაში. იმისთვის, რომ ამ ყველაფერს მივდიოთ, მოცემულია მონანიების დღეები, როცა მორწმუნე ქრისტიანმა განსაკუთრებული ხერხით უნდა ილოცოს, შეასრულოს გულმოწყალების საქმე და უარი თქვას საკუთარ თავზე. მან ერთგულად უნდა აღასრულოს თავისი ვალდებულებები. უპირველეს ყოვლისა, დაიცვას მარხვა და თავი შეიკავოს სხვადასხვა რამისგან. ეს დღეები კი არის წლის ყოველი პარასკევი, ასევე დიდმარხვის პერიოდშიც. (კეკ 1250).


ყოველი პარასკევი მარხვის დღეა? აუცილებელია მისი დაცვა?

დიახ! ეს სიმართლეა. ხორცის ჭამისაგან თავშეკავება (გარდა თევზეულისა) კათოლიკეებისათვის სავალდებულოა წლის ყოველ პარასკევ დღეს, გამონაკლისია ის დღე, როცა რაიმე დღესასწაული აღინიშნება პარასკევს. (მაგ. დიდმარხვის პერიოდში გამონაკლისია 19 და 25 მარტი).


რატომ მაინცდამაინც პარასკევი?

იმიტომ, რომ ქრისტე ჯვარს პარასკევ დღეს აცვეს. ამ დღეს, ქრისტიანები თავიდანვე მოიხსენიებდნენ ქრისტეს ვნებებს და მას მონანიების რაიმე ფორმით გამოხატვით აღასრულებდნენ. არსებობს ასკეტიზმის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, ერთ-ერთია ხორცის მიღებაზე უარის თქმა.


რატომ უნდა ვთქვათ უარი მაინცდამაინც ხორცის ჭამაზე?

საუკუნეების განმავლობაში, ხორცი თავისი ფასის გამო, ყველაზე ღირსეულ მსხვერპლად ითვლებოდა და იგი დღესასწაულებზე გამოიყენებოდა. უძველეს კულტურებში, ხორცი დელიკატესად იყო მიჩნეული და ნასუქალ ხბოს ისე არ კლავდნენ, თუ რაიმე დიდი დღესასწაული არ იყო. რადგანაც პარასკევი ითვლებოდა (დღემდე ითვლება) ქრისტიანებში მონანიების დღედ, ხორცის ჭამა და ამ გზით ქრისტეს ვნებების გახსენება არასწორ ქმედებად იყო მიჩნეული.


თევზი რატომ არ ითვლება ხორცად?

ეკლესიის კანონი ქრისტიანებს მიუთითებს ხმელეთის ცხოველების ხორცისაგან უარის თქმაზე. ასეთ ხორცად მიჩნეულია: ქათმის, ძროხის, ღორის, ცხვრისა და ა.შ. ხორცი.

თევზი კი ცხოველების სხვა კატეგორიას განეკუთვნება.


მარხვაში დასაშვებია თევზეულის, ამფიბიების, ქვეწარმავლებისა და მოლუსკების ჭამა. ლათინურ ენაში სიტყვა Carnis მოხსენიებულია ხორცის აკრძალვის მიზნით და აქ ნაგულისხმებია ხორცი (ხმელეთის ცხოველები და ფრინველები) და მათ რიცხვს არ განეკუთვნება თევზი.


უფრო მეტიც, ადრეულ კულტურებში (არა ყველა) თევზი სულაც არ ითვლებოდა სადღესასწაულო საკვებად, არამედ სასჯელიც კი იყო. ჩვენ დროში, ხორცი ჩვეულებრივი ყოველდღიურობის ნაწილია და კავშირი დაკარგა დღესასწაულებთან, ამიტომაც ბევრ ადამიანს არ ესმის, თუ რატომ ითვლება მხოლოდ თევზი სამარხვო საკვებად.


ეკლესიის განზრახვა იმაში მდგომარეობს, რომ მორწმუნეებში გააღვივოს სურვილი ღმერთს შესწირონ ასეთი სახის მსხვერპლი და გულით შეუერთდნენ ქრისტეს ვნებებს ჯვარზე. ხორცი მოცემულია მონანიებისა და მარხვის ძირითად პრაქტიკაში, თუმცა ეს ადამიანს არ აძლევს უფლებას ხორცის მაგივრად პარასკევობით მიირთვას კიბორჩხალები და ძვირადღირებული თევზეული. ამ ყველაფრის არსი ის არის, რომ შესწირო მსხვერპლი, რომელიც ადამიანს აახლოებს ქრისტესთან. ქრისტემ კი ჩვენდამი სიყვარულის გამო შესწირა ყველაზე დიდი მსხვერპლი, რომელიც ადამიანის მიერ შეწირულ ყველანაირ მსხვერპლს აღემატება.


რით განსხვავდება მარხვა ხორცის თავშეკავებისგან?

ხორცეულისგან თავშეკავება ნიშნავს, რომ იგი არ უნდა გამოვიყენოთ საკვებში, მაგრამ ამავდროულად, არ იკრძალება კვერცხით, რძის პროდუქტებითა და ცხოველურ ცხიმებზე საჭმლის მომზადება. სასურველია თავის შეკავება ძვირადღირებული საკვებისა და სასმლისაგან. არც თევზის მიღება იკრძალება, თუმცა აუცილებელი არაა მისი ხორცის პროდუქტებში შერევა.


მარხვის დროს დასაშვებია სამჯერადი კვება, მათ შორის ერთხელ მაძღრისად. სიტყვად შეთანხმება „მძიმე მარხვა“, შეიძლება თავის თავში მოიცავდეს, როგორც ხორცის მიღების აკრძალვას, ასევე მარხვას.


ვინ უნდა დაიცვას მარხვა და თუ არის გამონაკლისები?

ხორცის მიღებისაგან თავის შეკავება მოეთხოვება ყველა მორწმუნეს 14 წლის ასაკიდან, თუ არ არის სხვა რაიმე საპატიო მიზეზი. სრულწლოვნებმა, 18 წლიდან 60 წლამდე უნდა დაიცვან მარხვა განსაზღვრულ დღეებში, თუ არ არსებობს რაიმე სახის საპატიო მიზეზი.

მძიმე მარხვის განსაზღვრული დღეებია „ნაცრისყრის ოთხშაბათი“ და „წითელი პარასკევი“. ადგილობრივ ეკლესიებში, ეპისკოპოსებს უფლება აქვთ ხორცის თავშეკავებისგან გაათავისუფლონ ის ადამიანები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობაში იმყოფებიან (ფეხმძიმე ქალები, ფიზიკურად მომუშავეები, ავადმყოფები). ასევე ისინი, რომლებიც იკვებებიან საზოგადოებრივ დაწესებულებებში, სადაც არ არის დაცული მარხვა და ისინი, რომლებსაც არ შეუძლიათ პროდუქტების შერჩევა და იძულებულნი არიან, ის ჭამონ, რაც გააჩნიათ. ასეთ ადამიანებს ნაწილობრივ, ან სულად დაევალებათ სხვა სახის მარხვა, ლოცვისა და გულმოწყალების გზით.


დიდმარხვის პერიოდში განა ყოველდღე არ უნდა დავიცვათ მარხვა?

არა. მიუხედავად იმისა, რომ ეს 40 დღე ეკლესიისთვის მონანიების პერიოდია, იგი არ ავალდებულებს მორწმუნეებს ხორცის მიღებაზე უარი ყოველდღე თქვან.


თუ მაინც ვჭამ პარასკევობით ხორცს, ყველანაირი საპატიო მიზეზის გარეშე?

ხორცის ჭამა, პარასკევობით, გარდა „ნაცრისყრის ოთხშაბათისა“ და „წითელი პარასკევისა“, მომაკვდინებელ ცოდვად არ ითვლება.


უნდა მივიღოთ თუ არა ალკოჰოლი?

მარხვის დღეებში სასურველია თავი შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან.


დიდმარხვის პერიოდში უნდა დავავალდებულოთ თუ არა 14 წლამდე ბავშვები იმარხულონ?

არა, თუმცა მღვდელმა და მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომ ბავშვებს განუმარტონ მარხვისა და მონანიების არსი. ისინი ბავშვობიდანვე უნდა შეაჩვიონ უარი თქვან, თუნდაც რაიმე უბრალო სურვილებზე დიდმარხვის პერიოდში (ეს შეიძლება იყოს მულტფილმების ყურება, ტკბილეული ან სხვა).


თუ მსურს, რომ ხორცის მიღების გარდა, თავი შევიკავო დამატებით სხვა სურვილებისგან, რამდენად შემიძლია?

ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები დიდმარხვის დროს, მსხვერპლის მინიმალური ჩამონათვალია. თუმცა ეკლესია ყველას ურჩევს, ამ მინიმუმის გარდა, დამატებით აღასრულონ რაიმე გულმოწყალების საქმე. დიდმარხვის პერიოდში, თქვენ შეგიძლიათ დამატებით უარი თქვათ რაიმე სახის საყვარელ საკვებზე ან იმ საქმის კეთებაზე, რომელიც ძალიან გიყვართ. შეგიძლიათ თქვენს ვალდებულებებს დაამატოთ ბიბლიის კითხვა ყოველდღიურად, მაგალითად, დღეში 20 წუთის განმავლობაში. მთავარია ამ ყველაფერში შეინარჩუნოთ კეთილგონიერება, მანამ, სანამ რაიმეს დამატებით გადაწყვეტთ, სასურველია რჩევისთვის თქვენს სულიერ მოძღვარს მიმართოთ .


ავტორი: კატოლოგია.


წყაროები: კათოლიკე ეკლესიის კანონიკური სამართალი; პავლე მეექვსის სამოციქულო კონსტიტუცია “Paenitemini”; მარხვის დაცვისა და ხორცის მიღებაზე უარის თქმის წესდება; ლათინური წესის კათოლიკეებისათვის. Aleteia.


თარგმანი: catholic.ge


bottom of page