top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ვუთხრათ „არა“ სიტყვებისა და სურათების ომს’ – პაპი ლეონ XIV

12 მაისს, პაპი ლეონ XIV იმ ჟურნალისტებს შეხვდა, რომლებიც  რომში ჟურნალისტების პაპ ფრანცისკეს დაკრძალვისა და კონკლავის გასაშუქებლად ჩავიდნენ. პაპმა მედიებს მოუწოდა, ემსახურონ ჭეშმარიტებას და ხელი შეუწყონ მშვიდობას. მისი თქმით, კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი კულტურის ჩამოყალიბებაში.

 


პავლე VI-ის დარბაზში შეკრებილ ჟურნალისტებს, პაპმა ლეონ XIV-მ მადლობა გადაუხადა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც ამ ინტენსიური კვირების განმავლობაში გასწიეს.


ახალარჩეულმა პაპმა  გამოსვლა დაიწყო მოწოდებით, რომ კომუნიკაცია ხელს უნდა უწყობდეს მშვიდობის დამყარებას — იმაზე ზრუნვით, თუ როგორ არიან წარმოჩენილი ადამიანები და მოვლენები.


მან ჟურნალისტებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ კომუნიკაციის ისეთ ფორმას, რომელიც „არ ეძებს კონსენსუსს ნებისმიერ ფასად, არ იყენებს აგრესიულ სიტყვებს, არ მიჰყვება კონკურენციის კულტურას და არასდროს გამოყოფს ჭეშმარიტების ძიებას იმ სიყვარულისგან, რომლითაც თავმდაბლურად უნდა ვეძებოთ იგი“.


„ის, თუ როგორ ვურთიერთობთ, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, ვუთხრათ „არა“ სიტყვებისა და სურათების ომს; უნდა უარვყოთ ომის პარადიგმა.“


სოლიდარობა დევნილ ჟურნალისტებს

პაპმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ეკლესიის სოლიდარობა იმ ჟურნალისტებს,  

რომლებიც  ჭეშმარიტების გავრცელების გამო პატიმრობაში იმყოფებიან და მოუწოდა მათ გათავისუფლებისკენ.


მისი თქმით, მათი ტანჯვა მსოფლიოს ახსენებს პრესისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას: „მხოლოდ ინფორმირებულ ადამიანებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება.“


მსახურება სიმართლისთვის

პაპმა ლეონ XIV–მ მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს სამართლის მსახურებისთვის, განსაკუთრებით იმ ძალისხმევისთვის, რითაც ცდილობდნენ, რომ   ბოლო პერიოდში ეკლესია  „ქრისტეს სიყვარულის სილამაზით“ წარმოჩენილიყო.


მან შეაქო მათი შრომა, რომელიც გვერდზე წევს სტერეოტიპებსა და კლიშეებს, რათა მსოფლიოს გაუზიარონ „არსი, ვინც ვართ ჩვენ“.


ეპოქა, რომელიც პრობლემებითაა სავსე

პაპის თქმით, ჩვენი ეპოქა სავსეა ისეთი სირთულეებით, რომელთა გადმოცემა და გაგებაც რთულია და ეს თითოეულ ჩვენგანს მოუწოდებს, დაძლიოს ინერტულობა.


„ეკლესიამ უნდა უპასუხოს ეპოქის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს,“ — თქვა მან. „იგივე ეხება კომუნიკაციას და ჟურნალისტიკას — ისინი არ არსებობენ დროისა და ისტორიის მიღმა. წმიდა ავგუსტინე ამას გვახსენებს, როცა ამბობს: ‘ვიცხოვროთ სწორად და ეპოქაც კარგი იქნება. ჩვენ ვართ ეპოქა“.


პაპი ლეო XIV შენიშნავს, რომ თანამედროვე მსოფლიო ხშირად გვტოვებს „სიყვარულისგან დაცლილი, იდეოლოგიზებული ან პარტიული ენების არეულობაში.“

მისი თქმით, მედიამ უნდა იტვირთოს ეს გამოწვევა — „გამოიყვანოს სამყარო ბაბილონის გოდოლის მსგავსი მდგომარეობიდან“ — იმ სიტყვებით, რასაც ვიყენებთ, და იმ სტილით, რაც ჩვენს კომუნიკაციას ახასიათებს.


„კომუნიკაცია მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა არაა,“ — აღნიშნა მან, — „ეს ასევე კულტურის, ადამიანური და ციფრული გარემოს შექმნაა, რომელიც დიალოგისა და დისკუსიის სივრცეებად იქცევა“.


ხელოვნური ინტელექტი მოითხოვს პასუხისმგებლობას და განსჯას

ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას, პაპმა განაცხადა, რომ მისი „უზარმაზარი პოტენციალი“ მოითხოვს „პასუხისმგებლობას და გამჭრიახობას, რათა მისმა  გამოყენებამ უზრუნველყოს ყველსა კეთილდღეობა და მთელს კაცობრიობას სარგებელი მოუტანოს“.

დასასრულ, პაპმა ლეო XIV-მ გაიმეორა პაპ ფრანცისკეს მიერ, 2025 წლის სოციალური კომუნიკაციის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მიმართვა.


 

 

 

Comments


bottom of page