top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

იერუსალიმის კათოლიკე და მართლმადიდებელი პატრიარქები ღაზაში დაზარალებულ მორწმუნეებს ერთად შეხვდნენ

  • 1 day ago
  • 2 min read

22 ივნისიდან იერუსალიმის ბერძნულ-მართლმადიდებელმა პატრიარქმა, თეოფილე III-მ, და იერუსალიმის ლათინური წესის კათოლიკე პატრიარქმა, კარდინალმა პიერბატისტა პიცაბალამ, ღაზაში სამწყსო ვიზიტი დაიწყეს. სტუმრობის მიზანია ომის სისასტიკით გამოფიტული ათასობით მამაკაცის, ქალისა და ბავშვის ჭრილობების შემსუბუქება და მათი თანადგომა.



პატრიარქებს თან ახლდნენ მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის დიდი ჰოსპიტალიერი, დოქტორი იოზეფ ბლოცი და Malteser International-ის წარმომადგენლები. ეს ორგანიზაცია მალტის ორდენის ჰუმანიტარული მისიაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ რეგიონში ახორციელებს დახმარების პროგრამებს.


სამწყსო სიახლოვე

იერუსალიმის ლათინური წესის საპატრიარქომ აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი „გამოხატავს იერუსალიმის ეკლესიების სამწყსო პასუხისმგებლობას, როგორც ადგილობრივი ეკლესიების, ისე ღაზის მთელი მოსახლეობის მიმართ, სადაც ოჯახები კვლავ განიცდიან მძიმე ჰუმანიტარულ ტანჯვას, შიშს, დანაკარგსა და გაურკვევლობას“.


საპატრიარქომ ასევე ხაზი გაუსვა ლოცვის შეუცვლელ მნიშვნელობას ისეთ გარემოში, რომელიც ტანჯვამ და ნგრევამ მოიცვა და სადაც, თითქოს, ყოველგვარი იმედი იწურება.


„მისი უნეტარესობის, პატრიარქ თეოფილე III-ისა და მისი უნეტარესობის, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას, ღაზაში ყოფნას, იერუსალიმის ლოცვას მიაქვს აქაურ დაჭრილ და ტანჯულ მორწმუნეებთან, ასევე ყველა იმ ადამიანთან, ვინც იტანჯება. ეს არის ნუგეშის, მოწყალებისა და მტკიცე ქრისტიანული მოწმობის მსახურება, რომელიც დაფუძნებულია სახარებაზე და წმინდა ქალაქის განსაკუთრებულ მოწოდებაზე.“


განახლებული იმედი

ოფიციალური პროგრამის მიხედვით, კარდინალი და პატრიარქი ხვდებიან სასულიერო პირებს, რელიგიურ თემებს, ადგილობრივ ქრისტიან ოჯახებსა და ჰუმანიტარული კრიზისით დაზარალებულ ადამიანებს. ლოცვისა და სამწყსო თანადგომის მეშვეობით, ისინი ცდილობენ ხალხს სულიერი ძალა, ნუგეში და განახლებული იმედი შესძინონ.


მათი მისიის მიზანია ასევე კიდევ ერთხელ დაადასტუროს ეკლესიების ერთგულება ჯანდაცვის, ჰუმანიტარული დახმარებისა და ადამიანის ღირსების დაცვის მიმართ.


თბილი დახვედრა

წმიდა ოჯახის სახელობის ლათინური სამრევლოს შესასვლელთან, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალასა და პატრიარქ თეოფილე III-ს ტაშითა და შეძახილებით მიესალმნენ.


პირველი მისალმებისა და სამრევლოს წინამძღვრის, მამა გაბრიელ რომანელის მიერ წარმართული ლოცვის შემდეგ, იერუსალიმის ლათინურმა პატრიარქმა სიხარული გამოთქვა იმის გამო, რომ შესაძლებლობა მიეცა შეხვედროდა არა მხოლოდ სამრევლოს წევრებსა და ტაძრის მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს, არამედ ამ ტანჯვით სავსე ქალაქის სხვა მცხოვრებლებსაც.


კარდინალის თქმით, ვითარება კვლავაც ძალიან რთულია, თუმცა ეკლესიის წინამძღოლთა ყოფნა ნათლად აჩვენებს იმ ყურადღებასა და მზრუნველობას, რომელსაც ეკლესიები ღაზის მიმართ აგრძელებენ. მისი თქმით, ღაზა კვლავაც რჩება ეკლესიების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.



მუდმივი ზრუნვა

კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა ღაზის მოსახლეობას მანამდეც, 2025 წლის 19 დეკემბერს ეწვია. ორი დღის შემდეგ, 21 დეკემბერს, მან წმიდა ოჯახის სამრევლოში საშობაო წირვა წინასწარ აღავლინა, რომელსაც მრავალი მორწმუნე დაესწრო და რომელიც მათთვის განსაკუთრებული სულიერი ნუგეშის წყარო გახდა.


გასული წლის 17 ივლისს, ისრაელის იერიშის შემდეგ, რომელიც სამრევლოს ტერიტორიაზეც გავრცელდა, სამი ადამიანი იმსხვერპლა და თერთმეტი დაშავდა, კარდინალი პიცაბალა და პატრიარქი თეოფილე III ერთად ჩავიდნენ ღაზაში, რათა მსხვერპლთა ოჯახებისთვის სოლიდარობა გამოეხატათ და იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვედროდნენ.


ეს ვიზიტი ისტორიულად შეფასდა, რადგან ომის მიმდინარეობის დროს მსგავსი მასშტაბის ეკუმენური ვიზიტი პირველად განხორციელდა. ღაზაში ყოფნისას ორივე პატრიარქმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, დაესრულებინათ ომი და წმინდა მიწისთვის განკურნების, მშვიდობისა და შერიგების გზის დაწყებისათვის ხელი შეეწყოთ.


წყარო: www.vaticannews.va

თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page