top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘იმედგაცრუებულიც დავრჩენილვარ, თუმცა ვაფასებდი ამ უძველეს კულტურას’– ნუნციუსი საქართველოზე


2023 წლის ოქტომბრის ბოლოს, პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, ვატიკანის ელჩი საქართველოში მთავარეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური საქართველოსა და სომხეთს დატოვებს და მუშაობას კამერუნისა და ეკვატორული გვინეის რესპუბლიკებში განაგრძობს.


საქართველოდან გამგზავრებამდე პაპის ნუნციუსმა მონაწილეობა მიიღო წეროვანში, 2023 წლის 9 სექტემბერს გამართულ სინოდურ კრებაზე და საკუთარი ხუთწლიანი მუშაობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ვატიკანში წარსადგენად მოამზადა 30 გვერდიანი ანგარიში, მისი მცირე ნაწილი კი სინოდის წევრებს გააცნო.


Catholic.ge გთავაზობთ პაპის ნუნციუსის, მთავარეპისკოპოს ჟოზე აველინო ბეტანკურის წერილს:


„სიხარულით, სულითა და გულით მივიღე მისია საქართველოსა და სომხეთში. საქართველოს უძველესი მიწა ერთი შეხედვით შეიძლება ერთგვაროვანი მოგვეჩვენოს, „კავკასიური“ ფაქტორით თავმოყრილი, სინამდვილეში კი უაღრესად მრავალფეროვანია, დემოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, ეკუმენური თუ რელიგიური თვალსაზრისით.


ეს ბიბლიური ადგილები, გადმოცემის თანახმად, მომსწრეა წმიდა მოციქულების - ანდრიას, სიმონის, ბართლომესა და თადეოზის ქადაგებებისა. აქვე გაისმოდა ქადაგებანი ასურელი მამებისა და წმინდა ნინოსი, რომელმაც 326 წელს მონათლა და ქრისტიან ერად აქცია ადგილობრივი წარმართი და ზოროასტრული კულტის მიმდევარი თემები. ამიტომაც, ამ მხარეში თითქოს ხელით ვეხებით ქრისტიანული ფესვებისა და უძველესი ლიტურგიული ტრადიციების „კლდეს“.


ამასთან, ეს „იდუმალი მიწაა“, სადაც ღვინო 8 000 წელზე მეტია იწარმოება (რაც მეცნიერულად, არქეოლოგიური კვლევებითაა დადასტურებული) და სადაც „რძე და თაფლი“ გადმოედინება კავკასიონის ბუნებრივი „სიუხვის რქიდან“, კავკასიონისა, რომლის მწვერვალებიც უხვად აკურთხა ღმერთმა ჯერ კიდევ ხელუხლებელი ბუნებით.

ეს არის მიწა, სადაც მდინართა ხეობებში იკვეთება უძველესი „აბრეშუმის გზები“ და ჩაგვესმის ძველბერძნული მითები კავკასიონის მაღალი მწვერვალებიდან ჩამომავალი „ოქროს საწმისის“ შესახებ. მეორე მხრივ, კავკასია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დრამატული და სისხლიანი ეპიზოდების მომსწრეცაა: თბილისი 38-ჯერ იყო აოხრებული, სომხეთში კი ყოველი წლის 24 აპრილს იხსენებენ „დიდ ტრაგედიას“ - ოსმალეთის მიერ მოწყობილ საუკუნის გენოციდს. ბევრმა სომეხმა ქართულ მიწას შეაფარა თავი.


სწორედ ამ ფონზე, წმიდა საყდარმა და ეკლესიამ შეასრულეს და კვლავაც შეუძლიათ შეასრულონ წამყვანი როლი. ამის დასტურია უკანასკნელი 30 წლის მანძილზე განხორციელებული არაერთი რელიგიური, დიპლომატიური თუ კულტურული ინიციატივა, აგრეთვე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო სამდივნოს ხელმძღვანელების მიერ განხორციელებული ვიზიტები. კერძოდ, სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი, მონს. პოლ რიჩარდ გალაგერი ეწვია საქართველოს (2018 წლის ოქტომბერი) და სომხეთს (2019 წლის ნოემბერი), ხოლო, სახელმწიფო მდივანი, მისი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა კარდინალი პიეტრო პაროლინი, 2019 წლის დეკემბერში ესტუმრა საქართველოს, შემდეგ კი აზერბაიჯანს (2023 წლის 9-11 ივლისი) და სომხეთს (2023 წლის 11-13 ივლისი).

პაპმა ფრანცისკემ, მიიწვია თბილისის მართლმადიდებლური „სამების“ საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდი სიქსტეს კაპელაში ისტორიული კონცერტის გასამართად, აღნიშნული კაპელის გუნდთან ერთად (2022 წლის ივნისი). ჩვენ ერთად ვილოცეთ „ავე მარია“.


ვატიკანის ჭერქვეშ, ორი საათის განმავლობაში, მთელი სიდიადით წარმოჩნდა ერთიანი და თავისი მრავალსაუკუნოვანი კულტურით ამაყი ქართველი ერი. და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კავკასიის სამივე ქვეყანას პირველად ეწვია მომლოცველად ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკება (2022 წლის ოქტომბერი).


ჩვენი შიდა და საგარეო კავშირების განსამტკიცებლად დავნერგეთ კომუნიკაციის საშუალებები (ფეისბუქი, ტვიტერი, ვებ გვერდი), ვცდილობთ გამოვიყენოთ ისინი შემოქმედებითად და პასუხისმგებლურად, საინფორმაციო და მამოტივირებელი მიზნებისთვის.


საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანოს ვებ–გვერდზე შეგიძლიათ ქართულ ენაზე გაეცნოთ ბოლო ეპოქის პაპების ყველა სიტყვას საქართველოს შესახებ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო სიხარულითა და რეალისტური ოპტიმიზმით განგვემსჭვალა უფლისეული საქმენი საქართველოში.


ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე, საქართველო დიდად განვითარდა. კათოლიკურმა ეკლესიამ ეფექტურად გამოიყენა მისთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა რესურსი, რათა სათანადოდ ეპასუხა ადგილობრივი თემების რეალური საჭიროებებისა და მოლოდინებისთვის და შეექმნა მათი თვითგანვითარების მდგრადი სისტემა.


საქართველოში კათოლიკური ეკლესია მუდმივად უნდა ცდილობდეს განამტკიცოს თავისი ყოფნა, მათ შორის, ადგილობრივ მორწმუნეთა ჩართულობის წახალისების გზით. ამ წლების განმავლობაში, ჩემს თანამშრომლებთან ერთად, უკან არასდროს დამიხევია ამ თვალწარმტაც კავკასიურ ბილიკებზე სიარულისას, მუდამ ვცდილობდი ახალი მიმართულებების დასახვას. არცთუ იშვიათად, წინააღმდეგობასაც ვაწყდებოდი და იმედგაცრუებულიც არაერთხელ დავრჩენილვარ, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, თანამოსაუბრეთაგან დაინტერესებასა და თანამონაწილეობას ვგრძნობდი. როგორც ყოველ საქმეში, არც ადამიანური სისუსტისა და შეცდომების ნაკლებობა მქონია, თუმცა არასდროს გამქრობია სურვილი სიკეთის თესვისა და გამოზრდისა. ვაფასებდი ამ უძველეს კულტურებს, მათი ლიტურგიული და სულიერი მემკვიდრეობის სუბმოციქულებრივ ფესვებს, ამ ხალხთა მეგობრულობასა და სტუმართმოყვარეობას, ვიზიარებდი მათ საფიქრალსა და უკეთესი მომავლის იმედებს.


მადლობას ვუხდი უფალსა და ზემდგომთ, რომ შესაძლებლობა მომეცა გამეზიარებინა ეს მდიდარი ადამიანური, სულიერი და დიპლომატიური გამოცდილება სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ის, რისი გაკეთებაც ამ მისიის ბოლო ხუთნახევარი წლის მანძილზე მოხერხდა, ღვთის წყალობაა, შედეგი ზემდგომთა და ადგილობრივი ეკლესიის კეთილგანწყობისა და თანადგომისა.


განსაკუთრებულ მადლობას ვუძღვნი მეუფე ჯუზეპე პაზოტოს, საეკლესიო პირთ, ბერ-მონაზვნებს, კეთილი ნების უამრავ ადამიანს, დაწყებული ჩემი წინამორბედი დესპანებიდან, მისი აღმატებულება მონს. გობელიდან და დიპლომატიური რანგის თანამშრომლებიდან, რომლებიც იცვლებოდნენ (დღეს, წარმოდგენილთ მონს. ალექსანდრე რაჰინიას სახით). მადლობა. სწორედ "მადლობა" გახლავთ ის საკვანძო სიტყვა, რომლითაც შევაჯამებდი ამ რეგიონში გატარებულ 5 წელიწადს.

გმადლობთ“, – წერს მთავარეპისკოპოსი.


მისი აღმატებულება ჟოზე აველინო ბეტანკური საქართველოში წმინდა საყდრის დესპანად 2018 წლის 8 მარტს დაინიშნა, ხოლო სომხეთში – ამავე წლის 1–ელ მარტს.


ჟოზე აველინო ბეტანკური დაიბადა 1962 წლის 23 მაისს. პორტუგალიაში, აზორის კუნძულებზე, ქალაქ ველაშში. ბავშვობაში, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა კანადის ქალაქ ოტავაში.


1985 წელს დაამთავრა ოტავის უნივერსიტეტი ლიტერატურის განხრით. მიიღო თეოლოგის დიპლომი წმ. პავლეს სახელობის უნივერსიტეტში (ოტავა, 1993), მოიპოვა საეკლესიო სამართლის დოქტორის ხარისხი პონტიფიკურ გრეგორიანულ უნივერსიტეტში (რომი 1999), დაამთავრა პონტიფიკური საეკლესიო აკადემია (რომი, 1999).


1993 წლის 29 მაისს მღვდლად ხელდასხმულ იქნა და გაამწესეს ოტავის არქიეპარქიაში. მიიღო კანადის სამეფო ფლოტის ოფიცრის წოდება და მსახურობდა „Governor General Foot Guards“-ში (ოტავა). მონაწილეობდა პასტორალურ საქმიანობაში წმინდა მაცხოვრის ეკლესიაში (კანატა, ოტავის გარეუბანი), წმ. უფალ ქრისტეს ეკლესიაში (ოტავა) და, რომში ყოფნის დროს, წმ. რობერტო ბელარმინოს ეკლესიაში (პარიოლი).

1999 წელს წმიდა საყდრის დიპლომატიურ სამსახურში შევიდა. მუშაობდა წმიდა საყდრის სადესპანოში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში (ქ. კინშასა).


2002 წელს გადაყვანილ იქნა ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს სახელმწიფოებთან ურთიერთობის განყოფილებაში. მუშაობდა პაპ ბენედიქტე XVI-ს პროტოკოლის სამსახურში, რომლის ხელმძღვანელადაც 2012 წელს დაინიშნა.


არის არაერთი ნაშრომის, სტატიისა თუ ნარკვევის ავტორი, მათ შორის: “A condicão do Ilhéu: natureza, povo e religiosidade” (Condicão do Ilhéu, 2017, Lisbona), “The Imprimatur”: Ecclesial Tradition, Canonical Basis and Contemporary Function” (1999, Roma). მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები.


2018 წლის 26 თებერვალს პაპ ფრანცისკეს მიერ დანიშნულ იქნა წმიდა საყდრის დესპანად და ამაღლებულ იქნა Aemiensis seu Civitatis Novae-ს ტიტულარული არქიეპისკოპოსის ხარისხში.


2018 წლის 1–ელ მარტს დაინიშნა წმიდა საყდრის დესპანად სომხეთის რესპუბლიკაში, ხოლო იმავე წლის 8 მარტს – საქართველოში.

თაკო ფეიქრიშვილი

bottom of page