top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ისტორიიდან ჩანს, რომ უდეში მხოლოდ კათოლიკე და მუსლიმი თემი არსებობდა’ – ნუგზარ პაპუაშვილი



„უდე და მისი ეკლესია“ – ასე ჰქვია ეკლესიის ისტორიის პროფესორისა და ფილოლოგიის დოქტორის, ნუგზარ პაპუაშვილის წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 2022 წლის 1–ელ მაისს, სოფელ უდეში გაიმართა.


პირველივე გვერდზე ვკითხულობთ: „მონოგრაფია ეძღვნება ისტორიული სამცხე–საათაბაგოს ერთ–ერთი გამორჩეული სოფლის, უდის წარსულისა და აწმყოს საკვანძო საკითხებს. ავტორი შეეცადა მოეძია და კვლევის საგნად ექცია ამ სოფლის ეკლესიების თავგადასავალთან დაკავშირებული ყველა ხელმისაწვდომი მასალა. ზოგიერთი დოკუმენტი (წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი) ამ ნაშრომით სამეცნიერო მიმოქცევაში პირველად შემოდის. ყურადღება გამახვილებულია უდის მკვიდრთა აღმსარებლობასა და საეკლესიო შენობების მესაკუთრეობის პრობლემაზე“...


წიგნში საუბარია უდის იმ ტაძარზე, რომელიც დღეს სადავო ეკლესიას წარმოადგენს ქართველ კათოლიკეთა და მართლმადიდებელთათვის. მისი ისტორიული მესაკუთრე კათოლიკე თემია, თუმცა ტაძარი დღეისათვის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია და კათოლიკეებს აქ წირვა–ლოცვის აღვლენა ეკრძალებათ.


ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი 1902–1909 წლებში ქართველმა კათოლიკეებმა ააშენეს. ამას მოწმობს საყდრის კედელზე დატანილი წარწერა. ამავე წარწერით ცნობილი ხდება, რომ ტაძრის მშენებლობაში კათოლიკეებს მუსლიმი თემი დაეხმარა: „უდეს {არიან} კათოლიკე[ე]ბი 2120 სული მაშენებელი ამა საყდრისა. მაჰმადიანები 520 სული[;] ორივ ტომით ქართველნი. ღვთისმშობელო შენ გწირამთ ჩვენს შრომასა“.


წიგნის პრეზენტაციისას, სწორედ ამ ფაქტს გაუსვა ხაზი ავტორმა ნუგზარ პაპუაშვილმა:


„უდის კათოლიკე ეკლესია ყველაზე მრავალრიცხოვანი ეკლესია იყო მესხეთში და ისტორიაში ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ ამ სოფელში ერთად ცხოვრობდნენ მუსლიმები და კათოლიკეები მშვიდობიანად. და როდესაც ხელი მოვკიდე ამ ეკლესიის ისტორიის შესწავლას, აღმოჩნდა, რომ ეს ეკლესია ინახავს ქრისტიანული ეკლესიისათვის და საერთოდ კულტურისათვის ძალზე საინტერესო წარწერას. ეს არის ეპიგრაფიკული წარწერა, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ უდის ამ ეკლესიის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღეს არა მარტო კათოლიკეებმა, არამედ მუსლიმებმაც და კათოლიკეების გვერდით ლაპარაკია მუსლიმების დამსახურებაზეც. ეს არაჩვეულებრივი წარწერაა და ამ წარწერით ინტერესდებიან არა მარტო საქართველოში მყოფი მკვლევრები, არამედ უცხოელებიც. ეს იშვიათი შემთხვევაა...“, – აღნიშნა ავტორმა.



როგორც მკვლევარი ნუგზარ პაპუაშვილი ამბობს, ჩვენამდე მოღწეული ისტორიული წყაროების მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ უდეში მხოლოდ კათოლიკე და მუსლიმი თემი ცხოვრობდა და აქ სხვა თემის არსებობა ისტორიული წყაროებით არ დასტურდება:

„თუ წაიკითხავთ ამ წიგნს, ყურადღებას მიაქცევთ ჩემს დასკვნას, რომ რაც ისტორიამ იცის ამ სოფლის შესახებ, აქ მხოლოდ და მხოლოდ კათოლიკური და მუსლიმი თემები არსებობდა. ამ სოფელში სხვა თემი, რომლებიც გაჩნდნენ შემდეგ გარკვეულ პერიოდში, არ ჩანს. [...] ბევრი წყარო არ მოგვეპოვება, მაგრამ რაცაა ნათქვამი, აქედან ჩანს, რომ ეს სოფელი არა მარტო დღეს არის კათოლიკური ტრადიციის სოფელი, არამედ ისტორიულადაც კათოლიკური სოფელია“.


პრეზენტაციისას ავტორმა ყურადღება გაამახვილა წიგნის წინასიტყვაობაზე, რომელიც წიგნის რედაქტორს, პროფესორ ზურაბ კიკნაძეს ეკუთვნის და აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან იმ მოსაზრების გავრცელება, თითქოს კათოლიკეებმა ეს ტაძარი მართლმადიდებლური ტაძრის ნანგრევებზე ააშენეს, სიცრუეა. თავად ზურაბ კიკნაძე კი წინასიტყვაობაში წერს:


...“კათოლიკური ეკლესიის შენობათა უსინდისოდ დასაპატრონებლად ითხზვება სასაცილო და, მეტიც, ცინიკური არგუმენტები, თითქოს ეს ეკლესიები მართლმადიდებლური ეკლესიის შენობათა ნანგრევებზე დგას ან ქართული(!) ქვებით არის აგებული; მზად არიან, ქვებიც კი მართლმადიდებლურად ააღაღადონ! დაიწყო კათოლიკური ტრადიციის მოქალაქეების მასობრივი „გადანათვლა“. ნათლავდნენ და ნთლავენ არა მარტო მოუნათლავებს, არამედ კათოლიკე სარწმუნოების და წესის მიხედვით მონათლულებსაც, რაც სამების სახელით ნათლისღების უნივერსალური საიდუმლოს დარღვევაა. ასე გადაკეთდა უდის კათოლიკური ეკლესია მართლმადიდებლურ ეკლესიად სოფლის მორწმუნე კათოლიკეების თვალწინ. ამ წიგნიდან ჩვენს ყურთასმენას ჩაესმის 102 წლის მანდილოსანი კათოლიკეს, შუშანა თათოშვილის, გულის სიღრმიდან ამოძახილი: „ღვთისმშობელო, მომასწარი შენი ეკლესიის დაბრუნებას!“. უდის კათოლიკეებმა, როგორც ჩანს, წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს საქართველოს ახალი დროისა და გაგების მართლმადიდებელი ეკლესიიდან წამოსულ, პატრიოტიზმად შეფერილ ლოზუნგსა და მოწოდებას: „თუ ქართველი ხარ, მართლმადიდებელი ხარ!“ ამ ცნობიერებას მართლმადიდებელ სარწმუნოებასა და ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ მან ახალ დროში მასშტაბურობა და ბევრის თვალში დამაჯერებლობა შეიძინა“, – წერს წიგნის რედაქტორი ზურაბ კიკნაძე.


წიგნის ავტორი კი მის შესახებ ამატებს: „ბატონი ზურაბ კიკნაძე სხვათა შორის თანმიმდევრული მართლმადიდებელია და მისი სიტყვებით, ის ამბავი, რომ კათოლიკური ტრადიციისა და ისტორიის ეკლესიები დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელშია, არ არის კათოლიკური ეკლესიის პრობლემა იმდენად, რამდენადაც ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემა. იმიტომ, რომ ეს ცუდ რამეს მეტყველებს, არა კათოლიკეებზე, არამედ მართლმადიდებლებზე“.



წიგნი „უდე და მისი ეკლესია“ 2021 წლის დეკემბერში გამოიცა. მისი პირველი პრეზენტაცია სიმბოლურად სოფელ უდეში, უდის წმ. იოსებ მშრომელის მცირე ტაძრის დღესასწაულზე გაიმართა.


„ჩემი სურვილია, რომ წიგნის პრეზენტაცია გაიმართოს საჯარო სივრცეშიც. რადგანაც ეს წიგნი არ არის დაწერილი მხოლოდ კათოლიკეებისათვის, ეს წიგნი უფრო იმ მართლმადიდებლებისა და რიგითი მკითხველისთვის არის დაწერილი, რომელიც ცდილობს გაამართლოს ამ კათოლიკური ტრადიციის მქონე ეკლესიის, მართლმადიდებლად გადაკეთების ფაქტი“, – აცხადებს იგი.


წიგნის შეძენა შესაძლებელია კათოლიკე ეკლესიის სამრევლოებში.




თაკო ფეიქრიშვილი
რობი ზარიძე
bottom of page