იტალიელი თინეიჯერი, მილენიალების თაობის პირველი კათოლიკე წმინდანი გახდება
- catholic.ge
- 15 minutes ago
- 2 min read
კვირას, 2025 წლის 7 სექტემბერს, პაპი ლეონი წმინდანად შერაცხავს ნეტარ კარლო აკუტისს. ეს პაპ ლეონის მოღვაწეობის განმავლობაში, პირველი ასეთი ცერემონიაა, რომლის მეშვეობითაც კათოლიკე ეკლესიას მილენიალების თაობის პირველი კათოლიკე წმინდანი ეყოლება.

ბრიტანეთში, 1991 წელს დაბადებული იტალიელი კარლო აკუტისი 2006 წელს, 15 წლის ასაკში, ლეიკემიით გარდაიცვალა. იგი წმინდანად უნდა შეერაცხათ 2025 წლის 27 აპრილს, ახალგაზრდების იუბილეს დროს, თუმცა ცერემონია გადაიდო, რადგან 21 აპრილს პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა.
ხშირად მას „ღვთის ინფლუენსერს“ უწოდებდნენ, რადგანაც რამდენიმე პროგრამირების ენა ჰქონდა შესწავლილი, მისი მეშვეობით ქმნიდა საიტებს, რათა რწმენა გაევრცელებინა.
რა ეტაპები აქვს წმინდანად შერაცხვის პროცესს?
წმინდანობის ტიტული ნიშნავს, რომ ეკლესია მიიჩნევს — ადამიანი ზეცაშია ღმერთთან ერთად.
წმინდანად შერაცხვის მიზეზებს ვატიკანის შესაბამისი დეპარტამენტი იკვლევს, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ ადამიანი წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა.
როგორც წესი, ეს პროცესი ასევე მოიცავს ორი სასწაულის დამოწმებას, რომლებიც უნდა უკავშირდებოდეს მომავალი წმინდანის ღმერთთან შუამდგომლობას.
რომელი სასწაულები უკავშირდება ნეტარ კარლო აკუტისს?
2020 წელს, კათოლიკე ეკლესიამ, კარლოს პირველი სასწაული აღიარა. იგი უკავშირდება 4 წლის ბრაზილიელ ბიჭს, რომელიც მძიმე თანდაყოლილი პანკრეასის დაავადებისგან განიკურნა. ეს მოხდა 2013 წელს, როცა ბიჭის დედა კარლო აკუტისის შუამდგომლობით ლოცულობდა და მისი შვილი მოულოდნელად, სრულიად განიკურნა.
2024 წლის მაისში ცნობილი გახდა მეორე სასწაულის შესახებ, რომელიც ამჯერად კოსტა–რიკელ ქალს უკავშირდება. 2022 წელს, მისი ქალიშვილი ველოსიპედით ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ექიმებმა დედას უთხრეს, რომ მისი გადარჩენის შანსი ძალიან მცირე იყო.
ქალმა იტალიის ქალაქ ასიზში, კარლო აკუტისის საფლავთან ილოცა და იქ ბარათი დატოვა. იმავე დღეს, მისმა ქალიშვილმა სუნთქვა დაიწყო. მომდევნო დღეს, მოძრაობა და მეტყველების ნაწილობრივი უნარი დაუბრუნდა. ათი დღის შემდეგ კი, ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ტვინში სისხლჩაქცევა სრულად გაქრა.
ვინ იყო ნეტარი კარლო აკუტისი?
1991 წელს დაბადებულმა კარლომ თავისი ტექნოლოგიური ნიჭი სახარების საქადაგებლად გამოიყენა. იგი გამოირჩეოდა სიხარულით სავსე რწმენითა და სხვების მიმართ თანაგრძნობით. ქმნიდა ვებსაიტებს როგორც თავისი თემის, ასევე კათოლიკე ეკლესიის ფართო საჭიროებებისთვის.
მისი ნეტარად კურთხევა (ბეატიფიკაცია) 2020 წლის ოქტომბერში შედგა, როდესაც პაპმა ფრანცისკემ გამოაცხადა, რომ ამ თინეიჯერმა მიაღწია ზეციურ კურთხევას და მას „ნეტარის“ ტიტული მიენიჭა.
ნეტარ კარლო აკუტისის დედამ, ანტონია სალცანოს თქმით, მისი შვილის გამორჩეულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის ისეთივე ცხოვრებას ეწეოდა, როგორსაც 2000-იანი წლების თინეიჯერები.
„კარლო ჩვეულებრივი ბავშვი იყო, როგორც სხვები. იგი თამაშობდა, მეგობრებთან ურთიერთობდა და სკოლაში დადიოდა. მაგრამ მისი განსაკუთრებული თვისება ის იყო, რომ თავისი გულის კარი გახსნა იესოსთვის და თავის ცხოვრებაში იესო პირველ ადგილზე დააყენა.“, – თქვა ანტონიამ.
წმინდანად შერაცხვის რამდენი შემთხვევა იყო ბოლო პერიოდში?
პაპი ლეონ XIV, 7 სექტემბერს თავისი პონტიფიკატობის პერიოდში პირველ წმინდანად შერაცხვას აღავლენს, რომლის დროსაც წმინდანად შერაცხავს ორ იტალიელ ახალგაზრდას.
ვატიკანის ცნობით, ეკლესიაში წმინდანად შერაცხვის კიდევ 7 ფაქტი იქნება, 2025 წლის 19 ოქტომბერს, მსოფლიო მისიის კვირა დღეს.
როდის არის კანონიზაციის ცერემონია?
კარლო აკუტისის კანონიზაცია რომში, წმიდა პეტრეს მოედანზე, 7 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზეა დაგეგმილი. ვატიკანის ცნობით, წმინდა პეტრეს მოედანზე შესვლა შესაძლებელი იქნება დილის 8:00 საათიდან და ბილეთები ყიდვა ან ადგილის დაჯავშნა საჭირო არ არის.
ამავე დღეს, პაპი ასევე წმინდანად შერაცხავს პიერ ჯორჯო ფრასატის, ახალგაზრდა იტალიელს, რომელიც ცნობილია გაჭირვებულთა დახმარებით. ფრასატი დაიბადა 1901 წლის 6 აპრილს ტურინში და გარდაიცვალა იქვე, 1925 წლის 4 ივლისს, პოლიომიელიტით, 24 წლის ასაკში.
წყარო: USA TODAY
თაკო ფეიქრიშვილი
Comments