კათოლიკე ეკლესიას კიდევ ერთი ნეტარი ეყოლება
- catholic.ge

- 1 day ago
- 1 min read
წმინდა საყდრის ინფორმაციით, მთავარეპისკოპოს ფულტონ შინის ნეტარად შერაცხვის პროცესი განახლდა.

2026 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვატიკანი მალე გამოაცხადებდა მთავარეპისკოპოს ფულტონ შინის ნეტარად შერაცხვის თარიღს. ეს პროცესი დაგეგმილი იყო მიმდინარე წლის სექტემბერში. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, წმინდა საყდარი მკაფიოდ ადასტურებს ნეტარად შერაცხვის პროცესის განახლდებას და მისი საბოლოო ეტაპის, ნეტარად შერაცხვის შესაძლებლობას.
“ვატიკანმა მაცნობა, რომ ღვთის ღირსი მსახურის, მთავარეპისკოპოს ფულტონ შინის ბეატიფიკაციის პროცესი შეიძლება განახლდეს. ამ პროცესის შემდეგი ეტაპი იქნება ცერემონია, რომლის დროსაც ფულტონ შინი ნეტარად გამოცხადდება“, – ამბობს ეპისკოპოსი ლუი ტილკა, ილინოისის შტატის პეორიას ეპარქიის ეპისკოპოსი.
ფულტონ შინი იყო XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ამერიკელი სასულიერო პირი. იგი დაიბადა 1895 წელს, სახელი გაითქვა როგორც მქადაგებელმა, თეოლოგმა და მედიის საშუალებით ევანგელიზაციის პიონერმა.
მას უზარმაზარი პოპულარობა მოუტანა სატელევიზიო და რადიო გადაცემებმა, განსაკუთრებით პროგრამამ „Life Is Worth Living“, რომელმაც 1950-იან წლებში მილიონობით მაყურებელი მიიზიდა.
შინი ასევე იყო მრავალი წიგნისა და სულიერი პუბლიკაციის ავტორი, ხოლო მისმა მისიონერულმა და ფორმაციულმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამერიკის კათოლიკური ეკლესიის განვითარებაზე. იგი გარდაიცვალა 1979 წელს. 2012 წელს პაპმა ბენედიქტე XVI-მ აღიარა მისი გმირული საქმეები და მას მიანიჭა ღვთის ღირსი მსახურის წოდება.
შოთა გიქოშვილი








Comments