top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ეკლესიას კიდევ ერთი ქართველი მღვდელი ჰყავს


დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოში კათოლიკე ეკლესიას კიდევ ერთი ადგილობრივი მღვდელი შეემატა. დიაკვანი ბექა ჩილინგარაშვილი საბჭოთა პერიოდის შემდეგ მეექვსე ქართველი მღვდელია. მისი ხელდასხმა რაბათში, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართა.



„მივიღეთ რა, დიაკონ ბექა ჩილინგარაშვილის წერილობითი თხოვნა, მღვდლად კურთხევის შესახებ და განვიხილეთ რა ის კურიის სხდომაზე, ამა წლის 5 მაისს, მის ფორმაციაზე პასუხისმგებელ პირთა მოსაზრების მოსმენის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვაკურთხო დიაკონი ბექა ჩილინგარაშვილი ხუცესად. მღვდლობის ხელდასხმა აღსრულდეს 2021 წლის 14 ოქტომბერს, ახალციხეში. რაბათის სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. კანდიდატს შევახსენებ, რომ წინასწარ უნდა განვლოს სულიერი წვრთნები. მოვუხმობ კანდიდატზე წმინდა სულის ძალასა და მადლს, რომელიცაა ყოველი წმინდა წამოწყების წყარო.


ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო“


ასე დაიწყო დიაკონ ბექა ჩილინგარაშვილისათვის ცხოვრების ახალი ეტაპი და საზეიმო ლიტურგია.


27 წლის ბექა ჩილინგარაშვილი საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა კათოლიკე მღვდელია. იგი ადიგენის სოფელ არლიდანაა და კომუნისტური პერიოდის შემდეგ, ამ სოფლიდან მესამე კათოლიკე ხუცესია.

მღვდლად ხელდასხმის ლიტურგია ახალციხეში, რაბათის სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართა. ტრადიციისამებრ, ხელდასხმის საიდუმლო ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა.



„მღვდელი გახდები, უფლის მღვდელი, ეკლესიის მღვდელი. მიღწეულია მიზანი და ეს ნამდვილად ახლის დასაწყისია. დღეს, დიდი დღეა შენთვის და ყველა ჩვენგანისათვის, მთელი ჩვენი ეკლესიისათვის და ამიტომ ზეიმი გვიდგას. მღვდელი გახდები, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს ის სიტყვები, რომლებიც გითხარი, როდესაც დიაკვნად დაგასხი ხელი: „პაპიც რომ გახდე, გახსოვდეს, რომ მუდამ დიაკვნობა გმართებს“. ის დიაკვნად კურთხევა უნდა დარჩეს ყველაფრის საფუძველი. შენ მსახურებისთვის ხარ. როდესაც ადამიანი თავმდაბლობითა და სიხარულით ემსახურება, ნიშნავს, რომ ის არის ნამდვილად თავისუფალი. გახსოვდეს, რომ ჯერ მოწაფეები კი არ ვართ და მერე მღვდლები ვხდებით, არამედ, მუდამ მოწაფეები უნდა დავრჩეთ. მოწაფენი ვართ, როდესაც ვუმზერთ იესოს და დღითი დღე რაიმე ახალს ვსწავლობთ მისგან“, – მიმართა ქადაგებისას ეპისკოპოსმა ბექა ჩილინგარაშვილს.


ლიტურგიას წმინდა საყდრის დესპანი, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური და ქვეყნის სხვადასხვა სამრევლოში მოღვაწე სასულიერო პირები დაესწრნენ.

წმინდა საყდრის დესპანმა რაბათში შეკრებილებს პაპის მოკითხვა გადასცა და ახლადხელდასხმულ მღვდელს მიულოცა:



„გადმოგცემთ პაპ ფრანცისკეს სალამს, ახალ მღვდელს, ბექას კი პაპის განსაკუთრებულ კურთხევას. მინდა, თქვენთან ერთად გავიხარო ამ ზეიმის გამო, რომელიც არლიდან მოდის. [...] ვულოცავ სამოციქულო ადმინისტრაციას, იმიტომ, რომ ჩემი აქ ყოფნის სამი წლის განმავლობაში, მოწმე გავხდი ორი ადამიანის მღვდლად ხელდასხმისა. დღეს ამ ტაძარში წარმოდგენილია მთელი მსოფლიო. მამა ბექა, მთელი ეკლესია გიდგას მხარში შემწედ და გისურვებ, რომ ის სიტყვები, რომლებიც დღეს შენი ეპისკოპოსისგან მოისმინე, გონებაში მარად დაგრჩეს“, – წარმოთქვა მისალოც სიტყვაში არქიეპისკოპოსმა ჟოზე აველინო ბეტანკურმა.


ლიტურგიისას, ბექა ჩილინგარაშვილს სამღვდლო სამოსი მღვდელმა პაატა ქომოშვილმა ჩააცვა. დასასრულს კი, მთელი სასულიერო დასისა და არლის სამრევლოს სახელით მას საჩუქარი მამა მიხეილ სურმავამ გადასცა.


მღვდლად ხელდასხმამდე ბექა ჩილინგარაშვილმა ყველა აუცილებელი საფეხური გაიარა:


2013 წლის 9 სექტემბერს იგი პრე–სემინარიაში, ქუთაისში წავიდა.


2014 წლის 1–ელ სექტემბერს სწავლა დაიწყო ყაზახეთის სემინარიაში, სახელწოდებით „მარიამ დედა ეკლესია“, სადაც 6 წლის განმავლობაში სწავლობდა. აქედან 2 წელი ფილოსოფიის, ხოლო 4 წელი თეოლოგიის კურსს.


რამდენიმეთვიანი პრაქტიკული კურსი ჰქონდა იტალიაში.


2019 წლის 26 მაისს კი საქართველოში ჩამოვიდა და პრაქტიკა დაიწყო საკუთარ სამრევლოში, არლის წმინდა იოსების სახელობის ეკლესიაში.


2020 წლის 27 ივნისს იგი დიაკვნად ეკურთხა და კვლავ გააგრძელა პრაქტიკა არლისა და ბათუმის სამრევლოებში.


მას შემდეგ, რაც ყველა სავალდებულო ეტაპი გაიარა და მღვდლად კურთხევის გადაწყვეტილებაში დარწმუნდა, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს შესაბამისი წერილობით თხოვნით მიმართა. მისი განცხადება 2021 წლის 5 მაისს, კურიაში არსებულმა საბჭომ განიხილა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.


„მე საქართველოში მეექვსე ქართველი კათოლიკე მღვდელი ვარ საბჭოთა პერიოდის შემდეგ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტი. მღვდელი გავხდი არა მხოლოდ ჩემი სურვილის გამო, არამედ ღვთის სურვილის გამო, რადგანაც ეს მოწოდება მისგან მოდის“, – აღნიშნა ახლადხელდასხმულმა მღვდელმა და ყველას მადლობა გადაუხადა ზეიმში მონაწილეობისა და დახმარებისთვის.




ვრცლად, მამა ბექას შესახებ ნახეთ ვიდეო.



თაკო ფეიქრიშვილი
შოთა გიქოშვილი

bottom of page