top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ეკლესიაში დიდმარხვა დაიწყო

კათოლიკე ეკლესიაში დიდმარხვის ორმოცდღიანი პერიოდი დაიწყო. პირველ დღეს, ყველა კათოლიკურ ტაძარში შესრულდა "ნაცრის ყრის" ტრადიციული რიტუალი.



დიდმარხვის პირველ დღეს, კათოლიკურ ეკლესიაში „ნაცრის ყრის ოთხშაბათი“ ("ნაცრის ოთხშაბათი") ჰქვია. ამ დღეს მოძღვარი მორწმუნეებს ცოდვების მონანიებისკენ და რწმენის გაღრმავებისკენ მოუწოდებს.


წმ. ლიტურგიაში სრულდება ნაცრის ყრის ტრადიციული რიტუალი, რომელიც სათავეს VIII საუკუნიდან იღებს, როცა ცოდვილად შერაცხულ ადამიანებს ჯერ ნაცარს აყრიდნენ, შემდეგ კი ტაძრის გარეთ შეკრებილ ხალხთან საჯარო მონანიებისკენ უბიძგებდნენ.


თავდაპირველად, ეს წესი მხოლოდ იმ ადამიანებს ეხებოდათ, რომელთა მიერ ჩადენილი ცოდვების შესახებაც საჯაროდ იყო ცნობილი. XI საუკუნეში კი პაპმა ურბანუს II-მ იგი ყველა მორწმუნეზე გაავრცელა.


ნაცარი, რომელსაც მორწმუნეებს მცირე ოდენობით თავზე აყრიან, წინა წლის ბზის ტოტების დაწვის შედეგად მიიღება. იგი სიკვდილისა და ადამიანის არარაობის გაცნობიერების სიმბოლოა.


მარხვის პირველ დღეს, „ნაცრის ყრის ოთხშაბათს“ აღვლენილ წირვაზე, მოძღვარი ტრადიციულად ნაცარს აკურთხებს და მორწმუნეებს მცირე ოდენობით თავზე აყრის, სიტყვებით: „მოინანიე და იწამე სახარება“.


დიდმარხვასთან დაკავშირებით, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მორწმუნეებს რამდენიმე მითითებას აძლევს:


"შეგახსენებთ, რომ ორმოცდღიანი დიდი მარხვა პირდაპირ არაა დაკავშირებული კვებით მარხვასთან, თუმცა ეს უკანასკნელი მისი მთავარი მახასიათებელია", – წერია ეპისკოპოსის წერილში.


"ჩვენი ეკლესიისათვის ძალაშია შემდეგი მითითებები:


• მან, ვინც არ არის ავად, ძალა შესწევს, ჯანმრთელადაა და შეუძლია;


• ნაცრისყრის ოთხშაბათსა და წითელ პარასკევს შეინახოს მძიმე მარხვა, შეძლებისდაგვარად, მიიღოს მხოლოდ პური და წყალი;


• დიდმარხვის ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს მიიღოს უხორცო საკვები მხოლოდ ერთხელ და, გარდა ამისა, შეუძლია კიდევ მცირე წახემსება;


• ვისაც სურს, შეუძლია უარი თქვას ხორციან საკვებზე მთელი დიდმარხვის განმავლობაში (კვირადღე არ არის მარხვის დღე); თითოეულს შეუძლია უარი თქვას რაიმე მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოზე (სიგარეტი, ტკბილეული, ინტერნეტი, თამაშები) და მოიმოქმედოს მოყვასისადმი თანადგომის საქმე.


შეგახსენებთ, რას წერდა ერთი წმიდა ეპისკოპოსი: „თავი შეიკავეთ არა იმდენად ჭამისაგან, რამდენადაც გაუმაძღრობისაგან. კერძის მოკლებას სჯობს მოიკლოთ ფუფუნება, ფლანგვა, ზედმეტი. მეტი გამბედაობაა საჭირო: სუფრასთან არ მისვლას სჯობს დაამატოთ ადგილი მაგიდასთან. უკეთესია, გატეხოთ პური ვინმესთან ერთად, ვიდრე უარი თქვათ საკვებზე, გაუზიარეთ სხვებს რაცა გაქვთ...“ (დონ ტონინო ბელო)." – მეუფე ჯუზეპე პაზოტო.


კათოლიკურ ეკლესიაში დიდმარხვა ორმოცი დღის განმავლობაში გრძელდება. იგი მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაულისთვის ამზადებს.


თაკო ფეიქრიშვილი

bottom of page