top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ორგანისტებს ახალდამონტაჟებულ ორგანზე დაკვრას სთავაზობს



საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო საჯარო წერილს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის საკათედრო ტაძარში, გერმანიიდან ჩამოტანილ და ახალდამონტაჟებულ ორგანზე დაინტერესებულ ორგანისტებს შეუძლიათ დაკვრა: „ვისურვებდი, რომ ეს ორგანი სათანადოდ მოექცეს ყურადღების ცენტრში და იყოს დიდი საჩუქარი მთელი ქალაქისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ამ ინსტრუმენტის მუსიკა უყვართ“, – წერია წერილში.


ეპისკოპოსის თქმით, კარგი იქნება თუ შედგება ე.წ ორგანისტთა ჯგუფი, რომლებიც ერთ რომელიმე დღეს, თანმიმდევრობით, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში წარმოაჩენენ საკუთარ მუსიკალურ ნიჭს და ტაძარში ლიტურგიულ მუსიკას გააჟღერებენ.

Catholic.ge ეპისკოპოსის წერილს სრულად გთავაზობთ:


"მათთვის, ვინც დაინტერესებულია და იცის ორგანზე დაკვრა

თბილისი, 09/12/2023

 

პატივცემულო ბატონო/ქალბატონო,

მოგესალმებით და მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.

 

შევიტყვე, რომ თქვენ გიყვართ და აფასებთ მუსიკას და უკრავთ ორგანზე. კათოლიკურ საკათედრო ტაძარში, თბილისის „მარიამის ზეცად აღყვანების“ ეკლესიაში (აბესაძის ქ. 4), დამონტაჟდა ლიტურგიული მუსიკისათვის გერმანიიდან ჩამოტანილი ძალზე კარგი, მილებიანი ორგანი ელექტრო გადაცემით. ვისურვებდი, რომ ეს ორგანი სათანადოდ მოექცეს ყურადღების ცენტრში და იყოს დიდი საჩუქარი მთელი ქალაქისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ამ ინსტრუმენტის მუსიკა უყვართ.

 

ამ ტაძარში წარსულში უკრავდა ორგანს ზაქარია ფალიაშვილი. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ მუსიკა ყოველთვის არის გზა, რომელსაც მივყავართ სიმშვენიერისა და ჰარმონიისკენ, უსასრულობისკენ და, შესაბამისად, ღმერთისკენ.

 

ვიფიქრე, ძალზე კარგი იქნებოდა შექმნილიყო ორგანისტთა ჯგუფი, რომლებიც ამ სულისკვეთებით ისურვებდნენ შეეთავაზებინათ ყველასათვის, საკუთარი მუსიკალური ნიჭით, საორგანო მუსიკა კვირაში ერთხელ, რიგრიგობით, რის შესახებაც მოსახლეობას მასმედია აცნობებდა. ამგვარად ყველა მსურველს შეეძლებოდა ორგანის მშვენიერი მუსიკის მოსმენა და თქვენი ოსტატობის დაფასება.

 

ამიტომ, მსურს მოგიწვიოთ, თუკი გაქვთ შესაძლებლობა და სურვილი, შეხვედრაზე სხვა ორგანისტებთან, რათა ერთად ვისაუბროთ ამაზე და, შესაძლოა, შევადგინოთ გეგმა, რომელიც გავრცელდება და გასაჯაროვდება.

 

ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ ყოველ შაბათს (ან კვირას) საღამოს 19.00-დან 19.45-მდე ყოველთვის იყოს ვინმე ამ ეკლესიაში, ვისაც შეეძლება ამ ინსტრუმენტზე დაკვრა. ამ ყოველკვირეულ მომენტს დავარქმევდი „მწუხრი ორგანით". ყოველთვიურად მასმედიას გაეგზავნებოდა პროგრამა და იმ ორგანისტების გვარები, რომლებიც ამისთვის იქნებიან მზად.

 

თუ გსურთ რაიმე ფორმით თანამშრომლობა, დამიკავშირდით ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით და მე ვიზრუნებ, მოვამზადო და მოვაწყო შეხვედრა ყველა მათ შორის, ვინც მზადაა მონაწილეობა მიიღოს. თუ იცნობთ სხვა ორგანისტს, შეგიძლიათ შეატყობინოთ მას და გაავრცელოთ ეს ინიციატივა.

 

გმადლობთ ყურადღებისათვის,

გულითადი სალმით

+ ჯუზეპე პაზოტო


კონტაქტებისთვის: ammapost@gmail.com ან, ტელ: (00995)595581313“

 

ცნობისთვის, ახალი 1300 მილიანი ორგანი თბილისის საკათედრო ტაძარში საბოლოოდ დეკემბერში დამონტაჟდა. იგი შობის ღამეს, 24 დეკემბერს, წმ. წირვის დაწყებამდე ეკურთხა ახლა კი წირვები მისი თანხლებით აღევლინება.


ორგანი სამრევლოს საჩუქრად გადასცა პადერბორნის ეპარქიამ გერმანიიდან. იგი საქართველოში 2023 წლის 4 მაისს, დაშლილ მდგომარეობაში ჩამოიტანეს. შვიდი თვის შემდეგ, იტალიის ქალაქ ვერონიდან ჩამოსულმა ორგანის ხელოსანმა დიეგო ბონატომ ორღანი ხელახლა ააწყო.


 თაკო ფეირიშვილი

 

bottom of page