top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლები „Sola Forum“-ზე

2023 წლის 30-31 ოქტომბერს თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა, „Sola Forum“-ის მეექვსე სააერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა: მამა აკაკი ჭელიძემ, მამა დარიუშ კომადოვსკიმ, პროესორმა ნუგზარ ბარდაველიძემ, პროფესორმა მერაბ ღაღანიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი ჯავახიშვილმა.

„წლევანდელი შეხვედრის თემად ავირჩიეთ „რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება“, როგორც ყველასთვის მეტ-ნაკლებად საერთო, ამავე დროს განსხვავებულიც. ასეთმა თემამ საშუალება მოგვცა წარვმართოთ დიალოგი, წარმოვაჩნოთ ჩვენი ტრადიცია, ვიკამათოთ განსხვავებებზე, თან მსმენელს მივცეთ საშუალება საკუთარი აზრი ჩამოიყალიბოს ამა თუ იმ საკითხზე. ეს არის ისეთი თემა, რომლის განხილვა შესაძლებელია სახელმწიფოსთან მიმართებაშიც და შიდა ეკლესიურ კონტექსტშიც. სახელმწიფო-რელიგიის ურთიერთობა საქართველოში დღემდე საჭირბოროტოა. ამავე დროს, თემა ბევრი ეკლესიოლოგიური საკითხის განხილვის საშუალებასაც იძლევა სხვადასხვა ტრადიციის გადასახედიდან“ - ამბობს ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი დოქტორი ტატიანა კოპალეიშვილი.


მისივე თქმით, პირველი ასეთი ფორუმი 2017 წელს ჩატარდა და რეფორმაციის 500 წლისთავს მიეძღვნა. ფორუმი ყოველ წელს ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშრის“ და მოხალისეებისგან შემდგარი სათათბიროს მიერ. თავდაპირველად ფორუმის იდეა შთაგონებული იყო ევროპის ევანგელურ თეოლოგთა თანამეგობრობის (FEET) კოფერენციის მიერ, რომელიც 50 წელია ორწლიანი ინტერვალით ატარებს კონფერენციებს და აერთიანებს ასეულობით ევროპელ თეოლოგს. საქართველოში ფორუმის დანერგვის თავდაპირველი მიზანი იყო სტუდენტებისა და ლექტორების სტიმულირება რელიგიურ თემებზე დისკუსიისთვის, სხვადასხვა კონფესიებთან შეხვედრისთვის და თეოლოგიური აზრების გაცვლისთვის სივრცის შეთავაზება. თუმცა დროთა განმავლობაში ფორუმის მიზანები გაფართოვდა და ახლა ფორუმი წარმოადგენს ევანგელური ტრადიციის წარმოჩენას, რადგანაც წლების მანძილზე, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდშიც, იგი მარგინალურ პოზიციაში იყო.


ასეთი ფორუმი შეიძლება გახდეს ევანგელური და ზოგადად ქრისტიანული ეკლესიებისთვის აკადემიურ დონეზე ინტერკონფესიური დიალოგის მასტიმულირებელი ადგილი და ზოგადად ქვეყანაში თეოლოგიური განათლების მხარდამჭერი.


თავდაპირველად, კონფერენციები ტარდებოდა სულხან-საბა ორბელიანის უნივრსიტეტში, სადაც თეოლოგიის ფაკულტეტი ფუნქციონირებს. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია სხვა უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარეობს, სულხან-საბას უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დღემდე სხვადასხვა ფორმატში გრძელდება.


ფორუმის თემა ყოველ წელს სხვადასხვაა: პირველი ორი ფორუმი მიეძღვნა რეფორმაციის 500 წლისთავს და ევანგელური ტრადიციის წარმოჩენას, რადგან Sola Forum არის ევანგელური ეკლესიების მიერ ინიცირებული პროექტი. შემდგომი ფორუმები მიეძღვნა ზოგადქრისტიანულ და რელიგიის თემებს, როგორიცაა - ქრისტიანული ეთიკა, ქრისტიანული ერთობა, რელიგიის თავისუფლება. ამით ხელი შეეწყო ფორუმის წარმომადგენლობით გაფართოვებას. დღეს, ფორუმი ღიაა ნებისმიერი რელიგიური ჯგუფის მასპინძლობისთვის, მათი თეოლოგიის წარმოჩენისთვის, ფორუმის თემის გათვალისწინებით. ამავე დროს, ფორუმის მასპინძლად რჩება ევანგელური ტრადიცია.


„ფორუმის პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია ნაკლებად ცნობილ რელიგიურ ტრადიციების წარმოჩენაც. რელიგიურ ჯგუფებს საშუალება ეძლევათ თავი გააცნონ საზოგადოებას. იმედია, ასეთი გზით ხელს შევუწყობთ უსაფუძვლო სტერეოტიპების გაქარწყლებას, ვისწავლით განსხვევებულის მიღებასა და პატივისცემას. რადგან საქართველოში ჯერ არ გვაქვს ბევრი ასეთი სივრცე, სადაც შეგვიძლია სხვადასხვა კონფესიას შევიკრიბოთ და ვისაუბროთ თეოლოგიაზე, თანაც აკადემიურ ფორმატში. ვფიქრობთ, მსგავსი ფორუმებით მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურებით“, - ამბობს ტატიანა კოპალეიშვილი.


მამა დარიუშ კომადოვსკი

bottom of page