top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ეპისკოპოსის მილოცვა მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს

  • 26 minutes ago
  • 1 min read

საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო იტალიიდან, ქალაქ ვერონიდან ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, შიო III-ს არჩევას.

წერილში ეპისკოპოსი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი პატრიარქი ხელს შეუწყობს შეხვედრის, დიალოგისა და საერთო მოწმობის შესაძლებლობას.


ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორის, 
ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს 
მილოცვის წერილი 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, 
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და 
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, 
მის უწმიდესობასა და უნეტარესობას, შიო III-ს 

უწმიდესო მამაო, 
სულიერი სიხარულითა და ღრმა პატივისცემით ვუერთდები იმ მილოცვათა ნაკადს, ყოველი მხრიდან რომ მოედინება თქვენკენ საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად არჩევისა და აღსაყდრების გამო. 

პირადად ჩემი და ჩემზე მონდობილი სამწყსოს სახელით გიდასტურებთ პატივისცემას და გარწმუნებთ, ძმური ლოცვით შეგეწევით თქვენს ამ საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში, რაც იტვირთეთ. საქართველოსა და ქართველ კათოლიკეთა ოჯახი იგულეთ იმ და-ეკლესიად, რომელსაც გააზრებული აქვს ჩვენი მაცხოვრისაგან დანატოვარი საერთო მისია სასუფევლის საშენებლად და გქონდეთ ჩვენი სიტყვისა და საქმის იმედი. 

ჩვენ ერთად ვართ მოწოდებულნი, ვიყოთ ქრისტეს ერთი სახარების მოწმენი სამყაროში, სადაც განხეთქილება და გაურკვევლობა სუფევს. ამ ქრისტიანული ძმობის სულისკვეთებით, ვიმედოვნებ, რომ გზა, რომელსაც შეუდგებით, იქნება შეხვედრის, დიალოგისა და საერთო მოწმობის შესაძლებლობა. 

ვითხოვთ თქვენს უწმიდესობაზე სულიწმიდის მადლის სიუხვეს — სიბრძნეს საწინამძღვროდ, სიმტკიცეს გამძლეობისთვის, მშვიდობას, რომელსაც სოფელი ვერც იძლევა და ვერც გვართმევს, რათა თქვენი პატრიარქობა ნაყოფიერი გახდეს კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, მთელი საქართველოსთვის და კავკასიის ქრისტიანული ოჯახის სისავსისათვის. 

ქრისტეში ძმური სიყვარულით, 
+ ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, 
ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი 
ვერონიდან, 12 მაისი, 2026

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის არჩევნები 11 მაისს გაიმართა. გაფართოებულ სხოდმაზე, 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს. ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.


Comments


bottom of page