top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კამილო დე ლელისი – უპოვართა დამხმარე

კამილო დე ლელისი, იტალიელი წმინდანი, რომელმაც თავის სიცოცხლეში ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენი დააარსა, დიდი თანაგრძნობითა და სამართლიანობისადმი დაუოკებელი სწრაფვით გამოირჩეოდა.

როცა ის ჯერ კიდევ იწყებდა თავის მოღვაწეობას რომის ერთ-ერთ საავადმყოფოში, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ ეპყრობოდა პერსონალი ავადმყოფებს.

კამილო ხვდებოდა, რომ დასნეულებული და გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩაგდებული ადამიანის მოვლა, სამედიცინო მუშაკებისთვის წარმოადგენდა მხოლოდ სამუშაოს, რომელსაც ისინი უგულოდ და ზიზღით ასრულებდნენ. თავის მხრივ, ის მაქსიმალურად ცდილობდა გვერდში დასდგომოდა თითოეულ პაციენტს, რადგან ავადმყოფებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებში ის ცოცხალ ქრისტეს ხედავდა.

ამრიგად, ავადმყოფთა დახმარება მისთვის სიკეთის ქმნა კი არ იყო, არამედ უნიკალური პრივილეგია დახმარებოდა ღმერთს, რომლისაკენ ის მთელი გულით მიიწევდა.


დროთა განმავლობაში, კამილო მიხვდა, რომ ავადმყოფთა ხვედრის გასაუმჯობესებლად, მხოლოდ მისი ძალისხმევა საკმარისი არ იყო და ალტერნატიული გზების მოძიება დაიწყო. მან იპოვა თანამოაზრეები და საბოლოო ჯამში, მათი დახმარებით, მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენი დააარსა, რომელიც დღეისათვის მის სახელს ატარებს და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული.


დღევანდელ სტატიაში მსურს გაგიზიაროთ ერთი ეპიზოდი კამილოს ცხოვრებიდან, როდესაც მან „შავი ჭირით“ დასნეულებული ორი კაცი ოფიცერთა ხელისგან იხსნა. ე კი ასე მოხდა:


ერთ მშვენიერ დღეს, რომში შეპყრობილი ადამიანების ჯგუფს წააწყდა. ადამიანები ერთმანეთზე წყვილებად იყვნენ დაბმული. ასეთი ვითარება იმით იყო განპირობებული, რომ უსახლკარო ადამიანები იყვნენ, რომლებსაც წმ. სიქსტუსის სახელობის თავშესაფარში დარჩენა არ სურდათ. "გუბერნატორის ბრძანებით გადაწყდა მათი იძულებით გადაყვანა რიპეტაში, რათა რომიდან ეს ხალხი გემით გაეყვანათ. ასეთი გადაწყვეტილება მმართველების უაღრესი სიფრთხილით იყო გამოწვეული". ისინი ეჭვობდნენ, რომ მწვავედ უსიამოვნო სუნი, რომელსაც ეს ხალხი ავრცელებდა, შეიძლებოდა ქალაქში „შავი ჭირის“ გავრცელების მიზეზი გამხდარიყო. ვინაიდან კამილო ხვდებოდა, რომ ყველა ეს გაჭირვებული ადამიანი სასიკვდილოდ იყო განწირული, მამობრივი თანაგრძნობით გაჰყვა მათ. მთელი გზის განმავლობაში, კამილოს არ ტოვებდა განცდა, თითქოს ის მრავალშვილიანი ოჯახის მამა იყო, რომელსაც თავისი შვილების ეტაპობრივი სიკვდილისთვის უნდა ეყურებინა. ის ნაბიჯ–ნაბიჯ მიჰყვებოდა ჯგუფს, ლოცულობდა და ევედრებოდა გუბერნატორის ელჩს, რომელსაც ევალებოდა ამ ხალხის გემში ჩასმა, რომ ბრძანების შესრულებაზე უარი ეთქვა, მაგრამ ელჩმა არ შეისმინა კამილოს ვედრება.


როცა უკვე რიპეტაში იყვნენ, კამილო ადგილობრივ მოხელეებს სთხოვდა, რომ ამ ხალხისთვის, ცოტაოდენი პური და თითო დინარი მიეცათ. ამავე დროს, ის ცდილობდა დაერწმუნებინა რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რათა გემში არ ჩამსხდარიყვნენ. ამ ყველაფრის მომსწრე გუბერნატორის ელჩმა, საბოლოოდ დაკარგა მოთმინება და კამილოს სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყო. როცა ამანაც შედეგი არ გამოიღო, იგი დაემუქრა კამილოს, რომ თუ თავის ქმედებებს არ შეწყვეტდა, მასაც იმავე გემით გაუშვებდა. ამის მიუხედავად, კამილოს ნებისმიერ ფასად სურდა ელჩის გადარწმუნება. ის მოკრძალებულად ესაუბრებოდა, დაიჩოქა მის წინაშე (არა და ყველაფერ ამას უამრავი სხვა ადამიანი ესწრებოდა), ატირდა და კვლავ სთხოვდა, რომ ადამიანების ამ ჯგუფიდან ისინი მაინც დაეტოვებინა, ვინც იმდენად სუსტად იყო, რომ ფეხზე დგომის ძალაც კი არ შესწევდა. ელჩს გულზე მოხვდა კამილოს წუხილი და თავდაპირველი ანტიპათიის მიუხედავად, მის მიმართ თანაგრძნობით აღევსო.


საბოლოოდ, ელჩმა გადაწყვიტა ამ ჯგუფიდან ორი ადამიანი დაეტოვებინა. მან კამილოს მისცა საშუალება აერჩია, თუ ვინ გადაურჩებოდა საერთო ხვედრს. კამილომ ეს დიდი გულისტკივილით გააკეთა, რადგან განცდა ჰქონდა, რომ თავისი არჩევანით, სხვებს სასიკვდილოდ სწირავდა, მაგრამ პასუხისმგებლობას ის მაინც არ გაექცა. როცა დანარჩენები გემზე ჩასხდნენ და გემი სანაპიროს გაშორდა, კამილო მათ ხმამაღლა ამხნევებდა და მოუწოდებდა, ღირსეულად და უფლის რწმენით აღსრულებულიყვნენ, რადგან ხვდებოდა, რომ მათი გადარჩენა მის ძალებს აღემატებოდა და უკანასკნელ გზაზე მაინც სურდა ისინი გაემხნევებინა.


ამის შემდეგ, მან ორი გადარჩენილი უსახლკარო თავისი ორდენის სახლში წაიყვანა, მოუარა და თავისთან დატოვა. ცოტა ხანში, შეხვდა გუბერნატორს, რომელმაც გააფრთხილა, რომ სხვა დროს მისი ბრძანებების შესრულება არ შეეფერხებინა. კამილო ამან სიხარულით აღავსო და ღმერთს მადლობა გადაუხადა, რომ გაჭირვებულთა დახმარებისთვის დევნის პატივი ერგო.


სტანისლავ ციბულსკი

bottom of page