უფლის საფლავი დროებით დაიკეტა
- 46 minutes ago
- 3 min read
28 თებერვლიდან, იერუსალიმში, უფლის საფლავის ტაძარი დაკეტილია და მასში წმიდა წირვის აღვლენა ან სხვა ლიტურგიული მსახურებების ჩატარება აკრძალულია.

ახლო აღმოსავლეთში არსებულმა კონფლიქტმა ადამიანებს მუდმივი შიშში გაუჩინა. საფრთხისა და გაურკვევლობის უწყვეტი წნეხის გამო, უფლის საფლავის ტაძარში ვნების კვირის აღნიშვნის შესაძლებლობაც საფრთხის ქვეშ დააყენა.
„დიდი, ორფრთიანი კარი, რომელიც ასწლეულების განმავლობაში იცავს უფლის საფლავის შესასვლელს, ამდენი ხნით დაკეტილი არასდროს ყოფილა. ომები, დაძაბულობები და პანდემიებიც ზღუდავდა წმინდა ადგილზე მისვლის შესაძლებლობას, თუმცა მსგავსი რამ ასეთი ხანგრძლივი და უწყვეტი პერიოდით, ადრე არასდროს მომხდარა.
ეს დრო დაემთხვა დიდმარხვის პერიოდს, მედიტაციისა და ლოცვის განსაკუთრებულ ჟამს, რომელიც მიგვიძღვის ამ კარში შესასვლელად, თუნდაც მხოლოდ მისი ერთი ღია ფრთის მეშვეობით.
იმავე გოლგოთის გზით (Via Crucis) სვლისას, რომელიც ჩვენი უფლის ვნებას გვახსენებს, შევდივართ ქრისტეს მსხვერპლშეწირვის ადგილას, ვინც თავისი სიკვდილი საუკუნო ხსნად აქცია.
ეს წმინდა კარი, 28 თებერვლიდან დაკეტილი რჩება და ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვეცა მისი გაღების ნება, იმ მრავალსაუკუნოვანი რიტუალებისთვის, რომლებიც მხოლოდ ტრადიციებისა და ჩვეულებების ნაყოფი არ არის.
კითხვის ნიშნის ქვეშაა აღდგომის წმინდა სამდღეულის აღნიშვნაც.
სვლა მიზნის მისაღწევად კვლავაც აუცილებლობას წარმოადგენს მათთვის, ვინც წმინდა მიწის მშვენიერებით ტკბება; ეს ასევე დაუოკებელი საჭიროებაა მათთვის, ვინც ამ ტანჯულ მიწაზე რწმენით ცხოვრობს. წარმოუდგენელია, არ ვიფიქროთ იესოს ვნებასა და სიკვდილზე იმ ქვებზე სიარულისას, რომლებიც მისი მაცხოვნებელი მყოფობის მოწმენი არიან.
ვაძლიერებთ მცდელობებს ისრაელის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების თვალსაზრისით. რათა შესაძლებელი გახდეს ვნების კვირის აღნიშვნა იმ კედლებში მაინც, რომლებიც გოლგოთასა და ცარიელ საფლავს იცავენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ რეალური დასტური და რწმენის მოწმენი ამ ტაძარში, რომელიც ყველა ეკლესიის დედაა.
ჩვენ კვლავაც ვგრძნობთ წმიდა იოანე პავლე II-ს სიტყვების ძალას, რომლებიც მან თავისი პონტიფიკატის დასაწყისში წარმოთქვა: „ნუ გეშინიათ! გაუღეთ, ფართოდ კარები ქრისტეს!“. დღეს ეს სიტყვები ჟღერს, როგორც მოწოდება სიმამაცისკენ, რათა ვიცხოვროთ რწმენით ჭეშმარიტებაში.
ჩვენ არ მოგვცეს უფლება აღგვესრულებინა ღვთისმსახურება უფლის საფლავის ტაძარში დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე კვირას, მაშინაც კი, როდესაც კარი დაკეტილი იყო, როგორც ეს შესაძლებელი იყო პანდემიის დროს ან ისტორიის სხვა ბნელ და მტკივნეულ მომენტებში.
უნდა დავანგრიოთ ის კედლები, რომლებიც მოყვასის სიყვარულში გვიშლის ხელს. წმინდა მიწაზე გამეფებული ტერორის ატმოსფერო სხვა ადამიანის მიმართ მუდმივ შიშში ვლინდება, ხოლო საფრთხისა და გაურკვევლობის უწყვეტი წნეხი აღმართავს კედლებს, რომლებიც არ ჩანს და რომლებსაც ვერ შეეხები, თუმცა ისინი ბეტონზე მტკიცენი არიან და მათი გადალახვა შეუძლებელი ჩანს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა გადავლახოთ, უფრო მეტიც, ფართოდ გავაღოთ კარი ტანჯული მოყვასის სიყვარულისთვის.
ახლო აღმოსავლეთის ცა კვლავაც ჩაბნელებულია: რაკეტები, დრონები და ორმხრივი იერიშები დღისით და ღამით კვეთენ ღრუბლებს, რათა სიკვდილი მოუტანონ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს არც კი იცნობენ, გაანადგურონ სიცოცხლე, ისტორია და ბუნება. ცა ყველას და ყველაფერს მოიცავს. სიკვდილის იარაღს არც თვალები აქვს და არც გული; ის არ უყურებს ეროვნებას ან რელიგიურ აღმსარებლობას, ვერ ხედავს ნატანჯ სხეულებს, რომლებმაც უკვე ბევრი იტანჯეს და გამოსცადეს ტკივილი. ეს არის ძალადობა, რომელიც კვლავ და კვლავ ახლდება და ყოველ ჯერზე აზანზარებს დედამიწას.

გავაღოთ კარები და გავახილოთ გულისა და გონების თვალი.
დიდმარხვის მეოთხე კვირას, “ანგელოზის“ ლოცვისას, წმინდა მამამ მტკიცედ განაცხადა: „შეწყვიტეთ ცეცხლი!“ – მან ეს სიტყვები გადაჭრით წარმოთქვა და მათი გაჟღერების დროს, ჩანდა ადამიანური ტანჯვა და მამის ტკივილი. მან კვლავ გვთხოვა, რომ „გაგვეხილა თვალები“ და გვეცხოვრა ქრისტიანულად გახელილი თვალებით.
ორი პაპი – წმიდა იოანე პავლე II და ლეონ XIV მოგვიწოდებენ თანმიმდევრულობისკენ, თავდადებისა და აქტიური ქმედებისკენ ქრისტესმიერ ცხოვრებასა და რწმენაში, იმ ნდობითა და იმედით რომელიც არ არის ბრმა. თუ მარტონი ვართ, ბოროტების დაძლევა შეუძლებელი ჩანს, რადგან რთულია ძალადობის ფესვების ამოძირკვა. თუმცა, ეს შესაძლებელი გახდება, თუ ძალებს გავაერთიანებთ და ერთად დავუპირისპირდებით იმას, რაც გადაულახავ და რთულ დაბრკოლებად გვეჩვენება.
იესომ თვალი აუხილა დაბადებიდან უსინათლოს, რომელმაც იწამა და ხსნის იმედი ჰქონდა. სიკეთისთვის დახუჭული და ძალაუფლებით დაბრმავებული თვალები კი ვერ იქნებიან დახსნილნი. მათ არ ძალუძთ მოყვასის ტანჯვისა და ტკივილის დანახვა, ვერ აჩერებენ სიძულვილს, რომელიც წამლავს და კლავს. მოდით, დავეხმაროთ სასოწარკვეთილებით ჩამქრალ თვალებს, რათა იქნენ გახელილნი სიმამაცისთვის და გაერთიანდნენ ჭეშმარიტების ძიებაში.
ამის გასაკეთებლად საჭიროა გაიღოს კარები, ასევე გულისა და გონების თვალები. ეს რთულია, თუმცა შესაძლებელი. საჭიროა სიმამაცე”, – წერს მამა იბრაჰიმ ფალტასი, წმიდა მიწის კუსტოდი, რომელიც იერუსალიმში ქრისტიანული სიწმინდეების დაცვაზეა პასუხისმგებელი.





Comments