კარდინალები საქართველოსთან კავშირით
- catholic.ge
- 22 hours ago
- 2 min read
267–ე პაპის ასარჩევად გამართულ კონკლავში მონაწილე 133 კარდინალს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც საქართველოსთან გარკვეული პერიოდი ან კონკრეტული ფაქტები აკავშირებთ. გამორიცხული არ არის, რომ რომელიმე მათგანი პაპობის კანდიდატიც გახდეს. Catholic.ge გთავაზობთ ამ კარდინალების ვინაობას:

კარდინალი პიეტრო პაროლინი – წმიდა საყდრის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, რომელიც 2019 წლის 27-30 დეკემბერს საქართველოს ოფიციალურ ვიზიტით სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა განეხილა ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები და ეროვნული თუ საერთაშორისო პრობლემები. სწორედ კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ მიმართა 2023 წელს საქართველოს მთავრობას, წერილით და შეახსენა ის ექვსი კათოლიკური ტაძარი, რომლებიც კათოლიკეებს ჩამოართვეს და მართლმადიდებლებს გადასცეს. პირველ ეტაპისთვის, მან საქართველოს მთავრობას ქუთაისის კათოლიკური ტაძრის დაბრუნება მოსთხოვა.

კარდინალი კურტ კოხი – 2014 და 2016 წლებში ორჯერ ეწვია საქართველოს. 2014 წელს იგი შეხვდა საქართველოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს, სადაც განიხილეს კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის, კონფესიების დაფინანსებისა და რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის შესახებ.

კარდინალი ვალტერ კასპერი - გერმანელი კარდინალი საქართველოში ვიზიტით 2006 წელს, ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მის სტუმრობას სხვადასხვა კონფესიათა დიალოგისთვის ხელშეწყობის მისია ჰქონდა. კარდინალი შეხვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს, ქვეყნის ოფიციალურ პირებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს, საქართველოს კათოლიკური საკრებულოების სამწყსო საბჭოებს…

კარდინალი კლაუდიო გუჯეროტი – 2001-2011 წლებში იყო წმიდა საყდრის დესპანი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. 2011 წელს, იქამდე, სანამ კლაუდიო გუჯეროტის ბელარუსის ნუნციუსად გადაიყვანდნენ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში წარმატებული მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ერთა შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 2023 წელს კი, ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის განთავსების ღონისძიებაზე კლაუდიო გუჯეროტი უკვე კარდინალის სტატუსით იმყოფებოდა.

კარდინალი როლანდას მაკრცკასი – 2006 წლიდან საქართველოში მსახურობდა ნუნციუსის, კლაუდიო გუჯეროტის მრჩევლად. 2008 წელს, რუსეთ–საქართველოს ომის დროს, იგი საქართველოში იმყოფებოდა.

კარდინალი დომინიკე მამბერტი – 2014 წლის სექტემბერში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. მან შეხვედრები გამართა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. გაიმართება ასევე სტუდენტებთან შეხვედრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში.
Comments