კარდინალი პიეტრო პაროლინი ევროპული დამსახურების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 days ago
- 1 min read
წმიდა საყდრის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პაროლინი ევროპული დამსახურების ორდენით დააჯილდოვეს. ცერემონიაზე, რომელიც სტრასბურგში გაიმართა, კარდინალი სიტყვით გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა პაპისა და წმიდა საყდრის საერთაშორისო ძალისხმევას ისეთი სამოქალაქო თანაარსებობის ხელშესაწყობის შესახებ, რომელიც ადამიანის ხელშეუხებელ ღირსებას განამტკიცებს.

„იმ სამყაროში, რომელიც კონფლიქტების გამწვავების მოწმეა, სადაც მშვიდობა მრავალ ფრონტზეა საფრთხეში და უკრაინის ომის გამო, კონტინენტიც კი ცეცხლშია გახვეული, ევროკავშირი უნდა იქცეს ჰარმონიისკენ მიმართულ იმ „კრეატიული ძალისხმევის“ გამტარებლად, რომელზეც ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა, რობერ შუმანი მიუთითებდა (რომლის ნეტარად შერაცხვის პროცესიც ამჟამად მიმდინარეობს)“, –
ეს განცხადება სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ ევროპული დამსახურების ორდენის გადაცემის ცერემონიაზე გამოსვლისას გააკეთა, რომელიც 19 მაისს, სტრასბურგში შეკრებილი ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში გაიმართა. ეს ჯილდო გადაეცემათ იმ პიროვნებებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კონტინენტის ინტეგრაციასა და ერთიანობაში.
კარდინალმა, პლენარულ სხდომაზე პაპ ლეონ XIV-ის მოკითხვის გადაცემისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხალხებს შორის ჰარმონია ევროკავშირის ფუნდამენტურ დაპირებად და წმიდა საყდრის ნათელ საერთაშორისო ვალდებულებად რჩება, რაც თავად წმიდა მამამაც არაერთხელ დაადასტურა. მან დასძინა, რომ სამოქალაქო თანაარსებობის საფუძველს ის ღირებულებები წარმოადგენს, რომელთა ფესვებიც ევროპის ქრისტიანულ ისტორიაშია და რომელთა თვალსაჩინო მოწმენიც დამფუძნებელი მამები გახდნენ. ამ ღირებულებებს შორის, უპირველეს ყოვლისა, არის ადამიანის ღირსების აღიარება, რომელიც ხელშეუხებელია და ყოველთვის უნდა იყოს დაცული ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. სახელმწიფო მდივანმა გამოსვლა დაასრულა წმიდა საყდრის მზადყოფნაზე საუბრით, რათა ითანამშრომლოს ევროპულ ინსტიტუტებთან და ერთად იყვნენ მშვიდობის შემოქმედნი.

ჯილდოს მიმღებთა ოც კანდიდატს შორის, პაროლინს მიენიჭა უპირატესობა. კანდიდატებს შორის იყვნენ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა და ანიბალ კავაკო სილვა, რომელსაც პორტუგალიის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები ეკავა.
როგორც ევროკავშირის ვებ–გვერდზე ვკითხულობთ, ეს ჯილდო დაარსდა შუმანის დეკლარაციის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანების შექმნას. ინტეგრაციული პროცესის პირველ ბირთვს, რომელმაც დღევანდელ ევროკავშირამდე მიგვიყვანა.

შოთა გიქოშვილი




Comments