ლაილაშის ეკლესია
- catholic.ge

- Nov 14
- 3 min read
ლაილაში საქართველოს ულამაზესი და, ასევე, თავისი ისტორიით ცნობილი სოფელია. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ის ლეჩხუმის მაზრის ცენტრს წარმოადგენდა. ოდითგანვე სავაჭრო გზაზე მდებარე დასახლება განსაკუთრებით ამ პერიოდში განვითარდა. ლაილაში მრავალკონფესიური და მრავალეროვნული დასახლება იყო. შესაბამისად, აქ არის სამი სალოცავი: წმ. გიორგის მართლმადიდებლური ეკლესია, სომხური ეკლესია და ებრაული სინაგოგა. ყურადღებას გავამახვილებ სომხურ ეკლესიაზე, რომლის მიმართ ინტერესი გამოიჩინა მამა გაბრიელე ბრაგანტინიმ, ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის მოძღვარმა, თავის მრევლთან ერთად.

შემოდგომის მზიან, ლამაზ დღეს ვესტუმრეთ ლაილაშს და მოვინახულეთ, სამწუხაროდ, უკვე ეკლესიის ნანგრევები. სომხური ეკლესიის აგების თარიღად 1850 წელი მიიჩნეოდა, რადგან ფასადზე მიმაგრებულ ქვას აწერია - „სტანბოლი, 1850 წელსა თებერვლის 1-ს დღესა...“ (დანარჩენი აღარ იკითხება). სინამდვილეში, ეს ქვა ეპიტაფია ყოფილა. სავარაუდოდ, ეკლესიის იმ მრევლს ეკუთვნის, რომელიც ამავე ეკლესიის ეზოში იქნებოდა დაკრძალული.
ცოტა რამ ეკლესიის შენობის შესახებ: მას შეცდომით მიიჩნევენ დარბაზული ტიპის ეკლესიად. სინამდვილეში კი ის საკმაოდ მაღალი, ჯვარ-გუმბათოვანი იყო, ოვალური სარკმლებით, ფასადისა და აღმოსავლეთის მხარის კარებით. გუმბათი ფერადი მინით იყო შემინული (რაც მრევლის შესაძლებლობასა და გემოვნებაზე მეტყველებს).
„სკოლიდან მომავალი ბავშვები შევჩერდებოდით, გვიყვარდა ფერადი, ლამაზი მინების ყურებაო“, - იხსენებს ლაილაშის ერთ-ერთი მკვიდრი. ეკლესიის ეზოში დიდი ცაცხვის ხე იდგა, ულამაზესი სანახავი იყო მთლიანობაში ეს ადგილი. ჯერ საუკუნე-ნახევრის ცაცხვის ხე გადატყდა, გამოფუღურებული, შემდეგ კი ეკლესიის შენობა დაინგრა. შენობის ნგრევის მიზეზი დაუდევრობა იყო, რასაც, ზოგადად, იჩენდნენ კომუნისტები ეკლესიის მიმართ. 50-იან წლებში ნავთის დიდი ცისტერნა მოუტანიათ და ეკლესიის უკანა კედელთან, მიწაში ჩადგმა გადაუწყვეტიათ. მიწის თხრის დროს ქვა რომ შეხვედრიათ, აუფეთქებიათ, რამაც ბალავრის დაზიანება გამოიწვია, რასაც მოჰყვა კედლის გაბზარვა, შემდგომში კი არავინ იზრუნა მის შეკეთებაზე. შენობამ 1976 წლის დიდთოვლობას ვეღარ გაუძლო და ჩამოინგრა, მანამდე კი, მას ხილის ჩაბარების პუნქტად იყენებდნენ, შესაბამისად, ფართობისათვის მოანგრიეს საკურთხეველი და მოაწყვეს საწყობი, ასევე, აიღეს ეკლესიის ეზოში მიცვალებულთა საფლავის ქვები. ერთ ქვას დედა გადაფარებია, ჩემი შვილის გულზე დადებულ ქვას არ აგაღებინებთო.
ამ ეკლესიის მრევლი ქართულენოვანი იყო, ძირითადად, ეთნიკურად ქართველი.

სავარაუდოდ, მათი აღმსარებლობა, დროის გარკვეულ მომენტამდე, ლათინური წესის კათოლიკობა უნდა ყოფილიყო. კაჭკაჭიშვილები მესხეთში (საიდანაც ვართ წამოსულები) ლათინური წესის კათოლიკეები არიან. აქვე, ყურადღებას გავამახვილებ ბაინდურაშვილებზე (ბაუნდუროვები), რომლებიც, ასევე, ამ ეკლესიის მრევლის წევრები იყვნენ. თავად ზურაბ წერეთლის საპროტესტო წერილში რტიშჩევის მიმართ (1811 წელი) აღნიშნულია: „ერთი მათგანი, რომელიც იყო თომა ბაუნდურაშვილი, ამისთვის მეფე დავითის გრამოტა მაქვს, როცა ონის ქალაქი მიბოძა იქ მყოფთ სამეფო ვაქსებით, თომაც იქ ესახლა და რადგან ფრანგის სარწმუნოების მუნ მეტ არავინ იყო, მე ქუთაისს დავასახლე“ (გ. იობაშვილი: დასავლეთ საქართველო: ქალაქები რეფორმამდელ პერიოდში, გვ.160). გამოდის, რომ ამ მომენტისათვის ბაინდურაშვილის გვარის წარმომადგენელი იყო ლათინური წესის კათოლიკე.
საინტერესოა, ასევე, სოლომნ II-ის სიგელი, რომელიც დასტურია იმისა, რომ კათოლიკეთა გარკვეული ნაწილი ქუთაისში მოექცა სომხურ სარწმუნოებაზე. ეს კი მთელი რიგი მიზეზით იყო გამოწვეული: „1803 წელს, ღვთის წყალობით, მე, მეფე სოლომონმა, გადმოგეცით თქვენ, მამებო, ეს მადლიანი სიგელი იმიტომ, რომ ქუთიასში მცხოვრებ მათ, ვინც ადრე კათოლიკეები იყვნენ და შემდეგ სომხურ სარწმუნოებაზე მოექცნენ... ვუცხადებ ყველას, რომ ჩემი ნება და ბრძანებაა, დაუბრუნდით თქვენს ყოფილ კათოლიკურ სარწმუნოებას, რათა არცერთ მათგანს არ შეეშინდეს, რომ ვინმესგან ამის გამო პრობლემები შეექმნება, არავის დავადანაშაულებ კათოლიციზმზე მოქცევის გამო“ (გ. იობაშვილი: დასავლეთ საქართველო: ქალაქები რეფორმამდელ პერიოდში). როგორც ამბობენ, შენობის არქიტექტურა არ არის სომხური ეკლესიის შესაბამისი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის აგებულია კათოლიკე მრევლისათვის, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება საფუძვლიანი შესწავლა.
ეკლესიის ფასადზე მიმაგრებული ეპიტაფია: „ძმანო, სოფელმა ამაღო ხელი, მხოლოდ ვიცოცხლე 30 წელი, სტანბოლი დამავყავ მოსული, ზურ გევი დამხვდა მზრუნველი, ჩემი ძმა გევო მყვანდა მომვლელი, სიკვდილით ვქმენ მის გამყრელი, იქ არ დამტოვა ძმა საყვარელი, აქ დადო მიწას სად არს მშობელი, ქვას განბალსა ჩემი მფარველი, გეომ იზრუნა ჩემი ყოველი, სააკა ედანოევ; მარად მთხოვნელი ეგებ მეღირსოს სასუფეველი. სტანბოლი, 1850 წელსა თებერვლის 1-ს დღესა“. ქვაზე გამოსახულია ფრთოსანი ანგელოზი გვირგვინით - გარდაცვლილი „ანგელოზი“, წმიდა სულით, მიაბარეს ღმერთს და მიიჩნეოდა, რომ ზეციური ჯილდო ელოდა. ეს სიმბოლოა ზეციური ჯილდოსი და მარადიული ცხოვრებისა.
ნინო კაჭკაჭიშვილი-ბალანჩივაძე ჟურნალი "საბა", 2025, ნოემბერი








![‘უფალო, სად მიდიხარ?' – ადგილი, სადაც იესო და პეტრე ერთამანეთს შეხვდნენ [ფოტო]](https://static.wixstatic.com/media/3230ff_0e5b0379f978479ab6d154610f4dc77a~mv2.jpg/v1/fill/w_800,h_534,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/3230ff_0e5b0379f978479ab6d154610f4dc77a~mv2.jpg)

Comments