ნათლისღების დღესასწაულზე პაპმა 20 ბავშვი მონათლა
- catholic.ge

- 20 hours ago
- 1 min read
11 იანვარს, უფლის ნათლისღების დღესასწაულზე, პაპმა ლეონ XIV-მ საზეიმო წმიდა წირვა „სიქსტეს კაპელაში“ აღავლინა და ამავდროულად, ნათლობის საიდუმლო აღასრულა. მან ვატიკანის სამსახურების თანამშრომელთა შვილები მონათლა: 8 გოგონა და 12 ბიჭი. ეს ტრადიცია 45 წლის წინ, წმიდა პაპმა იოანე პავლე II - მ დაამკვიდრა.

„დღეს ისინი ახალ ადამიანებად იქცნენ“, - განაცხადა პაპმა ნათლობის ცერემონიის დროს ნათქვამ ქადაგებაში, რომელსაც თან ახლდა Schola Cantorum-ის გალობა.
ნათლობა დაიწყო ტრადიციული კითხვებით: „რა სახელებს არქმევთ თქვენს შვილებს? რას სთხოვთ მათთვის ეკლესიას? აცნობიერებთ თუ არა თქვენს პასუხისმგებლობას? ძვირფასო შვილებო, დიდი სიხარულით გიღებთ ღვთის ეკლესია“, - თქვა პაპმა მშობლებისა და ნათლიების პასუხის გაცემის შემდეგ და თითოეულ ბავშვს შუბლზე ჯვრის ნიშანი სცხო.
„როდესაც უფალი ისტორიაში შემოდის, ის თითოეული ადამიანის ცხოვრებას ღია და თავმდაბალი გულით იღებს. ის ჩვენს მზერას საკუთარი, სიყვარულით სავსე მზერით პასუხობს და გვესაუბრება, გვიცხადებს ხსნის სიტყვას. ღვთის ძის განკაცებამ სათავე დაუდო ახალ ეპოქას. უფალი თავს გვიცხადებს იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ველით. იესო ადამიანური ბუნების მიღებით კი არ გვშორდება, არამედ სურს ჩვენს შორის ყოფნა. თავისი უსაზღვრო წყალობით მამა, ქრისტეს დახმარებით გვაქცევს მართალ ადამიანებად. ღვთის სიყვარული ვლინდება შვილებში მშობლების მეშვეობით, რომლებიც მათთვის ნათლობას ითხოვენ. ნათლობამ, რომელიც ეკლესიას ერთ დიდ ოჯახად აქცევს, ყოველთვის განწმინდოს თქვენი ოჯახები და მუდამ ერთიანნი იყავით“, - თქვა წმიდა მამამ.
მან ასევე ისაუბრა ნათლობის საიდუმლოს ინდივიდუალური ჟესტების სიმბოლიკაზე – „ნათლობის წყალი სულით განბანაა, რომელიც ცოდვებისგან განწმენდს. თეთრი მოსასხამი ახალი შესამოსელია, რომელსაც უფალი გვაძლევს სასუფევლის ნადიმისთვის. პასექის სანთლიდან ანთებული სანთელი კი აღმდგარი ქრისტეს სიმბოლოა".

პაპმა ლეონმა დაასრულა თავისი ქადაგება და ილოცა, რათა ახალმონათლულებმა „სიხარულით განაგრძონ ეს მოგზაურობა მთელი წლისა და მთელი ცხოვრების განმავლობაში, ასევე დარწმუნებული იყვნენ, რომ უფალი ყოველთვის თან ახლავს მათ ნაბიჯებს“.
შოთა გიქოშვილი









Comments