ლატერანის ტაძარში პაპის კათედრა ჩაბნელებულია
- catholic.ge
- 1 day ago
- 2 min read
ლატერანზე, წმ. იოანეს სახელობის ბაზილიკაში, განთავსებულია ტახტი, რომელზეც ახალარჩეული პაპი უნდა დაჯდეს, რათა მისი, როგორც პონტიფექსის მსახურების დაწყება სრულყოფილად ჩაითვალოს. მას შემდეგ, რაც პაპი კათედრაზე აღსაყდრდება, იგი პეტრეს მსახურების შესრულებას ოფიციალურად იწყებს.

ლატერანის წმინდა იოანეს ბაზილიკა მომლოცველებსა და ტურისტებს კვლავ იღებს, თუმცა პაპის კათედრა, რომელიც აფსიდაში (ნახევარწრედ გამოწეული სივრცე ქრისტიანული ტაძრის ნაგებობაში) მდებარეობს, ჩაბნელებულია. აქ განათება მაშინ ჩაქრა, როდესაც პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა.
„პაპის კათედრა მაშინვე განათდება, როცა ახალი პაპი აირჩევა. ამ Sede Vacante-ს პერიოდში სიბნელეა, რადგან ჯერ არ არსებობს ახალი პონტიფექსის შუქი, რომელმაც მსოფლიოს გზა უნდა გაუნათოს“, – განმარტავს რომის ვიკარიატის მომლოცველობის პასტორალური სამსახურის დირექტორი, მონაზონი რებეკა ნაცარო.
ქრისტიანულ ეკლესიებში კათედრა არის ადგილი, საიდანაც ეპისკოპოსი ლიტურგიულ ცერემონიებს ხელმძღვანელობს. ახალარჩეული პაპი, როგორც რომის ეპისკოპოსი, სწორედ ამ კათედრას უნდა ფლობდეს.
პაპის არჩევის რიტუალი სწორედ ამ ნაწილით დასრულდება. არჩეული პონტიფექსი, რომის სასულიერო პირთა თანხლებით, წმიდა პეტრეს ტაძრიდან ლატერანის ბაზილიკაში გადავა.
„ეს არის ადგილი ჭეშმარიტების ქადაგებისათვის — ჭეშმარიტებისა, რომელიც მან მთელს მსოფლიოს უნდა გამოუცხადოს. სწორედ აქედან დაიწყებს ახალარჩეული პაპი პეტრეს მემკვიდრის სტატუსის განხორციელებას. ეს კათედრა მას ანიჭებს პეტრეს მემკვიდრისა და მწყემსის ავტორიტეტს — არა მხოლოდ რომის ეკლესიის, არამედ მსოფლიო ეკლესიისაც. ლატერანის წმიდა იოანეს ბაზილიკაში, სხვა ნებისმიერ ადგილთან შედარებით, განსაკუთრებულად იგრძნობა ეკლესიის კათოლიკურობა, საყოველთაობა — ის საყოველთაოა, რომელიც მოციქულთა მემკვიდრეობით აგრძელებს მძიმე და რთულ მისიას – მოყვასის მწყემსობას“.
კათედრის სუპედანეუმზე (პატარა ადგილი, სადაც პაპი ფეხს ასვენებს) ამოტვიფრული ბარელიეფი — ეს არის კათედრის ერთადერთი ორიგინალური ნაწილი. მასზე გამოსახულია ასპიდი (უნასი, გველი), ლომი, დრაკონი და ბასილისკო (მითოლოგიური არსება მამლის თავით, ბაყაყის თვალებითა და ტანით, ასევე გველის კუდით) — მინიშნება 90-ე ფსალმუნზე, სადაც ნათქვამია: „ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ“.
„ეს ოთხი ცხოველი ეშმაკისეული ძალების სიმბოლოა, რომლებიც ადამიანებს სიცრუესა და კერპთაყვანისმცემლობაში ითრევენ. თუმცა ისინი ჭეშმარიტების ძალით ილეწებიან. მხოლოდ რომის ეპისკოპოსს შეუძლია დაჯდეს ამ კათედრაზე, რადგან, როგორც ქრისტეს ვიკარიუსი, იგი იმ ძალაუფლების ნაწილს ატარებს, რაც უფალს აქვს ბოროტ ძალებთან გასამკლავებლად — ჭეშმარიტი რწმენის სუფთა სწავლებით“, – ამბობს მონაზონი.
ამავდროულად, კათედრა სიმბოლურად პერპენდიკულარულად მდებარეობს აბსიდის მოზაიკის ჯვართან (Croce gemmata), სადაც გამოსახულია ქრისტეს სახე და სულიწმიდის მტრედი.
„ასე ნათელი ხდება ის მისია, რომელიც იესო პეტრეს და მის მემკვიდრეებს მიანდო: ‘და მე გეუბნები შენ: შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაგებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის კარიბჭენი მას ვერ დასძლევენ’ (მათე 16,18).“
ლატერანის წმინდა იოანეს ბაზილიკის მნიშვნელობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ რელიკვიებით, რომლებიც ტრანსეპტში (ჯვრისებური გეგმის მქონე ტაძარი) ინახება.
პაპის მთავარი საკურთხევლის ქვეშ, რომელიც ცენტრში მდებარეობს, დაცულია ხის სადგამი, რომელზეც ტრადიციის თანახმად წმინდა პეტრემ თავად აღავლინა ევქარისტია.
ხოლო ტრანსეპტის მარცხენა მხარეს, საკრამენტების საკურთხეველზე, ინახება სუფრის დაფა, რომელიც, ტრადიციის მიხედვით, უკანასკნელი სერობის დროს გამოიყენა იესომ და მისმა მოწაფეებმა.
თაკო ფეიქრიშვილი
Comentarios