ლეონ XIV -მ უკრაინის პრეზიდენტს უმასპინძლა
- catholic.ge

- 2 days ago
- 2 min read
„კასტელ განდოლფოს“ სასახლეში პაპ ლეონ XIV - მ უკვე მოერედ უმასპინძლა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის. საუბარი შეეხო მიმდინარე დიპლომატიურ და სამშვიდობო ინიციატივებს, ასევე სამხედრო ტყვეებისა და ბავშვების დაბრუნების საკითხს.

„ვაცნობე პაპს შეერთებულ შტატებთან მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ. მადლობა გადავუხადე მას გვერდში დგომისა და ვატიკანის შუამავლობისთვის, ასევე დავპატიჟე უკრაინაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
გასული წლის ზაფხულის მსგავსად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ვიზიტს პაპის რეზიდენციიდან, ლაციოს დასახლებიდან იწყებს. პაპთან შეხვედრას წინ უძღოდა იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯა მელონთან დახურული შეხვედრა.
ტყვეებისა და ბავშვების საკითხი
ლეონ XIV-სა და უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს შორის გამართული საუბრის მთავარი თემები იყო: დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა, მიმდინარე დიპლომატიური ინიციატივების სამართლიანი და ხანგრძლივი, მშვიდობისკენ მიმავალი გადაუდებელი სურვილი. შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.
წმიდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეები ასევე შეეხნენ სამხედრო ტყვეების საკითხსა და უკრაინელი ბავშვების ოჯახებში დაბრუნების უზრუნველყოფის აუცილებლობას.
„იმედია, აქ მოწვევით რამენაირი უხერხულობა არ შეგიქმენით“, - უთხრა შეხვედრის დასასრულს პაპმა უკრაინის ლიდერს. “გილოცავთ დამდეგ შობას“, რაზეც პრეზიდენტმა ღიმილით უპასუხა: „იმედია, რომ ასე იქნება”.
„ეს იყო შესანიშნავი შეხვედრა, ძალიან გულწრფელი და მშვიდი“, - ასე შეაფასა შეხვედრა უკრაინის ელჩმა წმიდა საყდარში, ანდრეი იურაშმა, რომელიც ხუთკაციან დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა აუდიენციას.
თავად ზელენსკიმ ოფიციალურ Facebook გვერდზე დაწერა, რომ „უკრაინა ღრმად აფასებს მისი უწმიდესობის, პაპ ლეონ XIV-ის და წმიდა საყდრის მხარდაჭერას, მათ მიმდინარე ჰუმანიტარულ დახმარებას და ჰუმანიტარული მისიების გაფართოების სურვილს“.
სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა ლეონ XIV-ს უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის მუდმივი ლოცვისთვის, ასევე მშვიდობისკენ მოწოდებებისთვის.
პრეზიდენტის თანახმად, მათ განიხილეს შემდგომი ქმედებები და ვატიკანის შუამავლობის საკითხი, რუსეთში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად: „მადლობელი ვარ მისი უწმიდესობისადმი უკრაინელი ახალგაზრდების მხარდაჭერისათვის. მადლობა საუბრისთვის და იმ ყურადღებისთვის, რომელიც თქვენ ჩვენს ხალხს დაუთმეთ. მე პაპი უკრაინაში მოვიწვიე. ეს ჩვენი ხალხის მხარდაჭერის ძლიერი ნიშანი იქნება“.
საჩუქრების გაცვლის დროს, ზელენსკიმ პაპს უკრაინული ხალხური მოტივებით შესრულებული შობის სცენა გადასცა, პაპმა საპასუხოდ უსახსოვრა ბრინჯაოს დაფა, რომელზეც გამოსახულია ბავშვები, რომლებიც თავსატეხის რამდენიმე ნაწილისგან გლობუსის აწყობას ცდილობენ. ქვედა ნაწილში წარწერაა „Fratelli tutti“, რაც პაპ ფრანცისკეს ენციკლიკაში შემოთავაზებული უნივერსალური ძმობის ოცნებაზე მიუთითებს.
ავტომობილი, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტი კასტელ განდოლფოში მიიყვანეს ადგილზე დაახლოებით დილის 9:30 საათზე იყო. შუა საუკუნეების ქუჩები რამდენიმე საათის განმავლობაში დაიკეტა. მანქანა ბარბერინის ვილაში გვერდითი შესასვლელიდან შევიდა. ზელენსკის შვეიცარიული გვარდია დახვდა, რეზიდენციის კართან კი პაპის სახლის ახალი ვიცე-რეგენტი, ავგუსტინელი მღვდელი ედუარდ დანიანგ დალენგი, რომელმაც იგი შესასვლელამდე მიაცილა.
ეს პაპსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის რიგით მესამე პირადი შეხვედრაა. პირველი აუდიენცია 18 მაისს გაიმართა, მისი პონტიფიკატის დაწყების აღსანიშნავი წირვის დასრულებისთანავე, რომელსაც ზელენსკი მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაური პაპმა პავლე VI-ის დარბაზში მიიღო. რამდენიმე დღით ადრე, 12 მაისს, მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ზელენსკიმ კი პაპი უკრაინაში მიიწვია.
მეორე აუდიენცია 9 ივლისს, ასევე „კასტელ განდოლფოში“ გაიმართა. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში პაპმა და პრეზიდენტმა განიხილეს მშვიდობისკენ მიმავალი სამართლიანი და მდგრადი გზები, საომარი მოქმედებების დასრულებისათვის დიალოგის აუცილებლობა, პატიმრების გათავისუფლების მცდელობები და ვატიკანში მოლაპარაკებებისთვის რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების მასპინძლობის „მზაობა“.
შოთა გიქოშვილი








Comments