top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ლიბანში მამა შალვა ვარდიძის საფლავის მოსაძიებლად სამუშაოები ჩატარდა’ – საელჩო

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოს განცხადებით, კათოლიკე მღვდლისა და საზოგადო მოღვაწის, შალვა ვარდიძის ნეშტის მოსაძიებლად ლიბანში სპეციალური სამუშაოები ჩატარდა, თუმცა აღმოჩნდა რომ სასაფლაოზე, სადაც იგი იყო დაკრძალული, 1970–იან წლებში ინფრასტრუქტურული სამუშოები მიმდინარეობდა, რის გამოც, ნეშტის მოძიება გაჭირდა.


Catholic.ge საელჩოს განცხადებას გთავაზობთ:


„იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანის რესპუბლიკასა და ერაყის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელშეწყობით, ლიბანის რესპუბლიკაში ჩატარდა სამუშაოები გამორჩეული ქართველი საზოგადო მოღვაწის, 1920-იან და 1930-იან წლებში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილის, კათოლიკე მღვდლის შალვა ვარდიძის საფლავის მოძიებისთვის. შალვა ვარდიძემ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა ლიბანში, ქ. ბეირუთთან ახლომდებარე ლიბანის მთის ქრისტიანული კერების ერთ–ერთ მონასტერში და გახლდათ ბეირუთში სენ-ჯოზეფის ფრანგული უნივერსიტეტის პროფესორი.


შალვა ვარდიძე დაიბადა 1885 წელს, ადიგენის რაიონის სოფ. არალში. მან განათლება მიიღო თურქეთის ქ. სტამბოლში, სადაც განაგრძო მოღვაწეობა ფერიქოის უბანში სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა უმანკო ჩასახების მონასტერში.


საქართველოს ბიბლიოთეკის არქივებში დაცულია მასალები შალვა ვარდიძის მოღვაწეობის თაობაზე. იგი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ეწეოდა ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ - უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში ცხრა ენაზე აქვეყნებდა სტატიებს და უცხოელებს აცნობდა ქართული კულტურის ისტორიას.


შალვა ვარდიძემ ფრანგულ ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსნის" თავები. საინტერესო კომენტარები აქვს "ვეფხისტყაოსნის" ქართული ტექსტის შესახებ. მნიშვნელოვანია მისი ლიტერატურული მიმოხილვები, განსაკუთრებით ვახტანგ ორბელიანის მთელი შემოქმედების მიმოხილვა, რომელიც თარგმნილი აქვს ფრანგულ ენაზე. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც - 1921 წელს ფრანგულიდან ქართულად თარგმნა იტალიელი მწერლისა და დიპლომატის ევგენი დალეჯიო დალესიოს ნაშრომი "ქართველები კონსტანტინოპოლში".


1911 წ. სტამბოლში შალვა ვარდიძემ დააარსა ქართული კლუბი, რომლის წესდებაც ოსმალეთის მთავრობამ უცვლელად დაადგინა. ქართულ კლუბში შემუშავდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროგრამა. 1914 წლისთვის დაიგეგმა ქართული სკოლის გახსნაც, მაგრამ ქართული კლუბის გეგმების განხორციელებას პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ შეუშალა ხელი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია შალვა ვარდიძის ისტორიული ხასიათის ნაწარმოებები - არაბულ ენაზე დაწერილი და ბეირუთში გამოქვეყნებული საქართველოს მოკლე ისტორია. ასევე არაბულ ენაზე დაწერილი დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი "დიდი საქართველოს პატრონი", რომლითაც ავტორმა არაბულ სამყაროს გააცნო საქართველოს ოქროს ხანა.


სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად, მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს 1914-1917 წწ. და 1920-1930 წლების ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. სწორედ სტამბოლში ქართული სავანის ტერიტორიაზე, ქართული მონასტრის სასტუმრო სახლში მოქმედებდა 1914 წ. ჟენევაში დაარსებული „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“, რომელიც მიზნად ისახავდა გერმანიის პროტექტორატით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. "დამოუკიდებლობის კომიტეტის" საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სავანის წინამძღვარი შალვა ვარდიძე. იგი თანამშრომლობდა 1920-იანი წლებიდან პარიზში დაარსებულ "თეთრი გიორგის" ორგანიზაციასთან და აქტიურად იბრძოდა საქართველოში ბოლშევიკური მმართველობის დასასრულებლად. 1921 წლიდან დიდ დახმარებას უწევდა ქართულ ემიგრაციას სტამბოლში.


1921 წ. სტამბოლის ქართველთა სავანის სტამბაში დაიბეჭდა ქართული ემიგრანტული პოლიტიკური ჟურნალის "თავისუფალი საქართველოს" პირველი ნომრები.


საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებული ბრძოლისათვის შალვა ვარდიძე დაჯილდოებული იყო თამარ მეფის სახელობის ლეგიონის ორდენით.


1940-იან წლებში შალვა ვარდიძე შეიპყრეს თურქეთში და გაასახლეს ქვეყნიდან. მას შემდეგ შალვა ვარდიძემ მოღვაწეობა განაგრძო ლიბანში, სენ-ჯოზეფის უნივერსიტეტში.


შალვა ვარდიძე გარდაიცვალა 1958 წლის 20 დეკემბერს, ქრისტეს ჯვრის მონასტრის ხანდაზმულ მღვდელთა თავშესაფარში. იგი დაკრძალულ იქნა ქ. ბეირუთში, ზეითუნის ლათინთა სასაფლაოზე.


საქართველოს საელჩოსა და ლიბანის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის ძალისხმევით, ჩატარდა სამუშაოები შალვა ვარდიძის საფლავის მოსაძიებლად. აღნიშნულის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იორდანიაში, ლიბანსა და ერაყში, გამართა შეხვედრები ლიბანის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვართან.


აღმოჩნდა, რომ 1970-იანი წლების დასაწყისში ლიბანის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ზეითუნის ლათინთა სასაფლაოს ადგილზე გაყვანილ იქნა საავტომობილო გზა. სასაფლაოზე დაკრძალულთა ნაწილი კი გადასვენებულ იქნა ქ. ბეირუთის სხვა სასაფლაოზე, საერთო საფლავში, რამაც ამ ეტაპზე შეუძლებელი გახადა შალვა ვარდიძის ნეშტის მოძიება.


ამგვარად, მ.წ. 17 მაისს, ბეირუთის წმინდა პავლეს სახელობის ლათინთა ეკლესიაში, ასევე საერთო სასაფლაოზე, სადაც შალვა ვარდიძე დაკრძალულია სხვა მიცვალებულებთან ერთად, ეკლესიის წინამძღვარმა მღვდელმა როჟემ ჩაატარა მღვდელი შალვა ვარდიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი“, – წერია საელჩოს განცხადებაში.


ცნობისთვის, კათოლიკე მღვდელი, შალვა ვარდიძე მთელი ცხოვრება ცდილობდა სამშობლოში დაბრუნებას. მის შესახებ უახლოეს მომავალში ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი წიგნს გამოსცემს.


„ძმაო, არ მინდა შენც დამაობლო,

ჩემი ლექსები სხვის კარზედ ჰქროდეს,

თუ პოეზიას არა აქვს სამშობლო,

პოეტს სამშობლო ხომ უნდა ჰქონდეს?“


(ნაწყვეტი შალვა ვარდიძის ლექსიდან)

ფოტოები – საელჩო

თაკო ფეიქრიშვილი


bottom of page