top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ნუთუ არ დადგა დრო...

ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ცბიერი კითხვა: შეგვიძლია ცხოვრება ინტერნეტის გარეშე? პასუხი აუცილებლად იქნება ,,დიახ“! და მართლაც, როდესაც საქმე ეხება სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს, ეს ასეცაა. და არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ მიზანშეწონილი და სასურველიც იქნებოდა.


ree

მაგრამ შესაძლებელია, დღეს სამყარო წარმოვიდგინოთ ინტერნეტის გარეშე? პასუხი უსათუოდ იქნება ,,არა“! ინტერნეტი აღარ არის უბრალოდ რაღაცის კეთების საშუალება; ის არის გარემო, რომელშიც მთლიანად ვართ ჩაფლულები; თუკი ჩვენი რეალური ცხოვრება ,,ონლაინზეა“ დამოკიდებული, მასთან დამაკავშირებელი მოწყობილობის არქონა დაგვაშორებს სამყაროსაგან, როგორც სამსახურის, ასევე, პირადი ცხოვრებისაგან.


ინტერნეტი მთელი სამყაროა, „ალგორითმული“ მახასიათებლებითა და კრიტერიუმებით წარმოდგენილი და აღბეჭდილი. „ციფრულმა რევოლუციამ“ სრულიად შეცვალა ურთიერთობის, მუშაობის, სწავლის, გართობის, პროდუქტების შეძენის, მოგზაურობის, ქალაქში სეირნობის, ემოციების, სექსუალობისა და რელიგიური გამოცდილების ჩვენეული განცდები.


თუკი ინტერნეტის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია სამყარო, შეგვიძლია „ციფრული სამყარო“ წარმოვიდგინოთ წესების გარეშე? როგორც „ციფრულ ეპოქამდე“ გარკვეულ ადგილებში და გარკვეული აქტივობებისათვის სიფრთხილის ზუსტი წესები იყო დაცული, რაც დღესაც გრძელდება, მაგალითად, საგზაო მოძრაობის, თამბაქოს მოწევის წესები... ასევე, ყოვლად აუცილებელია, ჩვენს „ახალ სამყაროსაც“ ჰქონდეს თავისი წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ, რათა მათ არ დაგვიმონონ. ასეთ შემთხვევაში, საუბრობენ ქსელურ ეტიკეტზე (netiquette, net -ქსელი) და ეტიკეტზე (etiquette), ანუ ინტერნეტში ურთიერთობისათვის თავაზიანი და შესაფერისი ქცევის წესებზე.


ree

პაპი ფრანცისკე საუბრობდა ალგორითმების ეთიკაზე, რომელიც ეკლესიის სოციალური დოქტრინის ღირებულებებზეა დაფუძნებული: პიროვნების ღირსება, სამართლიანობა, სუბსიდიარობა და სოლიდარობა. არაკომერციული ორგანიზაცია „სოციალური გაფრთხილება“ (Movimenti etico digitale), რომელიც ინტერნეტეთიკის კუთხით მუშაობს, ოჯახებს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ ეკრანთან გატარებულ დროს, შექმნან სახლში ზონები, სადაც „ტელეფონით შესვლა აკრძალულია“ (მაგალითად, სადილობისას ტელეფონი მაგიდაზე არ უნდა იდოს), არ გამოიყენონ მანქანის მართვის დროს და გამორთონ შეტყობინებების ფუნქცია.


როცა ადამიანი ეკრანთან ყოველდღიურად საშუალოდ 6 საათსა და 57 წუთს ატარებს და ამ დროის უმეტეს ნაწილს, 3 საათსა და 43 წუთს, სმარტფონს უთმობს, ამას პაპმა ლეონ XIV-მ „კავშირების ბულიმია“ უწოდა და ის კვებით აშლილობას შეადარა. საბედნიეროდ, ბრიტანეთის Guardian-ის ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ, რომელშიც ათას სამასი ადამიანი მონაწილეობდა, ძირითადად, 16-დან 21 წლამდე ასაკის, აჩვენა, რომ 70% თავს საშინლად გრძნობდა მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი გამოიყენა, დაკარგა ინტერესი სხვა აქტივობების მიმართ, დაეწყო აღგზნება, შფოთვა, დეპრესია, შეიპყრო აკვიატებულმა აზრებმა. 50%-ს 22:00 საათის შემდეგ ციფრული კომენდანტის საათის დაწესებაც კი სურდა და ამას ითხოვდნენ არა ისინი, რომელთაც ინტერნეტის გარეშე ყოფნა ენატრებათ, არამედ ისინი, რომლებიც ონლაინპლატფორმაზე გაიზარდნენ...


იქნებ, მართლაც დადგა დრო, რომ გავიაზროთ, თუ როგორ ვიყენებთ ინტერნეტს, რადგან რეალობა უკვე აღარ გვაღელვებს, გვეხება, მაგრამ არ გვნებს... პაპი ფრანცისკე „ტვინის ლპობაზე“ საუბრობდა და ესეც იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ დადგა დრო...

მამა გაბრიელე ბრაგანტინი

ჟურნალი "საბა" / ნოემბერი, 2025




Comments


bottom of page