top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ლოცვა კონსტანტინე აკოფაშვილის დიაკვნად კურთხევის წინ


2022 წლის 4 ივნისს, კათოლიკე ეკლესიას კიდევ ერთი ქართველი სასულიერო პირი შეემატება. რაბათის სავარდის ღვთისმშობლის ტაძარში დიაკვნად ეკურთხება კონსტანტინე აკოფაშვილი. კურთხევის წინა ღამეს კათოლიკე ახალგაზრდებმა კონსტანტინესთვის ერთობლივი ლოცვა აღავლინეს.



ვალის კათოლიკური ტაძარი ის ადგილია, სადაც კონსტანტინე აკოფაშვილმა წლების წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მღვდელი გახდებოდა. სწორედ ამ ტაძარში, 3 ივნისს, საღამოს, ორმოცდაათამდე კათოლიკე ახალგაზრდა შეიკრიბა. მათი მიზანი კონსტანტინე აკოფაშვილის დიაკვნად კურთხევამდე ერთობლივი ლოცვის აღვლენა და სიხარულის გაზიარება იყო.


საღამო, რომელიც კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის ორგანიზებით დაიგეგმა, ტაძარში თაყვანისცემით დაიწყო. ლიტურგიას ცენტრის სულიერი წინამძღვარი მამა მიხალ იახი უძღვებოდა. სახარების შესაბამისი მონაკვეთი თავად კონსტანტინე აკოფაშვილმა წაიკითხა. მამა მიხალმა კი ისაუბრა იმ სიყვარულის შესახებ, რომლითაც ადამიანი ღმერთს უკავშირდება და საკუთარი გზის ამოცნობას ცდილობს.


ვალის სამრევლოს ახალგაზრდების მიერ მომზადებულ ლიტურგიაში ყველა ახალგაზრდამ თავისი პირადი ლოცვა წარმოთქვა.



ლიტურგია „სავარდის“ თავის ერთობლივი ლოცვით დასრულდა. რის შემდეგაც, საღამომ არაფორმალურ გარემოში გადაინაცვლა.


შეხვედრაზე ნაჩვენები იყო მოკლე ფილმი კონსტანტინე აკოფაშვილის ცხოვრების შესახებ და მიმართვები მისი მეგობრებისგან, მათ შორის მამა მერაბ ტატალაშვილისგან, რომელიც ამჟამად იტალიაში იმყოფება.


შეხვედრის არაფორმალურ ნაწილში კონსტანტინე აკოფაშვილმა თავისი მოწოდებისა და გზის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მღვდლობის სურვილი ძალიან პატარა ასაკში გაუჩნდა, მაშინ, როცა მამა იეჟი შიმეროვსკის წირვის დროს უყურებდა. მას შემდეგ იმეორებდა რომ მღვდელი იქნებოდა, სწორედ ეს დაწერა მეოთხე კლასშიც, როცა მასწავლებელმა მას და მის კლასელებს სთხოვა მომავალი პროფესიის შესახებ ჩანაწერი გაეკეთებინათ:



„სკოლის დამთავრებისას გვკითხეს გვახსოვდა თუ არა რა დავწერეთ მეოთხე კლასში. მე მახსოვდა.. რამდენიმე დღის წინ ვნახე ჩემი მასწავლებელი, რომელმაც მითხრა, რომ მე ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელსაც ახსოვდა მეოთხე კლასში დაწერილი სურვილი, რა უნდა გავმხდარიყავი“, – გაიხსენა კონსტანტინემ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.


როგორც იგი ჰყვება, სემინარიაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 17 წლის ასაკში მიიღო. ამბობს, რომ მაშინ ოჯახს მისი გადაწყვეტილება გაუკვირდა, იყო გულისწყვეტაც, მაგრამ ყველა მათგანი გვერდში დაუდგა: „გავიზარდე თავისუფლად, ლაღად, მქონდა ნდობა ოჯახის მხრიდან. რა თქმა უნდა, ოჯახს არ მოეწონათ თავიდან ჩემი გადაწყვეტილება, დედაჩემისთვის ეს ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ჩემს გვერდით იდგნენ“.


კონსტანტინეს თქმით, სემინარია მისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, სადაც უფლის არსებობას ყველა ნაბიჯზე გრძნობდა: „სემინარიაში ისე წავედი, რომ საერთოდ არ ვიცოდი რუსული. წავედი განსხვავებულ გარემოში, ყაზახეთში, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვეებს გზავნიდნენ. თუმცა იქ, ღვთის დახმარებით ვისწავლე რუსული, იქ გავიგე რა იყო სემინარია, რატომ უნდა მესწავლა ამდენი. იქ დავიწყე ლოცვა და იქ ვიგრძენი, რომ მღვდლობა არ არის მხოლოდ აქეთ – იქით სიარული“.


სემინარიაში ექვსწლიანი სწავლების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულს შესაძლებლობა ჰქონდა 2016 წელს, პაპს სამშობლოში პირადად შეხვედროდა და აუდიტორიის წინაშე მისთვის მიემართა. ამბობს, რომ ეს იყო მოვლენა, რომელიც მის მეხსიერებაში ყოველთვის მნიშვნელოვნად ჩაიწერება.



თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ეძებდა რაღაცას, რასაც მისი ცხოვრება თითქოს უნდა შეევსო. ამიტომ პაპთან შეხვედრიდან ერთ თვეში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – დატოვა სემინარია.


„ხანდახან ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ ცხოვრებაში და მერე ვგრძნობთ, რომ რაღაც გვაკლია, დამატება გვჭირდება. სწორედ ამის ძიებისთვის წავედი სემინარიიდან, რომ უფრო მეტი გამეგო და უფრო გავზრდილიყავი. გავრკვეულიყავი ყველაფერში, რაც ძალიან მაინტერესებდა ცხოვრებაში. გამოვიდა, რომ 6 წელი ვისწავლე სემინარიაში და 6 წელი ვიყავი მის გარეთ. ანუ სულ 12 წელიწადი მომიწია დიაკვნობამდე. ჩვეულებრივად, ეს 6 წელი გრძელდება ხოლმე“, – ამბობს კონსტანტინე.


სემინარიის დატოვების შემდეგ, საერო პირივით ცხოვრების დაწყება მარტივი საქმე არ აღმოჩნდა. მანამდე ფიზიკური შრომა რა იყო არ იცოდა, არ ჰქონდა გამოცდილება როგორ უნდა ეპონა სამსახური, ამიტომ ყველაფრის სწავლა თავიდან მოუწია. პირველი სამსახურიც ასფალტის დაგება იყო. ამბობს, რომ ცხელი ასფალტის ტემპერატურა, რომელსაც შუაღამით აგებდნენ ქალაქის ქუჩებში, დაახლოებით 150 გრადუს აღწევდა და გამოუცდელობის გამო, ასეთ პირობებში ფეხების დაზიანებაც „მოახერხა“: „ასეთი სირთულეების დროს, უბრალოდ ღმერთს ვთხოვდი, რომ გამეძლო“.


მერე იყო შედარებით უკეთესი პირობები, კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი და სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. ორივე ადგილზე თავისი კაბინეტი და ახალგაზრდებთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა. ამბობს, რომ ვერც „სუფთა კაბინეტებმა“ აპოვნინეს ის, რაც მის სულს აკლდა.


სწორედ ამის გამო, 2021 წელს გადაწყვიტა, რომ ეკლესიის წიაღს უნდა დაჰბრუნებოდა. „კაბინეტები დატოვა“ და ქუთაისში მამებთან გაემგზავრა.



რამდენიმე დღის წინ, ეპისკოპოსს ოფიციალური წერილით მიმართა, რომ დიაკვნად კურთხევა სურს: „როცა ეპისკოპოსს მივწერე წერილი, გამახსენდა ძალიან ცნობილი ადამიანის ძალიან ცნობილი ფრაზა: „მე არასდროს ვყოფილვარ ანგელოზი, მაგრამ ვცდილობდი ვყოფილიყავი ადამიანი“ ეს ის სიტყვებია, რომლებიც ძალიან ცნობილმა ადამიანმა, ჩარლი ჩაპლინმა შობის ღამეს თავის შვილს მისწერა. ეს სიტყვები სულ მიტრიალებდა თავში... ჩემი აზრით, ღმერთს ზეცაში საკმარისი ანგელოზები ჰყავს და ახლა მას ჩვეულებრივი ადამიანი სჭირდება, მე კი იმათ რიცხვში ვარ და ვცდილობ ყველანაირად ადამიანად დავრჩე....“ – ასე დაასრულა კონსტანტინე აკოფაშვილმა თავის მოწოდების გზაზე სიარული და ახალგაზრდებს პატარა რჩევაც დაუტოვა: „ღმერთი ასრულებს ოცნებებს... ის არ არის ვიღაც შორს მყოფი და მენდეთ, რომ ეს არ არის ცარიელი სიტყვები“.


ამავე თემაზე:


თაკო ფეიქრიშვილი
რობი ზარიძე



bottom of page