top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'მე არ დამიკარგავს სამშობლო' – უდელი კათოლიკე პეტრე კიკნაძე




გიორგი ლეონიძის ეს სიტყვები გამახსენდა, როდესაც ქვემოთ წარმოდგენილი ნეკროლოგის დედანი წავიკითხე და შევიტყვე ერთი ქართველი კათოლიკე ყმაწვილის ის ტრაგედია, რომელიც თითქმის საუკუნის წინ ზემო ბავარიის მაღალ მთებს შორის, სოფელ ეტალის [Ettal] ძველი მონასტერის სასულიერო სასწავლებელში დატრიალდა.


იმ დროს, იქ რვა ქართველი ახალგაზრდა სწავლობდა, მათ შორის – მომავალი მღვდელი და პროფესორი მიხეილ თარხნიშვილი და აღნიშნული ნეკროლოგის ავტორი, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი ბასილ [ვასილ] სადათიერაშვილი.


საღვთისმეტყველო ცოდნას და მეცნიერებას დაწაფებულ ამ ქართველ ახალგაზრდებს ბედმა ბევრწილად უმუხთლა: მაშინ გერმანიასა და მთელ ევროპაში მსოფლიო ომის ქარცეცხლი მძვინვარებდა. ადგილობრივი საერო ხელისუფლება სარწმუნოებისა და ეკლესიის მიმართ მტრულად იყო განწყობილი და ცდილობდა, ეკლესიები საკუთარი ინტერესების სამსახურში ჩაეყენებინა. პოლიცია თავის მოვალეობას ვერ ასრულებდა, რის გამოც ყაჩაღები ხშირად თავს ესხმოდნენ მონასტრებსაც და სასულიერო სასწავლებლებსაც და აწიოკებდნენ. ასეთ დღეში აღმოჩნდა ულამაზესი და ჭეშმარიტად ღვთის მადლის განსასვენებელი ეტალიც, რომელიც მდებარეობით და ბუნებით საფარას, ყინწვისსა თუ შუამთას მოგვაგონებს. იმ დროს ეტალის სავანეში ჯარისკაცები და ყველა ჯურის გზააბნეულები კითხვისა და ნებართვის გარეშე შედიოდნენ და ღამეებს ათენებდნენ.


საყოფაცხოვრებო პირობები დღითიდღე უარესდებოდა და მოსალოდნელმა შედეგმაც არ დააყოვნა: ეტალის სასულიერო სასწავლებელში მალე ეპიდემიამ იფეთქა, რამაც სამი ჭაბუკის სიცოცხლე შეიწირა.


მათ შორის აღმოჩნდა 18 წლის უდელი ბიჭი – პეტრე კიკნაძე. ვინც ყურადღებით მოისმენს მისი უკანასკნელი დღეების ამბავს, არ შეიძლება არ გაახსენდეს გალაკტიონი: “ის უცხო მხარეს გარდაიცვალა და გახელილი დარჩა თვალები... ის მიიცვალა რაღაც უმწეო და საოცარი გარდაცვალებით". ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, გავცნობოდით სასწავლებლის ექიმის მოხსენებით ბარათს. იგი მოგვაგონებს ნიკო ლორთქიფანიძის ერთი პატარა და ერთობ შთამბეჭდავი მოთხრობის ექიმს, რომელიც თავს იმართლებს უცხოეთში გარდაცვლილი პატრიოტი ქართველი სტუდენტის დედისა და მეგობრების წინაშე, რა ვქნა, არავითარმა წამალმა არ იმოქმედაო. შევეცადე გამეგო, არის თუ არა ცნობილი შესაბამის ქართულ ლიტერატურაში ეს ამბავი და ეს დოკუმენტი, დაწერილი გრდაცვლილის მეგობრისა და იმავე სასწავლებლის VI კლასის მოწაფის მიერ და დაბეჭდილი სასწავლებლის დროინდელ გაზეთში (“Etaller Mondl", 1919, 2.II, No 2).


საკითხავია: არის თუ არა შემორჩენილი ამ მშვენიერი ჭაბუკის ხსოვნა მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების შთამომავალთა შორის? კიკნაძეების გვარი დიდი გვარია. არიან მართლმადიდებელი, კათოლიკე და მუსლიმი კიკნაძეები. იქნებ შეძლონ უდელმა კიკნაძეებმა, რაიმე წერილობითი ან ზეპირი მასალა მოგვაწოდონ ამ პიროვნების შესახებ? ჯერჯერობით ვერაფერს მივაგენი და ვერც ვერეფრის შეტყობა შევძელი, რის გამოც გადავწყვიტე გერმანულ ენაზე დაწერილი ნეკროლოგის თარგმნა და გამოქვეყნება, რადგან მეც მწამს და ვაღიარებ, რომ საქრისტიანოს და არც საქართველოს დასაკარგი შვილი არა ჰყავს.

ნუგზარ პაპუაშვილი


პეტრე კიკნაძე †


კიდევ ერთი საყვარელი მეგობარი გამოგვტაცა სიკვდილმა 1918 წლის 9 ნოემბერს, – პეტრე კიკნაძე. მისი საამო თვისებები და მისი ზრდილობა, მისი ცოცხალი ტემპერამენტი მის გარდაცვალებას განსაკუთრებული ძალით განგვაცდევინებს და ამის გამოც იგი დაუვიწყარი იქნება ჩვენში. პეტრე 1900 წლის 12 ივლისს ახალციხის მახლობლად სოფელ უდეში დაიბადა („ახალციხე” ასე ითარგმანება: „ახალი ციხესიმაგრე”). იქ გაატარა მან ბავშვობა; სკოლაში ექვსი წლის შევიდა. იგი კლასში ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულად ბეჯითი მოსწავლე იყო, რის გამოც მასწავლებლების სიყვარულს იმსახურებდა. მაგრამ იგი მხოლოდ გარეგანი მხირით როდი გახლდათ კეთილი. მას ასევე ჰქონდა მტკიცე განზრახვა, რომ მომავალში მშობლებს და სამშობლოს გამოდგომოდა. ჯერ კიდევ ათი წლის ასაკში მის გულს შემოეგზნო სურვილი, რომ სიცოცხლე ღვთის სამსახურისათვის მიეძღვნა.


1913 წელს საქართველოში კონსტანტინოპოლიდან ქართველი მღვდლები ჩამოვიდნენ, რათა იქაური სემინარიისათვის ახალგაზრდები შეეგროვებინათ. პეტრე სიხარულით აღივსო და მათ გაჰყვა. 1917 წლის 12 თებერვალს მან და მისმა მეგობრებმა დატოვეს ოქროს რქის ქალაქი და ეტალისაკენ გაუდგნენ გზას (გერმანიაში). თითოეულმა მათგანმა ღვთის სანატრელ დედას საგანგებო აღთქმით მიმართა. მან პირობა დადო, რომ ძალას და ღონეს არ დაიშურებდა, რათა ღირსი და ყოვლადსანატრელი ქალწულის მოსაწონი მღვდელი გამხდარიყო. მან დაწერა მშვენიერ ლოცვა ჯვარცმული მაცხოვრის მიმართ, რითაც ის მას შეევედრა: „მიწყალობე მტკიცე ხასიათი!”. ეს ღრმა ღვთისმოსაობა მისი ცხოვრების გარეგან მხარესაც ესატყვისებოდა. ის ემორჩილებოდა უფროსების სიტყვას. როდესაც გაღიზიანდებოდა, ანდა თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევდა, ერთგვარი რისხვით აინთებოდა და გაფიცხდებოდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც რისხვა გადაუვლიდა, იტყოდა, ეს მე სამართლიანად მომეზღოო. ხანდახან ის უმწვავეს საყვედურებს დუმილითაც დაითმენდა. ის ვერ იტანდა ბუზღუნს მეგობართა წრეში და სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ამას. ის, რაც ჩვენ მის მიმართ განსაკუთრებული სიმპატიით განგვაწყობს, არის თვისება, რომელიც მას ჰქონდა და რომელიც ჩვენი ეპოქის ნაკლულებაა, – სიყვარული. მისი რჩეული სიტყვა გახლდათ: „იცოდე რომ ღვთის გზა პირველ რიგში არის სიყვარული” და ამ სიყვარულს ის სიტყვით და საქმით გამოხატავდა.


განმაცხოველებელი აღსარება მან, ჯერაც ჯანმრთელმა, ყოვლადწმინდის ხსენების წინადღეს ჩააბარა თითქოს იმის წინათგრძნობით, რომ მალე საკუთარი მხსნელის წინაშე წარდგებოდა. მოკლე დროში ის ავად გახდა. სასიკვდილო სარეცელზე ოდნავადაც არ გამოუმჟღავნებია სიკვდილის შიში; შინაგანად წმინდა ქალწულს მიენდო და, როდესაც ღირსმა მამა ჰუგომ მას ვნებული მაცხოვარი წარმოუსახა, ფიქრით და გონებით მან მისკენ მიისწრაფა. ის, უკვე სასიკვდილოდ განწირულობის მიუხედავად, ამხნევებდა ამხანაგებს, რომლებიც მას ღამეს უთევდნენ.


1918 წლის 9 ნოემბერს, კვირას, 10 საათზე მან მე მომიხმო და ღიმილით მითხრა: „ვასო... მშვი... დობით!”. ეს იყო უკანასკნელი სიტყვა, რომელიც მე მისგან გავიგონე; მას უძლურებამ ლაპარაკის უნარი წაართვა. კარგახანს ეპყრა მის მარჯვენას ჩემი მარჯვენა. მთელ დღეს გრძელდებოდა სიკვდილთან ჭიდილი. საღამოს ექვს საათზე მან მოძრაობის უნარი დაკარგა, გაირინდა და გაშეშდა;


6 საათსა და 30 წუთზე სული განუტევა.


მან შეძლო, ლამაზად განევლო ცხოვრების გზა. იგი ხომ აქ, ეტალში, ყოვლადუწმინდესი საიდუმლოს მეშვეობით მაცხოვარს დღითიდღე უახლოვდებოდა.


R. I. P [განისვენოს მშვიდობაში]


ვასილ სადათიერაშვილი

ჟურნალი "საბა" / 2012, ოქტომბერი N10

bottom of page