top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'მზად ვარ შევხვდე პუტინს მოსკოვში' – პაპი ფრანცისკე

იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-თვის მიცემულ ინტერვიუში, პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ მზადაა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს. მისივე თქმით, ჯერ კიდევ ელოდება პუტინის პასუხს, თუმცა შიშობს, რომ მას ეს შეხვედრა არ სურს.



პაპ ფრანცისკეს განცხადებით, იგი მზად არის მოსკოვში წასასვლელად და ამის შესახებ შეთავაზება პრეზიდენტ პუტინს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მე–20 დღეს გაუგზავნა: “ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი და კვლავ დაჟინებით ვითხოვთ შეხვედრას, თუმცა ვშიშობ, რომ პუტინს არ შეუძლია და არ სურს ამ მომენტში შეხვედრა”,– განაცხადა პაპმა.


იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-თან პაპმა საზოგადოებას შეახსენა, რომ უკრაინაში უკვე გააგზავნა ორი წარმომადგენელი: კარდინალი მიქაელ ჩერნი და კონრად კრაიევსკი.


„ვგრძნობ, რომ ჯერ კიევში კი არა, მოსკოვში უნდა წავიდე და შევხვდე პუტინს. მაგრამ მე მღვდელი ვარ და რაც შემიძლია ვაკეთებ, რათა პუტინმა კარი გააღოს... “ – აღნიშნა მან.


პაპმა გაიხსენა მარტში გამართული ვიდეოკონფერენცია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესთან: „პირველი 20 წუთის განმავლობაში, ფურცლით ხელში, იგი ცდილობდა ომი ყველანაირად გაემართლებინა. მე ვუსმენდი მას. ბოლოს კი ვუთხარი, რომ მე ამის არაფერი გამეგებოდა“.


პაპის თქმით, გეგმის მიხედვით იგი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს 14 ივნისს იერუსალიმში უნდა შეხვედროდა: “მაგრამ ახლა ისიც თავს იკავებს ამ შეხვედრისგან”, - განაცხადა პაპმა.


გარდა ამისა, მან გაიხსენა 21 აპრილს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანისთან გამართული აუდიენცია: "როდესაც მას შევხვდი, მითხრა, რომ რუსებს ჰქონდათ გეგმა, ყველაფერი 9 მაისს დასრულდებოდა. იმედია, ასე იქნება. თქვენ გაიგებდით ამ დღეების ესკალაციის შესახებ, რადგან ახლა მხოლოდ დონბასი, ყირიმი და ოდესაკი არა, არამედ სურთ უკრაინის მოწყვეტა შავი ზღვის პორტიდან. მე პესიმისტი ვარ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ომი შეწყდეს“, - განაცხადა პაპმა.


ფრანცისკეს თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და პუტინის დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს „ნატოს ყეფა რუსეთის კარზე“. "ეს არის გაბრაზება; არ ვიცი, პროვოცირებული იყო თუ არა, მაგრამ შესაძლოა აღნიშნულმა გააადვილა ეს", – დასძინა მან.


პაპმა აღიარა, რომ ვერ პასუხობსკითხვას, სწორი იყო თუ არა უკრაინელებისთვის იარაღის მიწოდება: "ვერ გიპასუხებ, ძალიან შორს ვარ. აშკარაა, რომ იარაღს ცდიან ამ მიწაზე. რუსებმა ახლა იციან, რომ ტანკები ნაკლებად გამოსაყენებელია და ფიქრობენ სხვა ტიპის იარაღზე. ომები მიმდინარეობს იარაღის შესამოწმებლად, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ“.


"ასე იყო ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, მეორე მსოფლიო კონფლიქტამდე. იარაღით ვაჭრობა სკანდალია, ცოტანი იბრძვიან ამის წინააღმდეგ", - აღნიშნა მან.


პაპმა მაგალითად მოიყვანა იტალიის შემთხვევა, რომელიც პრესაში გავრცელდა: „ორი-სამი წლის წინ გენუში შემოვიდა იარაღით დატვირთული გემი, რომელიც უნდა გადაეტვირთათ დიდ გემზე და გაეგზავნათ იემენისკენ. პორტის მუშაკებს ამის გაკეთება არ სურდათ. მათ თქვეს: ჩვენ ვფიქრობთ იემენის შვილებზე. ეს მცირედი, მაგრამ მშვენიერი ჟესტია. ბევრი ასეთი ჟესტი უნდა არსებობდეს", - ამბობს ფრანცისკე.


წყარო: deon.pl


შოთა გიქოშვილი

bottom of page