მორწმუნეთა საყოველთაო ლოცვა
- catholic.ge

- Aug 1
- 6 min read
ჩვენი ეპისკოპოსი თავის სამწყსო წერილში „იმედით მოგზაურნი…“ (გვ. 30-31) ლოცვის შესახებ საუბრობს და, სხვათა შორის, გვთავაზობს, რომ „საიუბილეო წლის ჩვეულებრივი დროის კვირადღეებში მორწმუნეთა ლოცვები მომზადდეს ახლად, ყოველ კვირას, სამრევლოს ერთი პირის ან ჯგუფის მიერ. რა თქმა უნდა, ეს ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ მარგებელი იქნება ჩვენთვის...“

ეს ერთობ საინტერესო შეთავაზებაა და ზოგიერთ სამრევლოში მას უკვე ესხმება ხორცი; ამ ჩანართის მეშვეობით, გვსურს, მცირედი დახმარება გაგიწიოთ „მორწმუნეთა ლოცვის“ არსისა და მშვენიერების შეცნობაში, და გვინდა გვჯეროდეს, რომ ღვთის წყალობით, ნაყოფს გამოიღებს ჩვენს კათოლიკურ სამრევლოებში.
თავისი არსით ეს წინადადება ეხმიანება იმას, რაც იკითხება ახალი ევანგელიზაციის პონტიფიკური საბჭოს მიერ, წყალობის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ახლახან გამოცემულ ლიტურგიკულ პუბლიკაციაში „გულმოწყალების დღესასწაული“ (Celebrare la misericordia): „არ მოაკლდეს მორწმუნეთა ლოცვებს რამდენიმე ისეთი ლოცვა, რომელიც ღმერთის გულმოწყალებას ითხოვს და, ასევე, ლოცულობს მღვდლებისათვის... თხოვნა უნდა წარმოადგენდეს ცოცხალი საკრებულოს „ჭეშმარიტ ლოცვას“, რომელიც ერთი ხმით ითხოვს ღმერთის გულმოწყალებას“.
რომაული კონდაკის ძირითად წესში ვკითხულობთ:
69. საყოველთაო ანუ მორწმუნეთა ლოცვაში ხალხი გარკვეული ფორმით პასუხობს რწმენით მიღებულ ღმერთის სიტყვას და, თავისი ნათლობის სამღვდელოების აღსრულებით, ღმერთს ლოცვებს უძღვნის ყოველთა სახსნელად. მიზანშეწონილია, რომ წირვაში ხალხის მონაწილეობით, ჩვეულებრივ, სრულდებოდეს ის ლოცვა, რომელშიც ღმერთამდე აღწევს ვედრებანი წმიდა ეკლესიისა და ხელისუფალთა მიმართ, მათ მიმართ, რომლებიც სხვადასხვა საჭიროების ტვირთს ატარებენ, ყველა ადამიანის მიმართ და მთელი მსოფლიოს სახსნელად.
70. განზრახვათა თანმიმდევრობა, წესისამებრ, ასეთი უნდა იყოს:
ა) ეკლესიის საჭიროებებისათვის;
ბ) ხელისუფალთა და მთელი მსოფლიოს ხსნისათვის;
გ) გასაჭირში მყოფთათვის;
დ) ადგილობრივი საკრებულოსათვის.
თუმცა, ამა თუ იმ კონკრეტულ დღესასწაულზე, მაგალითად, მირონცხების, ჯვრისწერის, დაკრძალვის დროს, განზრახვათა თანმიმდევრობა კონკრეტულ გარემოებას უნდა მოერგოს.
71. მღვდელს, რომელიც ასრულებს ღვთისმსახურებას, ევალება გაუძღვეს ლოცვას. მოკლე შესავლის წამძღვარებით, ლოცვისკენ მოუწოდებს მორწმუნეებს და ლოცვითვე დაასრულებს. თხოვნა უნდა იყოს მარტივი, გონივრულად და ლაკონურად ჩამოყალიბებული და მთელი საკრებულოს განზრახვას გამოხატავდეს. ლოცვები იკითხება ამბიონიდან, ან სხვა შესაფერისი ადგილიდან, დიაკვნის, მგალობლის, მკითხველის, ან მრევლის რომელიმე წევრის მიერ, ხოლო ფეხზე მდგომი მორწმუნე ერი, ცალკეული განზრახვის ფორმულირების შემდეგ, თავის ვედრებას გამოხატავს საერთო მოხმობით, ან სიჩუმეში ლოცვით (Ordinamento generale del Messale Romano).
ამ წესიდან აშკარად იკვეთება ორი რამ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს: 1. ხალხი გარკვეული ფორმით პასუხობს რწმენით მიღებულ ღვთის სიტყვას; 2. თავისი ნათლობის სამღვდელოების აღსრულებით, ღმერთს უძღვნის ლოცვას ყოველი კაცის სახსნელად. თავისთავად მრავლისმთქმელია ამ ლოცვის სახელწოდება „საყოველთაო ლოცვა, ანუ მორწმუნეთა ლოცვა“; წირვის დროს ლოცვის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მაგალითად, კოლექტა ანუ ლოცვა, რომელსაც მღვდელი წირვის დასაწყისში წარმოთქვამს. ლათინური სიტყვა „collect“ ნიშნავს გაერთიანებას, რა გვაერთიანებს თუ არა ლოცვები, რომელსაც თითოეული მორწმუნე წარმოთქვამს წირვის დასაწყისში, მღვდელი კი, წუთიერი დუმილის შემდეგ, მოგვიწოდებს: „ვილოცოთ“? ანდა ლოცვა ძღვენსა ზედა, ლოცვა ზიარების შემდეგ, ან ლოცვები ხალხის დალოცვისას; რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანეს ლოცვად რჩება ევქარისტიული ლოცვა, რომელსაც მხოლოდ ღვთისმსახურების აღმსრულებელი, ეპისკოპოსი ან მღვდელი, აღავლენს ღვთის ხალხის სახელით, ღმერთისთვის მადლშესაწირავად და, რწმენითა და ძლიერი სიყვარულით, მოქმედებს ვითარცა იესო, რომელმაც, ებრაული პასექის ტრადიციისამებრ, „მადლი შესწირა“ ღმერთს.

საყოველთაო ლოცვას, ანუ მორწმუნეთა ლოცვებს საინტერესო ისტორია აქვს: ქრისტიანთა ლიტურგიკული დასი, სხვა კულტებისაგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ გარკვეულ კატეგორიებს შეუძლიათ თავიანთი სამღვდელო მსახურების შესრულება (მაგალითად, ებრაული კულტი, წარმართული კულტები...), ამ ფორმით ოდითგანვე აცხადებდა და შეგნებული ჰქონდა თავისი სამღვდელო დანიშნულება; ამის შესახებ ჯერ კიდევ წმიდა იუსტინე საუბრობს (დაახლ. 150 წ.) და „საერთო ლოცვებს“ უწოდებს, ხოლო სამოციქულო კონსტიტუციები (დიდი ნაშრომი კანონიკურ-ლიტურგიკული არგუმენტაციის შესახებ, დაახლ. 380 წლით დათარიღებული, სასულიერო პირებისა და, გარკვეულწილად, ერისკაცთათვის, რომელიც პირდაპირ თორმეტი მოციქულის მიერ იყო ნაკარნახევი), ზოგადად, მიიჩნევა, რომ შემორჩენილია სირიიდან ან, შესაძლოა, ანტიოქიიდანაც, მათ „მორწმუნეთა ლოცვებად“ მოიხსენებს. საუკუნეთა განმავლობაში, როდესაც ქრისტიანული ლიტურგია მხოლოდ მღვდლების განსაკუთრებულ უფლებას წარმოადგენდა და მორწმუნეთათვის გაუგებარი იყო ლათინური ენის გამო, მორწმუნეთა ლოცვები თავის მნიშვნელობას ლამის სრულიად კარგავს და დავიწყებასაც ეძლევა. ვატიკანის მეორე კრება (1962-65) მას ახალ სიცოცხლეს სძენს პაპ პავლე VI-ის ღიად გამოხატული ნებით, რაც მორწმუნეებს, როგორც სამღვდელო ერს, დაეხმარებოდა წმიდა წირვაში მონაწილეობაში.
საყოველთაო ლოცვის, ანუ ყველას მიმართ, და შეიძლება დავამატოთ, ყველას შესახებ ლოცვის, ტიპიურ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ ის ლოცვა, რომელიც ვნების პარასკევის ლიტურგიაშია შემორჩენილი, იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს წირვის წიგნშია მითითებული: ა) მოწოდება დიაკვნისა, რომელიც მიუთითებს ლოცვით ზრახვაზე; ბ) დუმილი, რა დროსაც მორწმუნეთა მთელი დასი ლოცვისთვისაა მოხმობილი; გ) საპრეზიდენტო ლოცვა. ეს საზეიმო ლოცვა მარადიულად აცოცხლებს მორწმუნეთა ცხოვრებაში ჯვრის საიდუმლოს და აცხადებს უფალ ქრისტეს მიერ აღსრულებული ხსნის ჭეშმარიტად საყოველთაო ხასიათს; „ეს მძაფრი სურვილია, რათა ყველა ცოცხალი არსება და ყველაფერი ეზიაროს ხსნას: ყველამ უნდა შეიცნოს ამ სიყვარულის ძალა და უხვად მიიღოს მისგან წყალობა და ნათელი, აღდგომა და სიცოცხლე “ (ა. გუზი).
იდეალურ შემთხვევაში მორწმუნეთა საყოველთაო ლოცვა სწორედ ასეთი უნდა იყოს, მაგრამ მორწმუნეთა ლოცვის წუთებში, არცთუ იშვიათად, რბილად რომ ვთქვათ, იქმნება უხერხული, სასაცილო ან სათაკილო მდგომარეობა, გამოწვეული როგორც შინაარსის, ასევე მკითხველისა და თავად ლოცვის წაკითხვის ფორმის გამო: სრულიად უმნიშვნელო, უპიროვნო, განმეორებადი, იმპროვიზებული, მექანიკურად წაკითხული, გაუაზრებლად, რწმენის გარეშე წარმოთქმული ლოცვები...; ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბევრ საკრებულოს ლოცვაც კი არ შეუძლია; მაგრამ რა არის საკრებულო, თუკი არ ლოცულობს? ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას: უმჯობესია, არ ილოცონ... რა სამწუხაროა, როდესაც ხედავ, რაოდენ დაკნინებულია ამ ლოცვის არსი და დანიშნულება, როგორ იკარგება მისი მნიშვნელობა და ცხოველმყოფელობა: როგორც ჩანს, ის ქცეულა ლოცვად იმისა, ვინც მას კითხულობს (და არ ლოცულობს) ქაღალდიდან, ან მღვდლისა, რომელიც ძალას არ იშურებს... მაშინ როდესაც ეს არის ლოცვა მორწმუნეთა, რომლებიც ერთად წარმოთქვამენ: „შეისმინე ჩვენი, უფალო“, რადგან ერთად უსმენდნენ ღვთის სიტყვას, აღიარებდნენ თავიანთ რწმენას „მრწამსის“ სიტყვებით, და ახლა უკვე ერთად ლოცულობენ...
თუკი მღვდელი ან ლიტურგიის წინამძღოლი, რომელიც წამოიწყებს საკრებულოს ვედრებებს, მაშინაც კი, თუკი ღვთისმსახურების აღმსრულებელი, როგორც ლიტურგიის პასუხისმგებელი, ყურადღებას უნდა იჩენდეს წირვის ამ მომენტზე, და თუკი, ჩვეულებრივ, მას ახმიანებს ის, ვინც საკვირაო ლიტურგიაზე საკითხავს კითხულობს, ან სხვა ვინმე... უპრიანი იქნებოდა, ლოცვებში უფრო მეტი მორწმუნე ჩართულიყო... ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ლოცვა დარჩეს „მორწმუნეთა ლოცვად“, ჭეშმარიტ, ძლიერ, სასურველ ლოცვად...; მორწმუნეები ეგოისტურად უნდა უდგებოდნენ თავიანთ ლოცვებს, უნდა ფრთხილობდნენ, რომ ხელიდან არ გაუსხლტეთ, ჩვევების, პასიურობის, გულგრილობის გამო... რა უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავს ვითარებაში არ აღმოვჩნდეთ?

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ლიტურგიაში მორწმუნეთა ლოცვას თავისი ფუნქცია გააჩნია: „უპასუხოს“ წირვაზე გაცხადებულ ღვთის სიტყვას და, როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველ მორწმუნეს მიეცეს შესაძლებლობა, ითხოვოს შუამდგომლობა ყველას ხსნისათვის. ამიტომ „საყოველთაო ლოცვა“ უნდა შეესაბამებოდეს ლიტურგიული დროის დღესასწაულებსა და მსოფლიოს საჭიროებებს (მაგალითად: უხერხულია, რომ მსოფლიო ზრუნავდეს მშვიდობაზე და ეკლესიაში მშვიდობისათვის ლოცვა არ წარმოითქვას...), ეკლესიის, ადგილობრივი საზოგადოების საჭიროებებს. სიტყვის ლიტურგია თავისი ოთხი ნაწილით - საკითხავები, ქადაგება, მრწამსი, მორწმუნეთა ლოცვები, ქრისტიანული ცხოვრების ჭეშმარიტ გზას გვთავაზობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ლოცვა აღარ სურს, აღარ სწამს... ეკლესიის ტრადიციის მიხედვით, ამ სირთულეთა წინაშე ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ბიბლიას, კითხვას, ღვთის სიტყვის მოსმენას, ვიპოვოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ღვთის სიტყვის გაგებასა და ჩაღრმავებაში დაგვეხმარება და შემდეგ შევძლებთ ვთქვათ „მწამს“ და რწმენა ჩვენი გულიდან ლოცვას აღმოაცენებს... მაგრამ თუკი ღვთის სიტყვას არ მოვუსმენთ, თუკი ვერ ვიპოვით ვინმეს, ვისთანაც ღვთის სიტყვის შესახებ ვისაუბრებთ, ვერ ვირწმუნებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ლოცვაზე... რატომ ვლოცულობთ დღეს ასე ცოტას და ხშირად ასე უხეიროდ? რადგან არ ვკითხულობთ, არ ვუსმენთ, არ გვიყვარს ღვთის სიტყვა... ეს გზაა... თუ გსურთ ისწავლოთ ილოცო, იკითხეთ და დახმარება ითხოვეთ, რწმენაც გაგიჩნდებათ და ლოცვასაც შეძლებთ... სიტყვის ლიტურგიას შემთხვევით როდი ახასიათებს თანმიმდევრულობა... მას საკუთარი ცხოველმყოფელობა და ჭეშმარიტება გააჩნია... რწმენის გარეშე ლოცვა შეუძლებელია. მორწმუნეთა ლოცვა იმის ნიშანია, რომ ღვთის სიტყვა იქცევა ღვთისადმი სიტყვად, სწორედ იმიტომ რომ შესმენილი და შეცნობილია, განხორციელებულია საკრებულოს რწმენის მეშვეობით მსოფლიოს, ეკლესიის, მორწმუნეთა საჭიროებებში... ამგვარად, მას ასევე შეუძლია გააძლიეროს მორწმუნეთა შორის ერთიანობისა და თანადგომის კავშირები, გვერდში დაუდგნენ ერთმანეთს რწმენის გზაზე, გაიზიარონ იმედი და საჭიროებანი. სწორედ ამიტომ თავსდება მორწმუნეთა ლოცვები მნიშვნელობით სავსე ლიტურგიულ კონტექსტში და გაჟღერდება სიტყვის ლიტურგიის ფარგლებში, ევქარისტიული ლოცვის წინ.
ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ „არავინ არის კუნძული“: ასეთია ტრაპისტი ბერის, თომას მერტონის (1915-1968), დასკვნა საღმრთო სიყვარულზე მსჯელობისას. და რადგანაც არავინ არის კუნძული, ჩვენი სიყვარული მხოლოდ საკუთარი თავისა და ღმერთის მიმართ კი არ უნდა იყოს მიმართული, არამედ მრავალი სხვა ადამიანისკენაც. ისინი ჩვენს გულში ადგილს იკავებენ და როგორც ჩვენი ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული სხვათა ცხოვრებასთან, ასევე ჩვენი ლოცვები აშკარად გამოხატავს იმ საზრუნავებს, რომლებიც, შესაძლოა, უშუალოდ ჩვენ არ გვეკუთვნის, მაგრამ, გარკვეულწილად, ვითავისებთ მათ ჩვენი სიყვარულის, რწმენისა და იმედის გამო. სწორედ ამიტომ, ადამიანთა თანადგომა არცთუ უმნიშვნელოა ლოცვისას. მორწმუნეთა ლოცვაში მსოფლიოსა და მის ბინადართა საჭიროებები ლიტურგიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, ვიტყოდი, ლამის ბუნებრივ ადგილს, თუნდაც იმიტომ, რომ არც ეკლესია არის კუნძული. ამ კავშირის გაცნობიერება, ალბათ, ყველაზე ლამაზად არის გამოხატული ვატიკანის მეორე კრების 1965 წლის დოკუმენტში „Gaudium et Spes“: „დღევანდელი ადამიანების, განსაკუთრებით ღარიბებისა და ყველა ტანჯულის სიხარული და იმედი, სევდა და ტანჯვა არის ქრისტეს მოწაფეთა სიხარული და იმედი, სევდა და ტანჯვა“. ზრახვათა ფორმით წარმოდგენილი ლოცვის ეს ფორმა ხაზს უსვამს საკრებულოს მნიშვნელობას ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციის მხარდაჭერასა და მეგზურობაში, სიხარულიდან სირთულეებამდე. მორწმუნეთა ლოცვა არა მხოლოდ რიტუალია, არამედ მომენტი, როდესაც მორწმუნეები ერთმანეთს უერთებენ თავიანთ ხმებს, საერთო რწმენასა და იმედს ადასტურებენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში აცხადებენ ღმერთის სიყვარულს და ამით აძლიერებენ ეკლესიისადმი კუთვნილების შეგრძნებას. ამ და სხვა მიზეზთა გამო, მორწმუნეთა ლოცვა წარმოადგენს ლიტურგიის აუცილებელ ელემენტს, რომელიც ასახავს ეკლესიის ცხოვრებას და მის კავშირს ღმერთთან. მორწმუნეთა ლოცვა, როგორც სარწმუნეობრივი ჟესტი, მორწმუნეს იწვევს, რომ კონკრეტულად დაამოწმოს საკუთარი რწმენა, ქველმოქმედებისა და სამართლიანობის, სიახლოვის, გულისხმიერების საქმეებით...

ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს: „როგორ მიაღწევს ჩვენი ვედრებები ღმერთამდე და როგორ შეცვლის სამყაროს?“ თუ მშვიდობისათვის ვლოცულობ და მშვიდობა არ მყარდება, რა აზრი აქვს ლოცვის გაგრძელებას... რა აზრი აქვს ხელისუფალთა მიმართ ლოცვას? თუ ღმერთმა ყოველივე უწყის, რაღად უნდა ვილოცოთ? სინამდვილეში, რა ხდება, როდესაც საკრებულო მსოფლიო საჭიროებებს შესთხოვს ღმერთს? ღმერთისა და საკრებულოს წინაშე! სხვებისთვის ლოცვა, უპირველესად, თანადგომის გამომხატველია, რაც მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება. შუამდგომლობა ნამდვილად არ ნიშნავს მსოფლიოს წინაშე პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას, რადგან თხოვნა უკვე ღმერთამდეა „მიტანილი“. როდესაც სხვებისთვის ვლოცულობ, მათთან კავშირი ღრმავდება, ისინი ჩემი ცხოვრებისა და ჩემი იმედის ნაწილი ხდებიან და, შესაბამისად, ღმერთთან ჩემი ურთიერთობის ნაწილიც. ლოცვაში თავს ეულად, მარტოსულად არ უნდა გრძნობდეს მორწმუნე... პირიქით! მან იცის, რომ ღმერთს ყოველი ადამიანისათვის სიკეთე სურს და ჩვენი მეშვეობით მოგვმადლის მას.
კიდევ ერთხელ მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ლოცვები მიმართულია ღმერთისკენ და არა სხვა აბსტრაქტული არსებებისკენ; ჩვენ მის წინაშე ვდგავართ, მისი თანდასწრებით ვლოცულობთ... თუ ღმერთი ყურადღებით ადევნებს თვალს ადამიანურ მოვლენებს, თუ იგი ერევა ადამიანის ცხოვრებაში, გინდ ლხინში, გინდ ჭირში, მაშინ ის, რასაც ვკითხულობთ და ვამბობთ ადამიანების, სამყაროს, ეკლესიის, ცოცხლებისა და გარდაცვლილების, ჩვენი ძვირფასი ადამიანების ცხოვრების შესახებ... როგორ შეიძლება ამან არ გააერთიანოს გულები, ხმა და რწმენა?
ერთსულოვნად ვილოცოთ წმიდა წირვისას, შეუპოვრები ვიყოთ ლოცვაში, და ეკლესია აღორძინდება, მსოფლიო უკეთესი გახდება, რწმენა კი მთების გადაადგილებასაც შეძლებს.
რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც ითხოვს ჩვენგან ჩვენი ეპისკოპოსი ჯუზეპე!
მამა გაბრიელე ბრაგანტინიჟურნალი "საბა", 2025/ აგვისტო










Comments