top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მსოფლიო ახალგაზრდების დღე სეულში - უკუთვლა დაწყებულია

  • 6 hours ago
  • 2 min read

მსოფლიო ახალგაზრდების დღეების დაწყებამდე, რომელიც 2027 წლის 3-8 აგვისტოს კორეაში გაიმართება, ერთი წელი რჩება. ორგანიზატორები, მოსამზადებელი ეტაპიდან უკვე პროექტის პრაქტიკულ განხორციელებაზე გადადიან. სულ ცოტა ხანში კი მომლოცველთა და მოხალისეების რეგისტრაცია გაიხსნება.



2027 წლის მსოფლიო ახალგაზრდების დღემდე უკუთვლის ერთ-ერთი პირველი მოვლენა ოფიციალური ჰიმნის მსოფლიო პრემიერა გახდება.


კომპოზიცია – „Confidite, Ego Vici Mundum“ (გამხნევდით, მე ვძლიე სოფელს), რომელიც კორეელმა კომპოზიტორმა, ფრენსის ჯიუნ კიმმა დაწერა, პაპ ფრანცისკეს მიერ შერჩეული თემის მუსიკალური გამოძახილია.


3 აგვისტოს დაიწყება საერთაშორისო ეკოლოგიური აქცია „Breath of Life“ (სიცოცხლის სუნთქვა), რომელიც შთაგონებულია ენციკლიკით Laudato si’. ახალგაზრდები, რომლებიც მსოფლიო ახალგაზრდების დღისთვის სეულში წასასვლეად ემზადებიან, შეძლებენ შეუერთდნენ აქციას, დარგონ ხეები თავიანთ ქვეყნებში და ეს გამოცდილება ერთმანეთს სოციალურ ქსელებში გაუზიარონ, როგორც ღვთის შექმნილ სამყაროზე ზრუნვის ნიშანი.


მათთვის, ვინც სეულის შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, ორგანიზატორებმა უკვე მოამზადეს აუცილებელი ინფორმაცია მომლოცველობის ფორმატის შესახებ. მსოფლიო ახალგაზრდების დღეების ოფიციალურ ვებ–გვერდზე წარმოდგენილია პაკეტები ჯგუფებისა და ეპარქიებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს განთავსებას, კვებას, ტრანსპორტს, დაზღვევასა და მომლოცველის ნაკრებს.


სეულის შეხვედრისთვის მზადების სულიერ მნიშვნელობაზე ისაუბრა კარდინალმა კევინ ფარელმა – „საეროთა, ოჯახისა და სიცოცხლის დიკასტერიის“ პრეფექტმა. ვატიკანის მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა:


„ახალგაზრდები, რომლებიც კორეაში თავიანთ მოძღვრებთან ერთად გაემგზავრებიან, სულ უფრო მეტად ექცევიან ამ მოვლენის სამზადისის ცენტრში“.


მისი თქმით, მსოფლიო ახალგაზრდების დღეები, თავისი ორმოცწლიანი ისტორიის მანძილზე, ეტაპობრივად მდიდრდებოდა ახალგაზრდებისა და ადგილობრივი ეკლესიების რწმენის, ენთუზიაზმისა და აქტიური მონაწილეობის წყალობით. იერარქმა მოუწოდა ეპისკოპოსებსა და ახალგაზრდების მსახურებაზე პასუხისმგებელ პირებს, გაჰყვნენ ახალგაზრდებს სეულისკენ მიმავალ გზაზე, რათა დაეხმარონ მათ, ეს მომლოცველობა განიცადონ როგორც რწმენის, საეკლესიო ერთობისა და იესოსთან პირადი შეხვედრის ჭეშმარიტი გამოცდილება.



ახალგაზრდა მომლოცველობის გზა სეულის შეხვედრამდე ბევრად ადრე დაიწყება: 2027 წლის 29 ივლისიდან 2 აგვისტომდე მსოფლიო ახალგაზრდების დღეების მონაწილეები სამხრეთ კორეის თხუთმეტ ეპარქიაში იცხოვრებენ, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ მოემზადნონ მთავარი მოვლენებისთვის, არამედ პირადად გაეცნონ კორეის საეკლესიო თემების ცხოვრებას.


მსოფლიო ახალგაზრდების დღე 2027-ის ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, სეულის მთავარეპისკოპოსმა პეტრე ჩონ სუნ ტხეკმა ხაზგასმით აღნიშნა:


„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსოფლიო ახალგაზრდების დღეები სეულში გახდეს იმედის ჭეშმარიტი ზეიმი და კორეის სტუმართმოყვარეობისა და სოლიდარობის დადასტურება“.


შოთა გიქოშვილი

bottom of page