top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘მშვიდობა არ იწყება ალესილი ხმლებით, არამედ - მიტევებით’ - პაპი

ყოვლადწმინდა დედა ღვთისას დღესასწაულზე, ახალი წლის პირველ დღეს, პაპმა წმიდა პეტრეს ბაზილიკაში აღავლინა ლიტურგია. მან ყველას მოუწოდა იცხოვრონ თავისუფლებაში და ასევე ყველგან თავისუფლება მიიტანონ; იცხოვრონ მიტევებაში და თავადაც მიუტევონ; იცხოვრონ ძმობის სულისკვეთებით, გათვლებისა და შიშის გარეშე. საიუბილეო იმედის წლის დასასრულს, პაპი მოუწოდებს ყველას მიუახლოვდნენ საშობაო ბაგას რწმენით, როგორც დაუცველსა და უიარაღო მშვიდობის ადგილს.

 

„შობის მერვე დღის სიხარულით, ჩვენ პატივს მივაგებთ ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს, რომელმაც მსოფლიოს მისცა მშვიდობის ღერძი, ის, ვინც თავის სიყვარულში შემოგვირიგებს“.

 

წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, პაპის მიერ აღვლენილი მიტევების წირვის დაწყებისთანავე, წიდა მამამ აღნიშნა: “მშვიდობა სუფევს უზენაესობაში, ძვირფასი და მყიფე მადლი, რომელიც მივიღეთ, მაგრამ რომელიც მუდმივად უნდა ვითხოვოთ, რადგან მას მუდმივად ემუქრება ადამიანური სურვილების საფრთხე. მშვიდობის 59-ე მსოფლიო დღეს, რომელიც, 1–ელ იანვარს აღინიშნება, ლიტურგია ნაყოფიერი ქალწულობის ქების ჰიმნად იქცევა, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა ინება ადამიანებისთვის მარადიული ხსნის კურთხევა მიენიჭებინა”.

 

ახალი წელი, ახალი ცხოვრება

 

ქადაგებაში, საკითხავების კომენტირებისას, პაპი წმიდა პეტრეს ბაზილიკაში შეკრებილ 5 500 მორწმუნესა და მთელს ეკლესიას ესაუბრა “უფლის მშვენიერი კურთხევის შესახებ”, რომელიც გამოხატულია „რიცხვთა წიგნში“ და რომელიც ხაზს უსვამს ღმერთსა და ისრაელს შორის ურთიერთობას; მადლის  წმიდა და ნაყოფიერ განზომილებას. საუბრობს იმ აღთქმულ მიწის შესახებ, სადაც შესაძლებელია ცხოვრება და ზრდა ბორკილებისა და ჯაჭვების გარეშე - ერთი სიტყვით, თავშეკავებაზე.

 

„ახალი წლის დასაწყისში, ლიტურგია გვახსენებს, რომ თითოეული ჩვენგანისთვის, ყოველი დღე შეიძლება  ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდეს –  ღვთის გულუხვი სიყვარულის, მისი წყალობისა და ჩვენი თავისუფლების საპასუხო მოქმედების წყალობით. რა მშვენიერია ამაზე ფიქრი წლის დასაწყისში. როგორც თავისუფალი გზა, რომელიც აღმოსაჩენია, რომლითაც შეგვიძლია გავემართოთ, მადლის წყალობით, თავისუფლები და თავისუფლების მატარებელნი, ხსნილნი და მიტევების მატარებელნი, დარწმუნებულნი უფლის სიახლოვესა და სიკეთეში, რომელიც ყოველთვის თან გვდევს“.

 

ღვთის მამობრივი მფარველობის შეცნობა

 

„Gaudium et Spes“-ზე საუბრისას, პაპი გვახსენებს ღვთის აღთქმის დანიშნულებას, რომელსაც ადამიანებს გვთავაზობენ  - “წლის დასაწყისში, როდესაც ახალი და უნიკალური დღეებისკენ მიმავალ გზას დავადექით, ვთხოვოთ უფალს, რომ ყოველ წამს შევიგრძნოთ მისი მამობრივი სითბო და მისი დალოცვის ნათელი ჩვენს ირგვლივ, რათა სულ უფრო მეტად გავიგოთ და მუდმივად გვახსოვდეს, ვინ ვართ და რა საოცარი მისია გვაკისრია, რომლისკენაც მივისწრაფვით. თუმცა, ამავდროულად, განვადიდოთ იგი ლოცვით, სიწმინდითა და ერთმანეთის მიმართ მისი სიკეთის ანარეკლად ყოფნით”.

 

ძმების განადგურებით სამყარო ვერ იქნება გამოსყიდული

 

ავგუსტინელი პაპი იხსენებს ეკლესიის მამის სიტყვებს თავისი ერთ-ერთი ქადაგებიდან, რომელშიც ის საუბრობდა ღვთის სიყვარულის აბსოლუტურ უსასყიდლობაზე, უიარაღო და განიარაღების სიყვარულის ფუნდამენტურ მახასიათებელზე. ეს სიტყვები უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე ჩვენს დროში, როდესაც მსოფლიოს ბრმა და დაუნდობელი სამხედრო პროექტები ემუქრება. ანტიკურობის ხმლები დახვეწილ თანამედროვე იარაღად იქცა. ეს ყველაფერი კი გვასწავლის, რომ სამყარო ვერ იქნება ხსნილი ხმლების ალესვით, განკითხვით, ძმების ჩაგვრითა და განადგურებით. არამედ გაგებისკენ სწრაფვით, მიტევებით, გათავისუფლებითა და ყველა ადამიანის მიღებით ანგარებისა და შიშის გარეშე.

 

მარიამი -  შეხვედრა მის უიარაღო რეალობასა და ღვთის რეალობას შორის

 

რომის ეპისკოპოსი მარიამის აღწერს, როგორც თავმდაბალი მოწაფის მშვენიერებას, რომელიც იესოს მისიის თანამდევი იყო თვით ჯვრამდე. იგი ამ ყველაფერს აღასრულებდა ჯანსაღი თავმდაბლობითა და პასიურობით, რომლებიც გულის მორჩილებად გარდაიქმნება, სადაც სიყვარულს შეუძლია სრულად შეღწევა და სული გარდაქმნა.

 

„მარიამმა გვერდზე გადადო ყველანაირი დაცვა, უარი თქვა მოლოდინებზე, პრეტენზიებსა და გარანტიებზე, როგორც დედებს სჩვევიათ ხოლმე და უანგაროდ მიუძღვნა სიცოცხლე ძეს, რომელიც ღვთის მადლით მიიღო, რათა თავის მხრივ, ის სამყაროსთვის მოევლინა. მარიამის ღვთაებრივ დედობაში ჩვენ ვხედავთ ორი უსაზღვრო, „უიარაღო“ რეალობის შეხვედრას: ღმერთს, რომელიც უარყოფს თავისი ღვთაებრიობის ყველა პრივილეგიას, რათა ხორციელად დაიბადოს (შდრ. ფილ. 2:6-11) და კაცობრიობას, რომელიც ნდობით, სრულად იღებს მის ნებას, პატივისცემით ეპყრობა მას სიყვარულის სრულყოფილი აქტით. მისი უდიდესი ძალა თავისუფლებაა.

 

საშობაო ბაგა

 

„სახე“ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამეორებული სიტყვაა პაპის ქადაგებაში. რადგან იესო ქრისტეს რწმენა განკაცებული ღვთის ჭვრეტაა. პეტრეს მემკვიდრე მოგვიწოდებს, ჩავუღრმავდეთ შობას და ეს მოწოდებისას მოჰყავს წმიდა იოანე პავლე II-ის ვრცელი ციტატა, რომელიც პაპმა იოანემ საიუბილეო 2000 წლის ბოლოს წარმოთქვა და ისაუბრა მოწამეთა ხსოვნაზე, ასევე მიღებული და გაცემულ მიტევების დიდ ნიჭზე – „სიხარული, რომელიც ამ ყველაფრიდან მომდინარეობს, უნდა იქცეს შთაგონებად „გულადი მზადყოფნისა“, რომ კვლავ შევუდგეთ ყოველდღიური ცხოვრების გზას“.

 

„ამ საზეიმო დღესასწაულზე, ახალი წლის დასაწყისში, იმედის საიუბილეო წლის დასასრულს, რწმენით მივეახლოთ საშობაო ბაგას, როგორც „უიარაღო და განიარაღებელი მშვიდობის ადგილს, კურთხევის ადგილს, სადაც შეგვიძლია გავიხსენოთ უფლის მიერ ხსნის ისტორიასა და ჩვენს ცხოვრებაში აღსრულებული სასწაულები. შემდეგ კი, თავმდაბლებმა, მწყემსების მსგავსად, ვადიდოთ და ვაქოთ ღმერთი (ლუკა 2:20) ყველაფრისთვის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ. დაე, ეს იყოს ჩვენი ვალდებულება, ჩვენი განზრახვა მომდევნო თვეებისა და მთელი ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების განმავლობაში“, - თქვა პაპმა.

 

საყოველთაო ლოცვა და მოწოდება მშვიდობისაკენ

 

საყოველთაო ლოცვების შესავალში მოხსენიებული არიან სასუფევლის მემკვიდრეები, რომლებშიც გაბრწყინებულია მშვიდობის სისავსე. თხოვნა მშვიდობისათვის კვლავ გაისმის კრებულის მიერ: “მშვიდობის ღმერთმა განარიდოს ყველა ერი ომის საშინელებებისაგან; დაე ჩაახშოს იარაღის ხმაური; დაე, სამყაროს მიჰმადლოს ჰარმონია და თანხმობა”. ლოცვებში ასევე მოხსენიებული არიან ქვეყნების მმართველები, “რათა ღმერთმა შთააგონოს ისინი სამართლიანობისა და მშვიდობისკენ. მიჰმადლოს მათ ძმობისა და ქმნილებების დაცვის ნაბიჯების გადადგმის მადლი“.

 

შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

Comments


bottom of page