top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ომი და ეკუმენური დიალოგი



ქრისტიანთა ერთიანობის ხელშემწყობ, პაპის საბჭოს პლენარულ სხდომაზე, უკრაინის ბერძნულ–კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, მისმა უნეტარესობამ, სვიატოსლავ შევჩუკმა, სხდომის მონაწილეებს მიმართა ეკუმენური დიალოგისთვის.


სვიატოსლავმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია იდეოლოგიურ ომზე: “ჩვენ ვიცით, რომ ამ ომს ორი მიზანი აქვს. რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრების თანახმად, ესენია დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. დემილიტარიზაცია – ეს ნიშნავს უკრაინის სახელმწიფოს ნამდვილ განადგურებას, ჩვენი არმიის წინააღმდეგობის პარალიზებას, რათა ამ თავდასხმის მეორე მიზანს მიაღწიონ, – ე.წ. დენაციფიკაციას. ეს ყველაფერი კი მოწმობს იმაზე, რომ მიმდინარეობს იდეოლოგიური ომი, რომლის მიზანიც არის უკრაინელი ერის რეალური შემუსვრა”.


ბერძნულ–კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსული ჯარებისათვის, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მიცემული ინსტრუქცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც გენოციდის სახელმძღვანელო, რომლის თანახმადაც, მთელი ერი უნდა განადგურდეს.


„ომმა მიგვიყვანა ჰუმანიტარულ კატასტროფამდე. 10 მილიონი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი, ხოლო ხუთმა მილიონმა იძულებით დატოვა ქვეყანა. ეს მაშინ, როცა ჯერ ოკუპირებულ და შემდგომ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ტრაგიკული აღმოჩენები გაკეთდა. ისეთები, როგორებიცაა მასობრივი საფლავების არსებობა. დღეს ყველა ადამიანისათვის, კათოლიკეების, მართლმადიდებლების, პროტესტანტების, ებრაელებისა და მუსლიმებისთვის ეს ადგილი სალოცავ ადგილად გადაიქცა.


სასტიკი მკვლელობების გარდა, კიდევ ერთ ტრაგედიას აქვს ადგილი და ეს არის გაუპატიურება“.


იერარქის თქმით, ძალადობის მსხვერპლი გახდნენ მამაკაცები, ქალები და ბავშვები. გარდა ამისა, დაახლოებით 100 ტაძარი, მონასტერი და სხვა რელიგიური შენობა გაანადგურეს.


„აღნიშნულ სიტუაციაში უკრაინის ყველა რელიგიური ჯგუფი გაერთიანდა, როგორც არასდროს. ეკლესიათაშორსი საბჭოდან დაწყებული იმ რელიგიური ორგანიზაციებით დამთავრებული, რომლებიც მოიცავენ უკრაინის რელიგიური საზოგადოების 95%–ს. ომის განმავლობაში ეკლესიათაშორისმა საბჭომ 17 დოკუმენტი გამოაქვეყნა. სწორედ, რუსეთის შემოჭრის დღიდან, როცა ეს ამბავი შევიტყვეთ და უცხოელმა ელჩებმა დაიწყეს კიევის დატოვება, ღამით, საბჭომ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც მოუწოდებს შეაჩეროს ომი. თუ პოლიტიკოსები და დიპლომატები არ იყვნენ მზად შესწინააღმდეგებოდნენ შეიარაღებულ კონფლიქტს, ჩვენ მოვისურვეთ შუამავლის როლი მოგვერგო. ჩვენ, ეკლესიის ადამიანებს გვსურდა ვყოფილიყავით მშვიდობის შუამავალნი“, – განაცხადა უმაღლესმა იერარქმა.


„უკრაინაში მიმდინარე ომი, ორი უმთავრესი გამოწვევის წინაშე გვაყენებს. პირველი – ეს არის ომისა და მშვიდობის შესახებ ეკლესიის სოციალური სწავლების გადახედვა, ხოლო მეორე – ეს არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების შესწავლის აუცილებლობა.


აშკარაა, საჭიროა სწორი ენის შემუშავება ამ სფეროში ახალი გამოწვევების აღსაწერად, იმისთვის, რომ გვქონდეს გამბედაობა ეკუმენიკურ დონეზე ამ საფრთხეებზე სწორი პასუხების პოვნისა“, - ხაზგასმით აღნიშნა მისმა უნეტარესობამ სვიატოსლავ შევჩუკმა.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
bottom of page