პაპ ლეონ XIV-ის გზავნილი დიდმარხვისთვის – 2026
- 3 days ago
- 3 min read

ძვირფასო ძმებო და დებო!
დიდმარხვა ის ჟამია, როდესაც ეკლესია, დედობრივი მზრუნველობით, მოგვიწოდებს, კიდევ ერთხელ დავაყენოთ ღვთის საიდუმლო ჩვენი ცხოვრების ცენტრში, რათა ჩვენმა რწმენამ ახალი იმპულსი მიიღოს და ჩვენი გულებიმ ყოველდღიური საზრუნავითა და ყურადღების გაფანტვით, დახშული არ იყოს.
მოქცევის ყოველი გზა იწყება მაშინ, როდესაც ღვთის სიტყვას ჩვენამდე მოღწევის საშუალებას ვაძლევთ და მას მორჩილი გულით ვიღებთ.
ამრიგად, არსებობს კავშირი ღვთის სიტყვას, ჩვენ მიერ მის მიღებასა და იმ გარდაქმნას შორის, რომელსაც იგი ჩვენში ახდენს. ამიტომ მარხვის გზა განსაკუთრებული შესაძლებლობაა, მოვუსმინოთ უფლის ხმას და განვაახლოთ ჩვენი გადაწყვეტილება ქრისტეს მიყოლის შესახებ — გავყვეთ მას იერუსალიმის გზაზე, სადაც სრულდება მისი ვნების, სიკვდილისა და აღდგომის საიდუმლო.
მოსმენა
წლევანდელ მარხვაში მსურს, პირველ რიგში, ყურადღება გავამახვილო სიტყვასთვის სივრცის დათმობის მნიშვნელობაზე — მოსმენის გზით. მოსმენის მზადყოფნა არის პირველი გზა, რომლითაც ვაჩვენებთ ჩვენს სურვილს შევიდეთ ვინმესთან ურთიერთობაში.
როდესაც ღმერთი მოსეს ცეცხლოვან ბუჩქში ეცხადება, თავად გვასწავლის, რომ მოსმენა მისი ერთ-ერთი მახასიათებელი თვისებაა: „მე საკმარისად ვიხილე ჩემი ხალხის გაჭირვება, რომელიც ეგვიპტეშია და მოვისმინე მათი კვნესა“ (გამოსვლა 3:7). ჩაგრულთა ღაღადის მოსმენა ხნის ისტორიის დასაწყისს აღნიშნავს, რომელშიც უფალი მოსეს აგზავნის, რათა მონობაში მყოფ თავის შვილებს ხსნის გზა აჩვენოს.
დღეს, სწორედ ღმერთი გველაპარაკება ჩვენ ისეთი ფიქრებით, რომლებიც მის გულს აღძრავს. ამიტომ, ლიტურგიაში სიტყვის მოსმენა გვასწავლის რეალობის უფრო ავთენტურ მოსმენას.
ჩვენს პირად და სოციალურ ცხოვრებაში არსებულ მრავალ ხმას შორის, წმიდა წერილი საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ ძახილი, რომელიც ტანჯვასა და უსამართლობიდან მომდინარეობს, რათა ის უპასუხოდ არ დარჩეს. შეგრძნებების ამ შინაგან მდგომარეობაში შესვლა ნიშნავს ღმერთს მივცეთ ნება, რომ გვასწავლოს ისე მოსმენა, როგორც თავად ისმენს, სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ „ღარიბთა წილი არის ძახილი, რომელიც კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში განუწყვეტლივ მოითხოვს პასუხს. ჩვენი ცხოვრებიდან, ჩვენი საზოგადოებებიდან, ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემებიდან და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეკლესიისგან“.
მარხვა
თუ მარხვა მოსმენის დროა, მაშინ ის კონკრეტული პრაქტიკაა, რომელიც გვამზადებს ღვთის სიტყვის მისაღებად. საკვებისგან თავის შეკავება უძველესი და აუცილებელი ასკეტური პრაქტიკაა მოქცევის გზაზე. სწორედ იმიტომ, რომ ის ეხება სხეულს, ის ავლენს იმას, რაც „გვწყურია“ და რასაც ჩვენი არსებობისთვის აუცილებლად მივიჩნევთ. ამრიგად, ის ემსახურება ჩვენი „სურვილების“ გარჩევას და ორგანიზებას, სამართლიანობისადმი ფხიზელი შიმშილისა და წყურვილის შენარჩუნებას, მათ სასოწარკვეთილებიდან გამოყვანას, გვასწავლის ლოცვასა და პასუხისმგებლობას მოყვასის მიმართ.
წმიდა ავგუსტინე სიღრმისეული სულიერებით გვაძლევს საშუალებას დავინახოთ დაძაბულობა აწმყოსა და მომავალ აღსრულებას შორის, რომელიც გულის საზრუნვას ახასიათებს. იგი ამბობს: „ამქვეყნიურ ცხოვრებაში კაცობრიობას მართებს შიმშილი და სიმართლის წყურვილი, ხოლო დანაყრება ეკუთვნის მომავალ ცხოვრებას… ეს მისწრაფება აფართოებს სულს და ზრდის მის შესაძლებლობას.“
ასე გაგებული მარხვა არა მხოლოდ საშუალებას გვაძლევს, რომ ვმართოთ და განვწმინდოთ ჩვენი სურვილები, არამედ აფართოებს მათ, რათა ღვთისა და სიკეთისკენ იყოს მიმართული.
თუმცა, იმისათვის, რომ მარხვამ სახარებისეული ჭეშმარიტება შეინარჩუნოს და თავიდან აიცილოს გულის ამპარტავნებით ავსების ცდუნება, იგი ყოველთვის რწმენითა და თავმდაბლობით უნდა განვიცადოთ. იგი უნდა ეფუძნებოდეს უფალთან ზიარებას, რადგან „ვინც ღვთის სიტყვით ვერ იკვებება, სათანადოდ ვერ მარხულობს.“
მარხვა, როგორც შინაგანი მოქცევის ხილული ნიშანი, ასევე უნდა მოიცავდეს თავშეკავების სხვა ფორმებს, რომლებიც გვასწავლიან უფრო მოკრძალებულ ცხოვრებას, რადგან „მხოლოდ ასკეტიზმი ხდის ქრისტიანულ ცხოვრებას ძლიერსა და ავთენტურს“.
ამასთან დაკავშირებით, მსურს მოგიწვიოთ ძალიან პრაქტიკულ და ხშირად დაუფასებელ თავშეკავებაზე: შევიკავოთ თავი იმ სიტყვებისგან, რომლებიც ჩვენს მოყვასს აწყენინებს და ტკივილს აყენებს. დავიწყოთ ჩვენი ენის განიარაღებით — მოვერიდოთ მკაცრ სიტყვებსა და ნაჩქარევ მსჯელობას, ცილისწამებასა და იმ ადამიანებზე ცუდის თქმას, ვინც არ არის ჩვენს წინაშე და ვერ იცავს თავს. ამის ნაცვლად, ვეცადოთ გავზომოთ ჩვენი სიტყვები და განვავითაროთ სიკეთე და პატივისცემა ჩვენს ოჯახებში, მეგობრებს შორის, სამსახურში, სოციალურ მედიაში, პოლიტიკურ დებატებში, მედიასა და ქრისტიანულ საზოგადოებებში. ასე სიძულვილის სიტყვებს ჩაანაცვლებს იმედისა და მშვიდობის სიტყვები.
ერთად
და ბოლოს, დიდმარხვა ხაზს უსვამს სიტყვის მოსმენისა და მარხვის დაცვის საერთო განზომილებას. წმიდა წერილი ასევე მრავალი გზით ხაზს უსვამს ამ ასპექტს. მაგალითად, ნეემიას წიგნში აღწერილია, თუ როგორ შეიკრიბა ხალხი რჯულის წიგნის საჯარო კითხვის მოსასმენად და მარხვის დაცვით მოემზადა თავისი რწმენის აღსარებისა და თაყვანისცემისთვის, რათა განეახლებინა აღთქმა ღმერთთან ( ნეემია 9:1-3).
ასევე ჩვენი სამრევლოები, ოჯახები, საეკლესიო ჯგუფები და რელიგიური საზოგადოებები მოწოდებულნი არიან, მარხვაში ერთად იმოგზაურონ — ისე, რომ ღვთის სიტყვის მოსმენა, ასევე ღარიბთა და დედამიწის ღაღადის მოსმენა, გახდეს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილი, ხოლო მარხვა — გულწრფელი მონანიების საფუძველი. ამ კონტექსტში, მოქცევა ეხება არა მხოლოდ ინდივიდის სინდისს, არამედ ურთიერთობების სტილს, დიალოგის ხარისხს, რეალობიდან გამომდინარე კითხვებისთვის მზაობის უნარს და იმის გაცნობიერებას, თუ რა ამოძრავებს სურვილს, როგორც ჩვენს საკრებულოებში, ასევე სამართლიანობასა და შერიგებას მოწყურებულ კაცობრიობაში.
ძვირფასო ძმებო და დებო, ვითხოვოთ მადლი მარხვისა, რომელიც ჩვენს ყურებს უფრო ყურადღებიანს გახდის ღმერთსა და ჩვენს შორის ყველაზე უმცირესების მიმართ. ვითხოვოთ მარხვის ძალა, რომელიც ჩვენს ენასაც შეეხება, რათა შევამციროთ მტკივნეული სიტყვების რაოდენობა და გაიზარდოს სივრცე სხვა ადამიანის მოსასმენად. ასევე, მოვინდომოთ, რომ ჩვენი საკრებულოები იქცნენ ისეთ ადგილებად, სადაც ტანჯულთა გამოძახილი ისმის და სადაც მოსმენა განთავისუფლების გზებს შობს, რათა მზად და მოწადინებულნი ვიყოთ სიყვარულის ცივილიზაციის შენებისათვის.
მთელი გულით გაკურთხებთ თქვენ და დიდმარხვისკენ მიმავალ თქვენს გზას.
ვატიკანი, 2026 წლის 5 თებერვალი.
წმინდა აგატას, ქალწულისა და მოწამის ხსენების დღე.









Comments