პაპ ფრანცისკეს პაპომობილი მისივე სურვილით ღაზას სექტორის ბავშვებს გადასცეს
- catholic.ge
- 5 hours ago
- 1 min read
გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, პაპმა ფრანცისკემ ითხოვა, რომ მისი პაპომობილი, რომლითაც მილიონობით მორწმუნესთან შესახვედრად გადაადგილდებოდა, მოძრავ კლინიკად გადაეკეთებინათ და ღაზას სექტორის ბავშვებისთვის გადაეცათ.

„ბავშვები ციფრები არ არიან, ისინი პიროვნებები არიან თავიანთი ისტორიებით, სახელებით, სახეებით... ყოველი მათგანი წმინდაა“, – ამის შესახებ არაერთხელ უსაუბრია პაპ ფრანცისკეს და მისი სურვილიც, ეს იყო, რომ დახმარებოდა მილიონობით ბავშვს, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი, დარჩენილიყო სამედიცინო მომსახურებისა და განათლების მიღების გარეშე.
პაპომობილი, რომელსაც „იმედის ავტომობილი“ უწოდეს, აღიჭურვება დიაგნოსტიკური მოწყობილობებით, კვლევითი დანადგარებით, სამკურნალო საშუალებებითა და ინფექციების საწინააღმდეგო ექსპრეს ვაქცინებითა და სხვა მნიშვნელოვანი საშუალებებით. უკვე შერჩეულია სამედიცინო პერსონალი, რომლებიც რეგიონის ყველაზე მიტოვებულ ადგილებში მყოფ ადამიანებს დაეხმარებიან.

პაპომობილის მოძრავ კლინიკად გადაკეთება და იმ ხალხისთვის გადაცემა, რომელთაც პაპი მთელი თავისი პონტიფიკატის განმავლობაში, სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებდა, პაპ ფრანცისკეს ერთ-ერთი უკანასკნელი სურვილი იყო.
ცხოვრების ბოლო თვეებში მან „კარიტას იერუსალიმს“ დაავალა ამ კლინიკის მომზადება, რათა ეპასუხა ღაზას სექტორში არსებული ტრაგიკული, ჰუმანიტარული კრიზისისთვის, რომლის გამოც თითქმის მილიონი ბავშვი იძულებით იქნა გადაადგილებული. საშინელი ომის, ინფრასტრუქტურის ნგრევის, დაზიანებული ჯანდაცვის სისტემისა და განათლების ხელმიუწვდომლობის ფონზე, ბავშვები არიან პირველები, ვინც კონფლიქტის ფასს იხდიან. მათ შიმშილი, ინფექციები და სიცოცხლისთვის საშიში სხვა საფრთხეები ემუქრებათ.
„კარიტას იერუსალიმი“, რომელიც ურთულეს პირობებში, წლების განმავლობაში ემსახურება ღაზის მოსახლეობას, კურირებს პაპომობილის გადაკეთების პროცესს. ასზე მეტი თანამშრომლის ჩართულობით, ორგანიზაცია ახორციელებს პაპის პროგრამას, რაც მის უკანასკნელ კურთხევას გადასცემს ღაზას მოსახლეობას.
„ეს მანქანა წარმოადგენს სიყვარულს, მზრუნველობასა და სიახლოვეს, რაც უწმიდესმა უმძიმესი კრიზისის დროს გამოხატა ყველაზე დაუცველების მიმართ,“ — თქვა ანტონ ასფარმა, „კარიტას იერუსალიმის“ გენერალურმა მდივანმა.
შოთა გიქოშვილი
Comments