top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტის ათი წლისთავი - „დიახ, მაგრამ მე ხომ ვარდი მინდოდა?!“

2 minutes ago
4 min read

რამდენი რამის დაწერა შეიძლებოდა, რათა ღირსეულად გაგვეხსენებინა პაპ ფრანცისკეს ჩვენს მიწასა და ეკლესიაში ვიზიტის 10 წლისთავი. თითოეულ ჩვენგანში - განსაკუთრებით მათში, რომელთაც მასთან შეხვედრისა და მისი ხილვის ბედნიერება ხვდათ წილად - უთუოდ ცოცხლობს ის გრძნობები, ემოციები და ფიქრები, რომლებმაც მაშინ ჩვენს გულებში დაისადგურა. დიახ, რამდენი განსხვავებული წამი და ვითარება გვახსენდება: სადღესასწაულო დახვედრა აეროპორტში, წმიდა წირვა სტადიონზე, საკათედრო ტაძარში ყველა თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა, სადაც მან დასმულ შეკითხვებს უპასუხა, ქალდეველთა ეკლესიაში შეკრება და მშვიდობისთვის აღვლენილი ლოცვა, კამილიელთა საძმოში გამართული ცოცხალი და ამაღელვებელი დღესასწაული, სადაც საქველმოქმედო საქმიანობის ყველა მონაწილეს შეხვდა და სხვა მრავალი... რა თქმა უნდა, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა პატრიარქთან და ქვეყნის ხელისუფლებასთან შეხვედრებმა, აგრეთვე მისმა ვიზიტმა მცხეთაში.


ძალიან გამიმართლა, რადგან დროის დიდი ნაწილი მის გვერდით გავატარე. აღფრთოვანებული ვიყავი მისი სულიერი სიმტკიცით, იმ ენთუზიაზმით, რომლითაც ყოველ ახალ შეხვედრას იწყებდა, და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს აქ თავს საკუთარ სახლში გრძნობდა. დროდადრო კვლავაც მახსენდება ის განცვიფრება, როდესაც შემატყობინეს, რომ პაპი საქართველოში ჩამოსვლას დათანხმდა. ბევრ ეპისკოპოსს როდი ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარ ეკლესიაში პაპს ორჯერ უმასპინძლოს. განსაკუთრებით გამომადგა პასუხი, რომელიც ჟურნალ „ჩივილტა კათოლიკას“ (Civiltà Cattolica) იმდროინდელმა რედაქტორმა, მამა ანტონიო სპადარომ - რომელიც მაშინვე მოვიწვიეთ, რათა პაპის ვიზიტის მნიშვნელობაზე დავფიქრებულიყავით - გასცა შეკითხვას: „რატომ მოდის პაპი ამ პატარა ეკლესიაში, როდესაც ამდენი სხვა უშედეგოდ ელის მას?“.

აი, მისი პასუხიც: „როდესაც ექიმს გულის მუშაობის შემოწმება სურს, თითს მაჯაზე ადებს, ანუ სხეულის პერიფერიას მიმართავს, რათა გულისცემა მოისმინოს. წმიდა მამაც იმავეს აკეთებს, ის მიდის პერიფერიაში, რათა გაიგოს, რამდენად გამართულად ძგერს კათოლიკე ეკლესიის გული“. ეს სიტყვები დღესაც მაფიქრებს: სწორედ აქ დევს საიდუმლო იმისა, თუ როგორ უნდა დავინახოთ ნებისმიერი ეკლესიის, მათ შორის, ჩვენი ეკლესიის გულისცემა. დიახ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყურადღების მიპყრობა ყველაზე სუსტ, ნაკლებად გავლენიან, უღარიბეს და ყველასგან მივიწყებულ ადამიანებზე. სწორედ ამით იზომება, რამდენად ცოცხალია საკრებულო, იქნება ეს სამრევლო, სასულიერო თუ ოჯახური ერთობა; ასე უნდა მივუდგეთ თითოეულ ჩვენს საკრებულოს, დიდსა თუ პატარას, მნიშვნელოვანს თუ ერთი შეხედვით უმნიშვნელოს, მდიდარსა და ძლიერს თუ ღარიბს. უნდა გვახსოვდეს სტადიონზე ჩვენთვის ნათქვამი მისი სიტყვები: „ძვირფასო, პატარა და საყვარელო სამწყსოვ“. კვლავაც გვჭირდება იმ მოსიყვარულე მზერის გახსენება, რომლითაც პაპი ფრანცისკე ხშირად სხვებისგან გარიყულ ადამიანებს უმზერდა და სწორედ ასეთივე მზერა მოგვაპყრო თითოეულ ჩვენგანს. ნამდვილად წაგვადგება, თუ ხელახლა გავიაზრებთ და დავაფასებთ ჩვენ შორის უბრალო, ძალაუფლების არმქონე ადამიანებს, რომლებიც ხშირად ჩრდილში რჩებიან. პაპ ფრანცისკეს ვიზიტზე ფიქრისას სულში ცოცხლად გვეხმიანება იესოს სიტყვები: „მოდით ჩემთან, ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგასვენებთ თქვენ; დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდი ვარ და გულით მდაბალი“.


ნეტავ, რა იფიქრა ჩვენზე? რა შთაბეჭდილება გაჰყვა ჩვენი ეკლესიიდან ისეთი, რაც საყოველთაო ეკლესიის უკეთ გაგებაშიც გამოადგებოდა? საკუთარ თავს ეს არაერთხელ ვკითხე და ზუსტი პასუხი არ ვიცი, თუმცა პაპის ყოველი ვიზიტი სწორედ ადგილობრივი ეკლესიის ცხოვრების განმტკიცებაა, გამხნევება და ერთგულებისკენ მიმართული ბიძგია. პაპმა განგვიმტკიცა რწმენა, და ამის წყალობით შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი მრწამსით, ჩვენი ისტორიითა და იმ ნაბიჯებით, რომლებსაც თუნდაც ჯაფით, თუნდაც ზოგჯერ სუსტად და გაუბედავად ვდგამდით და კვლავაც ვდგამთ. შენ კი, ვინც ამ სტრიქონებს კითხულობ, მინდა გითხრა: გახსოვდეს, რომ პაპმა ფრანცისკემ (ხოლო მანამდე წმიდა პაპმა იოანე პავლე II-მ) დაადასტურა და თქვა, რომ შენი რწმენა მართალი და ჭეშმარიტია. არ შეეჭვდე, იამაყე და თავაწეულმა იარე - სწორედ ეს სურდა ეთქვა ჩვენთვის ამ ვიზიტით.



P.S.

მაგრამ რა შუაშია აქ ვარდი?


მინდა გიამბოთ ერთი ამბავი, რომელიც პაპ ფრანცისკეს ჩამოსვლამდე, ვიზიტის მზადების პროცესში მოხდა. მოგეხსენებათ, ორიოდე თვით ადრე ვატიკანიდან ყოველთვის ჩამოდის კომისია, რათა მგზავრობის ყოველი დეტალი ადგილზე დააზუსტოს. კომისია ხვდება და უსმენს ადგილობრივ ეკლესიასა და ნუნციატურას, აგრეთვე ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც პროცესში იქნება ჩართული (მთავრობას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ა.შ.). კურიის წევრებთან ერთად, გადავწყვიტეთ, რაიმე ახალი შეგვეთავაზებინა, არა მხოლოდ იმისთვის, რომ იოანე პავლე II-ის მარშრუტი არ გაგვემეორებინა, არამედ უპირველესად იმისთვის, რომ შეხვედრა კიდევ უფრო მშვენიერი და დაუვიწყარი ყოფილიყო და მასში რაც შეიძლება მეტ მორწმუნეს მიეღო მონაწილეობა.


ჩვენი წინადადება ასეთი გახლდათ: ვიზიტის ნაწილი თბილისში წარმართულიყო, ხოლო წმიდა წირვა აღვლენილიყო ახალციხეში, რაბათის ციხეზე, სადაც დასაჯდომი ადგილები მოეწყობოდა და ირგვლივ გიგანტური ეკრანები დამონტაჟდებოდა. რატომ? რათა ხაზი გაგვესვა ამ რეგიონის (მესხეთ-ჯავახეთის) მნიშვნელობისთვის ჩვენი ეკლესიის თვალში; უამრავი ადამიანისთვის, რომელთა დიდი ნაწილი ხანდაზმულია, გრძელი გზა აგვერიდებინა; მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა საქართველოს ულამაზესი კუთხე, რომელიც ხშირად მივიწყებული და ნაკლებად დაფასებულია; და ამ რეგიონისთვის დაუვიწყარი, ამაღელვებელი დღე გვეჩუქებინა. კომისიის პირველ შეხვედრას ვერ დავესწარი, მაგრამ რამდენჯერ წარმომიდგენია ის ზეიმი, რომელიც შეიძლებოდა დაბადებულიყო, სიხარული, რომელსაც ერთმანეთს გავუზიარებდით, და მრავალთა სიხარულის ცრემლით სავსე თვალები. წმიდა მამის გადასაყვანად საჭირო ვერტმფრენებიც კი მოძიებული მქონდა... მითხრეს, რომ კომისიამ, ნუნციატურის აზრის გათვალისწინებით, თბილისში დარჩენის ვარიანტი არჩია.


რამდენიმე დღეში მეორე შეხვედრას დავესწარი. მთელი ჩემი ენთუზიაზმითა და ენერგიით დავიცავი ჩვენი ინიციატივა, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო... ახალ წამოწყებასთან დაკავშირებული რისკის შიში იგრძნობოდა. ეს გადაწყვეტილება გულისტკივილით მივიღე და ყველანი მთელი არსებით თბილისის გეგმის მომზადებას შევუდექით. ბოლოს ვატიკანის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მონსინიორმა მითხრა: „თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ასე მომზადებული ვიზიტი მშვენიერი იქნება, ნუ შიშობთ, კმაყოფილი უნდა იყოთ“. მე კი ვუპასუხე: „იცით, რა არის ვარდი? მე ვარდები მიყვარს. თქვენ კი ახლა ორქიდეას მთავაზობთ. შესაძლოა, ვინმესთვის ორქიდეა ვარდზე მშვენიერიც იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვარდი მინდოდა. მე კი ორქიდეა მომცეს... ლამაზია, მაგრამ მაინც ორქიდეაა და არა ვარდი“. შემდეგ მას სხვადასხვა ყვავილისგან შეკრული თაიგული ვაჩუქე და ვუსურვე, ცხოვრებაში მრავალი ყვავილი შეხვედროდა.


ერთი გულდასაწყვეტი რამ დამრჩა: აეროპორტში, რომში გამგზავრების წინ, მინდოდა პაპისთვის თეთრი ვარდი მიმეწოდებინა და მეთხოვა, თვითმფრინავში თან ჰქონოდა, რათა ჩვენს ეკლესიაზე ეფიქრა და ელოცა. ეს ვერ შევძელი!.. თუმცა შესაძლოა - თითქმის დარწმუნებულიც ვარ - თავად პაპსაც ვარდი სურდა. ძალიან გამიხარდა, როდესაც მისი გარდაცვალების შემდეგ მის საფლავზე თეთრი ვარდების თაიგული ვიხილე.


+ ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი 

ჟურნალი "საბა", 2026, სექტემბერი

Comments


bottom of page